#კინო

უეს ანდერსონის მოკლემეტრაჟიანი სამეცნიერო ფანტასტიკა უკვე Netflix-ზეა

გაზიარება:

უეს ანდერსონისა და როალდ დალის დუეტის ხსენებისას, ხშირად გაიგონებთ, რომ ამ ორის კოლაბორაცია მაღლა გადაწყდა, სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია იმის ახსნა, თუ როგორ გადაიკვეთა მაინც და მაინც იმ ორი ადამიანის გზები, რომლებიც თავიანთი შემოქმედებით, თითქოს და ერთმანეთს ავსებენ. Fantastic Mr. Fox-ის გამოსვლიდან 14 წლის შემდეგ, ფანტასტიკური უეს ანდერსონი როალდ დალის სხვა ისტორიის ადაპტაციასაც გვთავაზობს, თანაც ყველასათვის მოულოდნელად.

The Wonderful Story of Henry Sugar გახლავთ დალის ოთხი მოთხრობიდან ერთ-ერთი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ანდერსონის ეკრანიზაციით Netflix-ზე გამოჩნდა. რაც შეეხება, იმ სამ ადაპტაციას: The Swan-ს, The Rat Catcher-სა და Poison-ს, როალდის მოთხრობების პრემიერა საკაბელო არხზე კვირის განმავლობაში შედგება. თითოეული მათგანი ფანტასტიკური ჟანრის ისტორიას წარმოადგენს, რაც Charlie and the Chocolate Factory-სა და Matilda-ს მწერლის გულშემატკივრისთვის უცხო სულაც არ იქნება. 

Henry Sugar, მთავარ როლში ბენედიქტ კამბერბეჩის მონაწილეობით, ერთი უსაქმური, საკუთარ თავში ჩაძირული მილიონერის ისტორია გვიყვება, რომელიც სრულიად შემთხვევით აღმოაჩენს წიგნს კაცზე, რომელმაც დანახვა თვალების გარეშე ისწავლა. ჰენრის უმალვე უჩნდება სურვილი, თავადაც დაეუფლოს ამ ხელოვნებას და ის პირადი მიზნებისა და სარგებლისთვის გამოიყენოს. ეს ერთი შეხედვით კომედიური ჟანრის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, უეს ანდერსონის სხვა ისტორიების მსგავსად, ყურადღებას ფორმასა და ემოციურ ჭეშმარიტებაზე ამახვილებს, რომლის აღმოჩენასაც მაყურებელი რეჟისორის ხელწერად ქცეული სიმეტრიული კადრების მიღმა შეძლებს. 

უეს ანდერსონის უკანასკნელი ეკრანიზაციის Asteroid City-ის ტრიუმფის შემდეგ, რეჟისორი, Henry Sugar-ში გადაღების თეატრალურ რაკურსს ორმაგი დოზით იყენებს. მოკლემეტრაჟიან ფილმში ისტორია რამდენიმე მთხრობლის მეშვეობითაა მოთხრობილი, ერთი მხრივ ჩვენ ვისმენთ მწერლის მიერ ჰენრი შუგარის ისტორიას, რომელიც თავად დოქტორ ჩატერჯის ამბავს გვიამბობს, რომელიც იმავდროულად იმდად ხანის თავგადასავალზე ყვება. 

ანდერსონის ჯადოსნობა დიდი ხანია მდგომარეობს იმაში, თუ როგორ უმტკივნეულოდ ახერხებს ის დაგვაბრმაოს თავის ტექნიკური ოსტატობით და ემოციური დარტყმები თავიდან აგვარიდოს. მიუხედავად მოკლემეტრაჟიანი ფორმატისა, Henry Sugar როგორღაც ახერხეს დაგვანახვოს უეს ანდერსონის შემოქმედებითი სიმაღლე და დახვეწილი უნარები, დალის ახირებული ამბის გადმოსაცემად. Henry Sugar, უდავოდ, იმსახურებს იდგეს ანდერსონის სხვა საკულტო ნამუშევრების გვერდით.

ზევით