#კინო

რატომ გაიფიცნენ კინომსახიობთა გილდიის წევრები და სცენარისტები ჰოლივუდში?

გაზიარება:

დიდ სტუდიებსა და სცენარის/მსახიობებს შორის ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, ჰოლივუდი ჩიხში შევიდა, ათწლეულების განმავლობაში პირველად, მწერლებიც და მსახიობებიც უკეთესი კონტრაქტების მოთხოვნით გაიფიცნენ და ქუჩაში გამოვიდნენ. ამ წუთებში, ჰოლივუდში შეჩერებულია გადაღებები, პრემიერები, მსახიობები პირდაპირ გადასაღები მოედნებიდან და წითელი ხალიჩებიდან იფიცებიან, SAG-AFTRA-ს სამსახიობო გილდიის ათიათასობით წევრი კი მშვიდობიანი პროტესტის ფორმით საკუთარი უფლებებისთვის იბრძვის, განვითარებული მოვლენები ბევრს ცნობილი ანთოლოგიის Black Mirror-ის ახალ სეზონსაც კი ახსენებს...

ეს პირველი შემთხვევაა 1980 წლიდან, როდესაც ჰოლივუდის ყველაზე დიდი პროფკავშირი SAG-AFTRA, რომელიც 160,000-ზე მეტ კინოსა და ტელევიზიის მსახიობს აერთიანებს, გაიფიცა. მსახიობთა გილდია 14 ივლისიდან შეუერთდა მწერალთა პროფესიული კავშირის, WGA-ს, პროტესტს, რომლებიც მინიმალური ხელფასის ზრდას და გარანტიებს ითხოვდნენ, იმის თაობაზე, რომ მათ უახლოეს მომავალში ხელოვნური ინტელექტი AI არ ჩაანაცვლებთ.

მას შემდეგ, რაც სტუდიები აქტიურად განიხილავდნენ მსახიობების დაქირავებას და მომავალში ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მათ დუბლირებას უსასრულოდ, მსახიობებმა AI-ს გავლენის შემცირება მოითხოვეს. 63 წლის შემდეგ, მსახიობების ყველაზე მასშტაბური პროტესტი სტრიმინგ სერვისების საკითხთანაც მჭიდროდაა დაკავშირებული. წლების წინ, მაშინ, როდესაც ეკრანებზე Friends და The Sopranos სატელევიზიო შოუები გადიოდა, მსახიობები სერიალის ყოველი პრემიერის შემდეგ იღებდნენ დამატებით ანაზღაურებას. ეს მოცემულობა რადიკალურად შეიცვალა ტელევიზიიდან სტრიმინგზე გადასვლის შემდეგ, რამდენად პოპულარულიც არ უნდა იყოს შოუ, მსახიობები ამისთვის დამატებით ანაზღაურებას ვერასდროს აიღებენ.

იგივე სიტუაციაა ორიგინალური კონტენტის მქონე სტრიმინგ პლატფორმებზეც, Heartstopper-ის, Sex Education-ის, Narcos-ის, Squid Game-სა თუ Netflix-ის სხვა შოუების მსახიობები, სერიალის უსაზღვრო პოპულარობის მოპოვების შემდეგაც კი არ იღებენ დამატებით ანაზღაურებას.

ის დიდებული დღეები, როდესაც Friends-ის მსახიობები თითო ეპიზოდში $1 მილიონს იღებდნენ წარსულს ჩაბარდა...

კინომსახიობთა გილდიის გაფიცვა ეხება მხოლოდ მათ, ვინც ამჟამად აშშ-ში კინოში ან ტელევიზიაში მუშაობს. სცენის მსახიობებს უფლება აქვთ გააგრძელონ მუშაობა, ისევე როგორც მათ, ვინც მუშაობენ Equity-ში, გაერთიანებული სამეფოს SAG-AFTRA-ს ეკვივალენტში. House of the Dragon-ის - HBO-ს გახმაურებული Game of Thrones სპინ-ოფის გადაღებები დიდ ბრიტანეთში გრძელდება, ანალოგიური მდგომარეობაა Dune-ის სპინ-ოფზეც, მოსალოდნელია რომ მისი გადაღებები ბუდაპეშტში თვის ბოლოს დაიწყება. 

იყო შემთხვევები, როდესაც ბრიტანული Equity-ს წევრებმა სოლიდარობის ნიშნით გადაწყვიტეს შეერთებოდნენ პროტესტს, თუმცა ისინი ხელშეკრულების დარღვევის სასიშროების წინაშე აღმოჩნდნენ.

ზუსტად არავინ იცის როდის, მაგრამ გაფიცვა ერთ დღესაც, მოლაპარაკებების საბოლოოდ მიღწევის ფონზე დასრულდება, თუმცა რა ზიანს მოუტანს ეს კინოინდუსტრიას, ამის ვარაუდი ჯერ შეუძლებელია.

ზევით