#მუსიკა

შინეიდ ო'კონორის ცხოვრება ტკივილის, ბრძოლის გამბედაობისა და მუსიკის შესახებ

გაზიარება:

90-იანი წლების მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ხშირად საკამათო ფიგურა, უშიშარი და თავდაჯერებული ირლანდიელი მუსიკოსი შინეიდ ო'კონერი 56 წლის ასაკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. შინეიდის ცხოვრება ადრეული ასაკიდან სირთულეებთან, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებთან და მოუშუშებელ ტკივილთან ასოცირდებოდა, თუმცა სწორედ თავისი შეუპოვარი ბუნების წყალობით ახერხებდა ყოფილიყო ნათელი წერტილი, მათთვის ვინც სწორედ იმავე გზას გადიოდა ცხოვრებაში. 

მისი გამბედაობა გავლენიანი ინსტიტუტების წინააღმდეგ, ხშირად ხდებოდა მოწოდება სხვებისთვის, ნამდვილი შთაგონების წყარო.

მომღერალი დიდი თვალებით და კიდევ უფრო დიდი ხმით 1966 დუბლინის გარეუბნებში დაიბადა. გოგონა 8 წლის იყო, როდესაც მისი მშობლები განქორწინდნენ, რამაც განსაკუთრებული გავლენა იქონია შინეიდზე, დროსთან ერთად ტრავმასთან გამკლავების და დანაკლისის ამოვსების მცდელობაში, საგრძნობლად გაუარესდა გოგონას ქცევითი ჯანმრთელობა. თინეიჯერობის დროს, გოგონა მაღაზიაში წვრილმანი ქურდობისთვის დააკავეს და კათოლიკე მონაზვნების მიერ მართულ, ეგრეთ წოდებულ სასწავლო ცენტრში გაგზავნეს. რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა ჟღერდეს, სწორედ ეს ადგილი იქცა შინეიდის მუსიკალური ნიჭიერების კულტივირების ადგილი.

2021 წლის 1-ელ ივნისს, ალბათ, მომღერლის ცხოვრებაში თავს დამტყდარ ყველაზე დიდ ტრაგედიამდე 1 წლით ადრე, ირლანდიელმა მუსიკოსმა მემუარები გამოაქვეყნა, რომელშიც ანეკდოტების დახმარებით ჰყვებოდა პირადი ცხოვრების ყველაზე ინტიმურ დეტალებს, იხსენებდა ბავშვობის წლებს და იმასაც, თუ როგორ სცემდა დედა, როგორ აღმოჩნდა სასწავლო ცენტრში და როგორ გადაეშვა დიდ მუსიკალურ მოგზაურობაში.

როგორც უკვე ვახსენეთ, შინეიდმა საკუთარი მუსიკალური ნიჭი თინეიჯერობისას აღმოაჩინა, ახალგაზრდა მომღერალს უკვე საკმაოდ ბევრი ჰქონდა სამყაროსთვის გასაზიარებელი. რამდენიმე წელიწადში, შინეიდმა სადებიუტო ალბომ The Lion and Cobra-ზე მუშაობა დაასრულა და 1987 წელს გამოაქვეყნა კიდეც. ამავე წელს, მუსიკოსს ურჩიეს უფრო ქალურად ჩაეცვა, პროტესტის ნიშნად კი შინეიდმა თავი გადაიპარსა, რაც მისი მუსიკალური იდენტობის ნაწილად იქცა.

The Lion and Cobra 35 წლის შემდეგაც რჩება იმ საოცრად მრავალფეროვან და სრულყოფილ ხელოვნების ნიმუშად, რომელიც დღემდე რეზონანსულია. ალბომის გამოშვების წელს, 20 წლის შინეიდ ო'კონორმა მიიღო გრემის ნომინაცია საუკეთესო ქალი როკ ვოკალური შესრულებისთვის.

1990 წელს სამყარომ შინეიდის მეორე ალბომი იხილა, რომელშიც Nothing Compares 2 U სინგლიც შედიოდა, ო'კონორის კარიერის ყველაზე პოპულარული სიმღერა, რომელმაც მსმენელს გამოსვლისთანავე შეუკრა სუნთქვა. ბევრმა არ იცის, რომ ცნობილი ჰიტის ავტორი Prince იყო, შინეიდმა ის უბრალოდ გააუმჯობესა და გლობალურ მოვლენად აქცია.

1992 წელს მუსიკოსმა Saturday Night Live-ში სტუმრობისას პაპ ჯონ პაულ II-ის სურათი დახია, რითიც კათოლიკური ეკლესიის მხრიდან ბავშვებზე ძალადობა დაგმო.

ისეთი ძლიერი ინსტიტუტების წინააღმდეგ გამოსვლით, როგორიც ეკლესია, მედია და მუსიკალური ინდუსტრია გახლდათ, შინეიდმა გარკვეულ წრეებში პოპულარობა დაკარგა, თუმცა საკუთარი აზრის საჯაროდ დაფიქსირება არასდროს შეუწყვეტია. მუსიკოსმა კარიერის დასრულების შესახებ განცხადება 2021 წელს გაავრცელა, თუმცა მომავალი წლისთვის დაგეგმილი კონცერტების ჩატარებას ისევ გეგმავდა. შინეიდის გეგმები მაშინ შეიცვალა, როდესაც მან ვაჟის შეინის ტრაგიკული სიკვდილის შესახებ შეიტყო.

შეინმა სიცოცხლე თვითმკვლელობით 2022 წლის იანვარში დაასრულა, თავად ო'კონორსაც ფსიქიკური დაავადების ხანგრძლივი ისტორია ჰქონდა. 1999 წელს, შინეიდმა ქალიშვილის როზინის მეურვეობის სასამართლო სხდომებით გამოწვეული სტრესის ფონზე, თავის მოკვლაც კი სცადა. მომღერალს 2003 წელს ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. 

„არ მგონია, რომ ბიპოლარული აშლილობით დავიბადე - მე მჯერა, რომ ის ჩემ მიერ განცდილი ძალადობის შედეგად შეიქმნა“, - განუცხადა მან The Oprah Winfrey Show-ს 2004 წელს.

შინეიდ ო'კონორი ყოველთვის გვემახსოვრება იმ თავგადაპარსულ გოგოდ, რომლის სიმღერები ყოველთვის განსაკუთრებულად მოქმედებდნენ ჩვენზე, იმის მიუხედავად გვესმოდა თუ არა იმის, რის შესახებაც ის მღეროდა. 10 წარმოუდგენელი ალბომით, შინეიდმა დატოვა მემკვიდრეობა, რომელიც წლების განმავლობაში ქალების თაობებისთვის, მწერლებისთვის და ძალადობის მსხვერპლთათვის რჩებოდა გამბედაობის და ბრძოლის სიმბოლოდ.

ზევით