#კინო

რიდლი სკოტის ახალი ფილმი ნაპოლეონ ბონაპარტის ცხოვრებაზე მოგვიყვება

გაზიარება:

2020 წელს ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული რიდლი სკოტი და ხოაკინ ფენიქსი ახალი ისტორიული დრამისთვის გაერთიანდებოდნენ. კოლაბორაციამ ყველას 2000 წელს ორი ლეგენდის გაერთიანებით შექმნილი Gladiator გაახსენა, რომელმაც როგორც რეჟისორს, აგრეთვე მსახიობებს საქვეყნო აღიარება მოუტანა. ამჯერად რიდლი სკოტი, საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერის ნაპოლეონ ბონაპარტის ცხოვრების შესახებ მოგვიყვება.

რიდლი სკოტი და ხოაკინ ფენიქსი Gladiator-ის გადაღებებზე

რიდლი სკოტის ისტორიული დრამა ნაპოლეონ ბონაპარტის შესახებ გვიამბობს, გენერლობიდან - საფრანგეთის იმპერატორობამდე აღზევებული კაცის, რომელსაც ევროპის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. თუმცა, როგორც სინოფსისში ვკითხულობთ, ფილმი სახელწოდებით Napoleon არამხოლოდ ნაპოლეონის ცხოვრებისეული ბრძოლის, არამედ დიდი სიყვარულის შესახებ იქნება ფოკუსირებული.

ნაპოლეონ ბონაპარტის როლში ოსკაროსანი ხოაკინ ფენიქსი მოგვევლინება, მისი პირველი ცოლის, ჟოზეფინას როლს კი ვანესა კირბი მოირგებს. ვანესას მაყურებელი უკვე იცნობს Netflix-ის პოპულარული ისტორიული დრამიდან The Crown, სერიალში კირბი დედოფალ ელისაბედ II-ის დას - პრინცესა მარგარეტს განასახიერებდა.

ხოაკინ ფენიქსი ნაპოლეონ ბონაპარტის როლში

ჟოზეფინას როლზე პროექტის იდეის გაჩენიდან ჯოდი კომერი განიხილებოდა, რომელიც რიდლი სკოტის ახალ ეკრანიზაცია The Last Duel-ში ვიხილეთ, თუმცა მსახიობმა გადაღებების გადატვირთული განრიგის გამო ახალ პროექტზე უარი განაცხადა.

ბოლო დრომდე, რიდლი სკოტის ახალ ისტორიულ დრამას Kitbag-ის სახელით ვიცნობდით, თუმცა როგორც ჩანს ცნობილი გამოთქმა და კონცეფცია "ყოველი ჯარისკაცის ჩანთაში გენერლის შტაბი იმალება" უფრო მარტივი და ლაკონიური Napoleon-ით ჩაანაცვლეს.

ვანესა კირბი პრინცესა მარგარეტის როლში

ჯანტი იეიტსი — კოსტუმების დიზაინერი, რომელიც რიდლი სკოტთან თანამშრომლობდა თითქმის ყველა ფილმზე, Gladiator-ით დაწყებული Robin Hood და The Last Duel-ით დამთავრებული, Nepoleon-შიც კუთვნილ ადგილს დაიკავებს. გადასაღები მოედნიდან გავრცელებულ ფოტოში უკვე ვიხილეთ ხოაკინ ფენიქსი სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, თუმცა ეჭვი არ გვეპარება, რომ წინ დიდი სანახაობა გველის, განსაკუთრებული მოლოდინი ნაპოლეონისა და ჟოზეფინას მდიდრეული კორონაციის სამოსის მიმართ არსებობს.

მართალია, Napoleon-ის შექმნის იდეა 2020 წელს გავრცელდა, თუმცა გადაღებების დაწყება 2022 წლის თებერვლამდე ვერ მოხერხდა. რიდლი სკოტის ახალი ეკრანიზაციის პრემიერას 2023 წელს მოელიან, თუმცა ოფიციალური თარიღი ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია.

ზევით