#მუსიკა

საქართველოს წარმომადგენელი „ევროვიზიაზე“ - რა ვიცით Circus Mircus-ის შესახებ?

გაზიარება:

2021 წელს, „ევროვიზიაზე“ იტალიური როკჯგუფის Måneskin-ის სრული ტრიუმფის შემდეგ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსს სწორედ იტალიის ქალაქი ტურინი მასპინძლობს. საერთაშორისო პროექტის რიგით 66-ე კონკურსი გასულ ღამეს დაიწყო, პირველმა ნახევარფინალურმა შოუმ 10 კონკურსანტი გამოავლინა (შვეიცარია, სომხეთი, ისლანდია, ლიეტუვა, პორტუგალია, ნორვეგია, საბერძნეთი, უკრაინა, მოლდოვა და ნიდერლანდები), რომლებიც გამარჯვებისთვის ფინალურ ეტაპზე იბრძოლებენ. 

დღეს, „ევროვიზიის“ მეორე ნახევარფინალს მეტი ენთუზიაზმით ვხვდებით, რადგან სწორედ დღეს მე-5 ნომრად ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენლების Circus Mircus-ის გამოსვლას ვიხილავთ. საქართველო საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში წელს მე-14 იღებს მონაწილეობას, მუსიკალურ ჯგუფს კი მე-5-ედ წარადგენს.

2022 წლის „ევროვიზიის“ ნახევარფინალზე ქართველი წარმომადგენლები სიმღერით Lock Me In წარდგებიან, თუმცა მანამ სანამ მუსიკოსების გამოსვლას მილიონობით მაყურებელთან ერთად ვიხილავდეთ, მეტი შევიტყოთ Circus Mircus-ის შესახებ.

რა არის Circus Mircus?

Circus Mircus-ის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი, მათ ოფიციალურ Facebook გვერდზეც კი მუსიკოსების სახეები დაფარულია. ის რისი თქმაც დანამდვილებით შეგვიძლია ის გახლავთ, რომ ჯგუფი სულ ოთხი წევრისგან შედგება და Circus Mircus 2020 წელს ჩამოყალიბდა, მას შემდეგ რაც მისმა წევრებმა ადგილობრივი ცირკის აკადემია მიატოვეს.

„ჩვენ არ ვიყავით საკმარისად კარგები, ალბათ ყველაზე უარესები გუნდში, სწორედ ამიტომ დავმეგობრდით“ - Circus Mircus

ჯგუფის უცნობი წევრების ეტაპობრივად გაცნობა Circus Mircus-ის კონცეფციის ორიგინალური ნაწილი გახლდათ. კითხვაზე, თუ რა არის Circus Mircus, ჯგუფის წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ გასულ წელს გაგვცეს პასუხი: „ეს არის მოძრაობა, რომელიც აერთიანებს ათობით სხვადასხვა დარგის პროფესიონალს. მათი მიზანია, შექმნან აქამდე არნახული აუდიო-ვიზუალური გამოცდილება. მათი ფილოსოფიის ქვაკუთხედი კი მდგომარეობს მუსიკალური ჩარჩოების სრულ უგულებელყოფაში“.

ზევით