რა არ ვიცით მერილ სტრიპის შესახებ

რა ვიცით მერილ სტრიპის შესახებ? ის, რომ გოგონა ნიუ ჯერსიდან ჩვენი ეპოქის ერთ-ერი საუკეთესო მსახიობია! ისიც, რომ დღეს 71 წლის გენიალური მსახიობის ანგარიშზე, კინო აკადემიის ჯილდოს ისტორიაში ყველაზე მეტი - 21 ნომინაცია, 3 ოსკარი, 7 ოქროს გლობუსი და სხვა უამრავი ჯილდოა. ისიც ვიცით, რომ სტრიპის 42 წლიანი ქორწინება მოქანდაკე დონ გამერთან, Hollywood-ში ერთ-ერთ ყველაზე სამაგალითოდ ითვლება. შესაძლოა მის თვალწარმტაც კარიერას აქტიურად აკვირდებით, მაგრამ მსახიობის შესახებ ბევრი რამ არ გეცოდინებათ, მაგალითად ის, რომ დაბადების მოწმობის მიხედვით მისი სახელი მერი გახლავთ. მერილი მსახიობს მამამ ხუმრობით შეარქვა.

"ჩირლიდერი" მერილი

ბევრმა არ იცის, რომ სამსახიობო თამაშის, მუსიკალური, თუ სხვა ბევრი ნიჭის პატრონი, სკოლაში საფეხბურთო გუნდის მხარდამჭერი გოგონების ჯგუფის კაპიტანი გახლდათ. “მერილი სკოლის პოპულარობას როლივით მიუდგა. ის იყო ჩირლიდინგის გუნდის კაპიტანი, მონაწილეობდა ყველა სასკოლო დადგმაში და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ მეტი გამოცდილება მიეღო” - წერს მაიკლ შულმანი, რომელმაც მსახიობის შესახებ წიგნი სახელწოდებით "Her again" დაწერა.

ბევრი ნიჭის პატრონი, სკოლაში საფეხბურთო გუნდის მხარდამჭერი გოგონების ჯგუფის კაპიტანი გახლდათ.

მერილმა საკუთარი სახელი დააპატენტა

2018 წელს, მერილმა ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო ნიშნის ოფისში, განაცხადი საკუთარი სახელის დაპატენტებაზე შეიტანა. ერთ-ერთი ტაბლოიდის ცნობით, მას განაცხადი სულ რაღაც 275 აშშ დოლარი დაუჯდა. სავაჭრო ნიშნის მიღების შემთხვევაში, მსახიობს კინო ინდუსტრიაში თავის სახელზე საავტორო უფლება ექნება.

მერილის 2 ქალიშვილი ასევე მსახიობია

მსახიობს და მის მოქანდაკე მეუღლეს 4 შვილი ჰყავთ. მათი უფროსი ვაჟი - ჰენრი უოლფი მუსიკოსია, უმცროს ქალიშვილს კი წარმატებული სამოდელო კაიერა აქვს. შუათანა ქალიშვილებმა კი დედის ნაკვალევის გაყოლა გადაწყვიტეს და ორივე მსახიობი გახდა. მამიმ სამსახიობო კარიერა ტელე შოუში "Emily Owens, MD” მცირე როლით დაიწყო, გრეისი კი ისეთ ცნობილ შოუებში მოგვევლინა, როგორებიცაა "The Newsroom" და "Mr. Robot."

მერილი იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.

იელის უნივერსიტეტის დიპლომი

მერილ სტრიპი Hollywood-ში ის იშვიათი გამონაკლისია, ვისაც არამც თუ 1, არამედ 2 უნივერსიტეტის დიპლომი აქვს. ვასარის კოლეჯის საბაკალავრო კურსის დასრულების შემდეგ, სტრიპმა 1975 წელს იელის უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტი დახურა.

ოპერის მომღერალი

მსახიობი, რომელიც ისეთ მიუზიკლებში გვევლინება, როგორებიცაა “Mamma mia”, და “In to the woods”, თინეიჯერობის ასაკში ოპერაში მღეროდა. 13 წლის ასაკში მას დიდ მუსიკალურ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ.

იმპროვიზაცია ეკრანზე

მერილი იმითაცაა ცნობილი, რომ ფილმზე მუშაობისას, ის გმირის როლს 100%-ით ირგებს. მსახიობმა კინოაკადემიის ჯილდო პირველად ცნობილ დრამაში “Kramer vs. Kramer” შესრულებული როლისთვის მიიღო. სტრიპმა სასამართლო პროცესის სცენისთვის დაწერილი მონოლოგის წაკითხვაზე უარი განაცხადა: “ეს არის კაცის სიტყვები, რომელიც ცდილობს ქალის ენით საუბარს” - აღნიშნა მსახიობმა და ცნობილი სცენისთვის მონოლოგი თავად მოამზადა. სხვათაშორის, ფილმის გადაღებისას სტრიპი ჯერ კიდევ დამწყები მსახიობი გახლდათ, მისი პარტნიორი - დასტინ ჰოფმანი კი უკვე კინო ვარსკვლავად ითვლებოდა. ჰოფმანმა უკმაყოფილებაც კი გამოთქვა იმის თაობაზე, რომ მის მეწყვილედ მერილი შეარჩიეს. დიახ, მერილი, რომელმაც მთელი კინო ეპოქა შექმნა!

ზევით