#მუსიკა

POSTRED-მა HBO-ს ტელეშოუ THE IDOL-ის ხმის დიზაინზე იმუშავა

გაზიარება:

აუდიო პოსტ-პროდუქციის ქართულმა კომპანია POSTRED-მა HBO-ს კიდევ ერთ მეგაშოუს ხმის დიზაინზე იმუშავა! Euphoria-ს შემქმნელის სემ ლევინსონის ახალი ტელეშოუ, რომლის პრემიერაც კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა და რომელსაც უკვე მომლოდინეთა მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს, შემოქმედებით გუნდში ქართულ კომპანიასაც აერთიანებს.

სიახლე საზოგადოებას POSTRED-ის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა: „განიცადეთ ვარსკვლავური შემადგენლობის მაგნეტიზმი, რომელსაც იდუმალი აბელ ტესფაი, საზოგადოდ ცნობილი, როგორც The Weeknd, და მომხიბვლელი ლილი-როუზ დეპი ხელმძღვანელობენ. მათი პერფორმანსი უდავოდ პირველივე სცენიდან დაგატყვვევებთ. ეს იყო შესანიშნავი მოგზაურობა ლეგენდარულ Wylie Stateman-თან და Soundelux-ის ფენომენალურ გუნდთან ძალების გაერთიანებისა“ - ნათქვამია განცხადებაში.

ქართული კომპანია POSTRED, რომლის დამფუძნებლადაც ხმის დიზაინერი ბესო კაჭარავა გვევლინება, კინოინდუსტრიის ქართულ ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა და პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდისა და დაუღალავი შრომის წყალობით, მალევე გლობალურ ბაზარზეც გაიჭრა. POSTRED-ის სახელთან ამ დროისთვის არა ერთი გახმაურებული პროექტი ასოცირდება, მათ შორის: HBO-ს Euphoria და ახლა უკვე The Idol-იც, მაიკ მილსის C’mon C’mon მთავარ როლში ხოაკინ ფენიქსის მონაწილეობით, ცნობილი ჰოლივუდური საშინელებათა ფილმის Scream-ის ბოლო ნაწილი, ხმის დიზაინის ქართული სტუდია აგრეთვე დაკავშირებულია ისეთ წარმატებულ ქართულ პროექტებთან, როგორებიცაა ლევან აკინის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ და ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“.

ზევით