#კულტურა #კინო

რას ვუყუროთ? - აგვისტოს თვის 5 მთავარი პრემიერა

გაზიარება:

კინომოყვარულებისთვის ზაფხულის უკანასკნელი თვე განსაკუთრებულად სასიამოვნოა, მას ხომ შეუდარებელი პრემიერები, ბრწყინვალედ შესრულებული როლები და წარმოუდგენელი ისტორიები ახლავს თან. 

Annette

პრემიერის თარიღი: 12 აგვისტო

ლეოს კარაქსის მიუზიკლი Annette კანის 74-ე ფესტივალის გამხსნელ ფილმად მოგვევლინა. ტრაგიკული სიუჟეტის, აბსურდული იუმორისა და სიურეალისტური გარემოებების მთავარი მოქმედი გმირები ადამ დრაივერი და მარიონ კოტიარდი არიან. ფილმმა კინოფესტივალზე ჟიურისა და კრიტიკოსების საკმაოდ კარგი შეფასება დაიმსახურა და IMDB-ის რეიტინგით, თრეილერითა და სამსახიობო შემადგენლობით, ჩვენთვის Annette უდავოდ არის ფილმი, რომელსაც მოუთმენლად ველით.

CODA

პრემიერის თარიღი: 13 აგვისტო

შოუ მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული გოგოს რუბის ისტორიას მოგვითხრობს, რომლის დედ-მამა და ძმა სმენადაქვეითებულები არიან, ერთ დღესაც რუბის უწევს სერიოზული გადაწყვეტილების მიღება: მიყვეს ოცნებას თუ დარჩეს ოჯახთან და განაგრძოს მათზე ზრუნვა? დილემა 17 წლის გოგოსთვის ზედმეტად რთულ ამოცანას წარმოადგენს, თუმცა ყველაფერი ზუსტად ისე ხდება, როგორც უნდა მოხდეს.

Nine Perfect Strangers

პრემიერის თარიღი: 18 აგვისტო

Big Little Lies შემქმნელები ახალ დამაინტრიგებელ შოუს წარმოგვიდგენენ და როგორც თრეილერიდან ჩანს, Nine Perfect Strangers აქვს ყველაფერი რის გამოც მისი წინამორბედი ასე ძალიან შევიყვარეთ, მაყურებლებმაც და კრიტიკოსებმაც. ავსტრალიელი მწერლის, ლიანა მორიარტის კიდევ ერთი წიგნის ეკრანიზაციაში, მთავარ როლს ამჯერადაც შეუდარებელი ნიკოლ კიდმანი ირგებს, თუმცა ბევრად მისტიკურ გარემოებაში. 

პროექტი სპა-კურორტის დამსვნებელებისა და მთავარი მკურნალის ისტორიის შესახებ მოგვითხრობს, არის კი საჭირო ყველა კარის გაღება უცნობებისთვის? - ამას 18 აგვისტოდან შევიტყობთ.

The Chair

პრემიერის თარიღი: 20 აგვისტო

სანდრა ოს მთავარ როლში ხილვა უკვე იმედისმომცემი სხივია, ახალ პროექტში სახელად The Chair, სანდრა, პროფესორ ჯიუნ კიმის როლში გვევლინება, რომელიც ტრიუმფალურად, პემბრუკის უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრის პირველ ქალ წარმომადგენლად გვევლინება. ახალი პოსტის დაკავებით განცდილი სიხარული დიდხანს არ გრძელდება, რადგან კიმს აკადემიურ გარემოში გაბატონებული სექსიზმის წინააღმდეგ წასვლა და ლიდერის რეპუტაციის მოპოვება მოუწევს.

Truth Be Told

პრემიერის თარიღი: 20 აგვისტო

რამდენად კარგად ვიცნობთ ჩვენს ძველ მეგობრებს, თუ რაც ვიცით, იმის დანახვის უფლებაც თავად მათ მოგვცეს? Truth Be Told-ის, კრიმინალური დრამის მეორე სეზონი სწორედ ამ თემის შესახებ გვიამბობს. კეტლინ ბარბერის რომანის მიხედვით გადაღებული ტელესერიალის პრემიერა 2019 წელს შედგა და მაყურებლის გული მარტივად მოიგო, სერიალი არც კრიტიკოსებისთვის დარჩენილა შეუმჩნეველი და საკმაოდ კარგი შეფასებით Truth Be Told ახალი სეზონით გვიბრუნდება.

ზევით