#კინო

პირველი კადრები ჯეინ ოსტინის რომანის ადაპტაციიდან

გაზიარება:

გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ Netflix-ი ცნობილი ამერიკელი მწერლის ჯეინ ოსტინის კიდევ ერთი რომანის Persuasion-ის მიხედვით ეკრანიზაციას გადაიღებდა. სიახლესთან ერთად გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალ ადაპტაციაში მთავარ როლებს დაკოტა ჯონსონი და Crazy Rich Asians-ის ვარსკვლავი ჰენრი გოლდინგი შეასრულებდნენ.

სასიამოვნო სიახლის გავრცელებიდან ერთი წლის შემდეგ, ისტორიული დრამის მოყვარულებს Netflix-მა ეკრანიზაციის პირველი ფოტოები გაუზიარა და პრემიერის თარიღიც გაანდო - ჯეინ ოსტინის ახალი ადაპტაცია დიდ ეკრანებზე 2022 წლის 15 ივლისს გამოჩნდება.

Persuasion-ის რეჟისორი კერი კრეკნელია, მისთვის ჯეინ ოსტინის ერთ-ერთი რევოლუციური რომანიც მიხედვით გადაღებული ფილმი, სადებიუტო სრულმეტრაჟიანი კინონაწარმი იქნება. კერის ფართო საზოგადოება ბროდვეის სპექტაკლებიდან იცნობს, განსაკუთრებული პოპულარობა კრეკნელს Sea Wall/ A Life-მა მოუტანა, რომელშიც მთავარ როლს ჯეიკ ჯილენჰოლი ასრულებდა.

1817 წლით დათარიღებული ნოველა Persuasion, ჯეინ ოსტინის უკანასკნელ ნამუშევრად არის მიჩნეული. ისტორიის მთავარი გმირი ენი ელიოტია, ძლიერი და თავდაჯერებული ქალი, რომელიც გაკოტრების პირას მყოფ ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ენი ძველ სიყვარულს შემთხვევით ხვდება და სწორედ მაშინ იწყება მისი გულისა და გონების დაპირისპირება, დატოვებს თუ არა ენი ელიოტი წარსულს წარსულში თუ ის გულის კარნახს დაუგდებს ყურს და ძველ სიყვარულს ახალ შანს მისცემს? - ამ კითხვებზე პასუხს 15 ივლისს შევიტყობთ.

2022 წლის ადაპტაციის სინოფსისის თანახმად, ეკრანიზაციას თანამედროვე, მახვილგონივრული მიდგომა ექნება, მაგრამ მაინც დარჩება ჯეინ ოსტინის კლასიკური რომანის ერთგული.

ზევით