#კინო

პენელოპე კრუსის საუკეთესო შესრულება პედრო ალმადოვარის Parallel Mothers-ში

გაზიარება:

ისტორიას დედები ქმნიან - მათ გარეშე ცივილიზაცია ერთი ნაბიჯითაც ვერ წაიწევდა წინ! პედრო ალმადოვარის ახალი, საოცრად დახვეწილი და მრავლისმთქმელი ფილმი Parallel Mothers პირველად ვენეციის 78-ე კინოფესტივალზე გამოჩნდა და კინოკრიტიკოსთა თუ მაყურებელთა სიმპათია ნახვისთანავე დაიმსახურა.

ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს პენელოპე კრუსი და მილენა სმიტი ასრულებენ, სამშობიაროში გაცნობილი მომავალი დედების ისტორიას გვიამბობს. ორი ქალი, განსხვავებული წარსულით სხვადასხვანაირ მომავალს უქმნიან ბავშვებს. ქალები, რომლებიც ახალ ამპლუას, სიცოცხლის დაბადებასა და გარდამავალ პროცესებს ერთად გადიან, ერთ დღეს მშობიარობენ და აცნობიერებენ, რომ ამ უცნაურ პოსტსამშობიარო პერიოდს ერთმანეთის გარეშე ვერ გაივლიან.

ისტორია, რომელსაც ალმოდოვარი გვიამბობს, შოკისმომგვრელი აღმოჩენითა და საიდუმლოებებითაა სავსე. დედობას ნამდვილად შესწევს იმის ძალა და უნარი გააერთიანოს ორი ქალი, თუმცა მას მოვლენების მელოდრამატულად წარმართვის უნარიც გააჩნია, რაც პედრო ალმოდოვარს ასე ძალიან იზიდავს.

Parallel Mothers უსაზღვროდ ნაზი ფილმია. ეს არის დედობისთვის მიძღვნილი იშვიათი ოდა, რომელიც დედებს ჯერ ქალებად, შემდეგ კი თავად დედებად სცნობს. ქალები, ალმოდოვარის სამყაროს ამომავალ წერტილს წარმოადგენენ და რეჟისორის კინოსამყაროც მთლიანად მოცულია მათდამი სიყვარულითა და პატივისცემით.

პენელოპე კრუსი ათწლეულების განმავლობაში პედრო ალმადოვარის რჩეული გახლდათ, რეჟისორის აღმოჩენა, რომელიც ყოველთვის დიდი პატივით ასრულებს მისთვის დამტკიცებულ როლებს. პენელოპესა და პედროს დუეტის წარმატებას მათი უსიტყვო ურთიერთგაგება და მუშაობის პროცესის დინამიკაც განაპირობებს. ისინი ყოველთვის ახერხებენ შექმნან დაუვიწყარი კინოსურათი, მძაფრი ემოციებითა და შეგრძნებებით. თუმცა ის, რაც მსახიობმა და რეჟისორმა Parallel Mothers-ში შექმნეს, თავისი უნიკალურობით ენით აღუწერელია.

პენელოპე კრუსი იდეალურად ითავისებს პერსონაჟის ბუნებას, მის ტკივილსა და სიხარულს და ამავდროულად გრძნობს ამბის კომპლექსურობას. მუქად შეღებილი თვალებით მსახიობი მაყურებელს პედრო ალმოდოვარის იდუმალ გზავნილს აწვდის და ყველა, ვინც მზადაა მიიღოს მათ მიერ ნაჩვენები სიყვარული, ამას აუცილებლად მიხვდება.

საოცრად შრომისმოყვარე და მიზანდასახული მსახიობის, პენელოპე კრუსის სახელის ხსენებისას მისი უბადლოდ შესრულებული როლებიც ამოგვიტივტივდება თავში. თუმცა ის, რაც მსახიობმა ახალ ფილმში მოახერხა, ის ოსტატობა და დონე, რაც Parallel Mothers-ში გამოავლინა, ჯერ არ გვინახავს.

ზევით