#კინო

ყველაფერი, რაც „მხევლის წიგნის“ მე-5 სეზონის შესახებ უნდა იცოდეთ

გაზიარება:

სულ რამდენიმე კვირა გვაშორებს „ემის“ მფლობელი დისტოპიური დრამის - „მხევლის წიგნის“ მე-5 სეზონის გამოსვლამდე და Hulu სრული ტრეილერის გამოქვეყნებით, ჩვენ მოლოდინს აორკეცებს. ჯუნ ოსბორნი რომ შურისძიების ნამდვილ სინონიმად იქცა, ეს სერიალის ერთგული მაყურებლისთვის ნათელია, თუმცა ჯუნის მოგზაურობა გილიადის განადგურების გზაზე ჯერაც არ დასრულებულა, მეტიც, ყოფილი მხევალი ახლა იმაზე განრისხებულია, ვიდრე ოდესმე.

მე-4 სეზონის შოკისმომგვრელი ფინალის შემდეგ, რომელმაც ფრედ უოტერფორდის სიცოცხლე ჯუნის და სხვა ქალების ხელით იმსხვრპლა, სერიალის პროტაგონისტს შედეგებისთვის თვალის გასწორება მოუწევს, სანამ ჯერ კიდევ იბრძვის საკუთარი ვინაობისა და მიზნების განსაზღვრაზე. ტრეილერში გილიადის ერთ-ერთი მეთაურისგან ვისმენთ: „ჯუნ ოსბორნი კიბოა, რომელიც უნდა ამოიძირკვოს“ და ამ საქმეში ფრედ უოტერფორდის ქვრივი - სერენა, მთავარ როლს შეასრულებს. რეალური დაპირისპირება, რომელიც პირველი სეზონიდან ჯუნსა და სერენას შორის დაიწყო, სწორედ მე-5 სეზონში მიიღებს ჭეშმარიტ სახელს, საქმე ორი ქალის ბრძოლასთან გვაქვს და შეუქცევადი პროცესებისთვის უნდა მოვემზადოთ.

როგორც შოუს შემქმნელმა ბრიუს მილერმა განაცხადა, „მხევლის წიგნის“ მე-5 სეზონი „აუცილებლად სოფის არჩევანი იქნება, რადგან ჩვენ იმ ადამიანთან ერთად უნდა გავაგრძელოთ არსებობა, ვინც ეს არჩევანი გააკეთა“. 

რა თქმა უნდა, ბრძოლისთვის მზადაა ჯუნიც, როგორც ტრეილერიდან ირკვევა, ის და ლუკი მზად არიან წართმეული ქალიშვილის გადასარჩენად გილიადის მომაკვდინებელ საზღვრებშიც კი დაბრუნდნენ იმისათვის, რომ ჰანა გაათავისუფლონ. ტრეილერში ვხედავთ ნიკსაც, რომელიც დიდი ალბათობით კიდევ ბევრჯერ იხსნის ჯუნის სიცოცხლეს და შემდეგ სიბნელეში გაუჩინარდება...

Hulu-ზე „მხევლის წიგნის“ ახალი სეზონის პრემიერა 2022 წლის 14 სექტემბერს ორი ეპიზოდით შედგება, ყოველ შემდეგ კვირას კი თითო ეპიზოდის ხილვის საშუალება მოგვეცემა. ჯერჯერობით უცნობია სულ რამდენი ეპიზოდისგან იქნება მე-5 სეზონი შემდგარი, თუმცა თუკი წინა სეზონების სტატისტიკას გადავავლებთ თვალს, სავარაუდოა, რომ წინ 10 სუნთქვა შემკვრელი სერია გველოდება.

ზევით