სიყვარულის ბალადა: მარკ შაგალი და ბელა როზენფელდი

„ჩვენს ცხოვრებაში არის ერთი ფერი, ისე როგორც მხატვრის პალიტრაზე, რომელიც ცხოვრებისა და ხელოვნების აზრს გვაძლევს. ეს სიყვარულის ფერია“ - მარკ შაგალი.

მარკ შაგალი იმ ხელოვანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა შემოქმედებაც სიყვარულით, სიცოცხლით, ფერებით, ოცნებებით, მოგონებებითა და ადამიანური ბუნებით არის აღსავსე. შაგალთან ყველაფერი იწყება და მთავრდება სიყვარულით და რასაკვირველია ბელათი, რომელსაც ბელარუს-ებრაელმა მხატვარმა თითოეული სასიყვარულო ბალადა და პოეზიის პეიზაჟები მიუძღვნა.

ხელოვანის მსოფლმხედველობაში რომანტიზმის ნიშნები ყოველთვის ნათლად იკვეთებოდა: „თუ გულიდან ვქმნი, თითქმის ყველაფერი იდეალურია; თუ თავიდან - თითქმის არაფერი“ - აცხადებდა შაგალი და მიუხედავად იმისა, რომ არტისტის შემოქმედების ხელოვნების რომელიმე ერთი კონკრეტული მიმდინარეობისთვის მიკუთვნება ძნელი იყო, ის არც კუბისტი იყო და არც სიურრეალისტი, მარკ შაგალის შეყვარებულები ყოველთვის გრავიტაციის კანონების რღვევით, მაღლა ცაში დაფრინავდნენ.

„მე მაინტერესებს მარტო სიყვარული და საგნები, რაც მის გარშემო ტრიალებს“ - მარკ შაგალი

ავტობიოგრაფიულ წიგნში „ჩემი ცხოვრება“, მარკ შაგალი პოეტურად საუბრობს ბელაზე: „მისი დუმილი ჩემია, მისი თვალები ჩემია. თითქოს ყველაფერი იცის ჩემს ბავშვობაზე, ჩემს აწმყოზე, მომავალზე, თითქოს ჩემი მეშვეობით ხედავს სამყაროს; თითქოს ყოველთვის მიყურებდა, სადღაც ჩემ გვერდით იყო, თუმცა პირველად ვნახე. ვიცოდი, რომ ეს ის იყო, ჩემი ცოლი. მისი ფერმკრთალი, თვალები, რა დიდი, მრგვალი და შავია! ისინი ჩემი თვალებია, ჩემი სულის ნაწილი“.

ერთი ნახვით შეყვარების მშვენიერი ისტორია 1909 წელს დაიწყო, როდესაც მდიდარი იუველირის ქალიშვილი დამწყებ მხატვარს შეხვდა და იმ წუთიდან მარკ შაგალის ცხოვრებამ, მისმა შემოქმედებამ და ნახატებმა, რომელიც სიყვარულით იყო გაჟღენთილი, ბელა როზენფელდის შავი თვალებიდან დაიწყო არსებობა. მიუხედავად ბელას ოჯახის წინააღმდეგობისა, მონათესავე სულებმა ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირეს. 1910-14 წლებში შეყვარებულები პარიზული ცხოვრებით ტკბებოდნენ და პირველი შეხვედრიდან 5 წლის შემდეგ, 1915 წლის 25 ივლისს თავიანთი კავშირი ქორწინებით გააძლიერეს.

1916 წელს მარკს და ბელას პირველი და ერთადერთი ქალიშვილი, იდა შეეძინათ. ახალი სიცოცხლის დაბადებამ ბელას ოჯახის ბურჟუაზიული გულის გალღობა ოდნავ, მაგრამ მაინც მოახერხა.

მარკი ყველგან და ყოველთვის ბელაზე ფიქრობდა, მაშინაც კი როდესაც საყვარელი ქალი გვერდით ჰყავდა. ის აღმერთებდა ბელას და ეს თავბრუდამხვევი სიყვარული აღიბეჭდა როგორც მხატვრის ავტობიოგრაფიაში, აგრეთვე შემოქმედებაშიც. დიდი ხელოვანის შემოქმედების ნაწილი იყო ლურჯი ფონი შეყვარებული წყვილების უკან, რასაც ასევე ბელასთან მივყავართ, იმ მოგონებასთან, რომელიც 1909 წელს, ერთმანეთზე შეყვარებულ ორ ადამიანს და მათ კოცნას გვანახებს მთვარის შუქზე.

მარკ შაგალმა და ბელა როზენფელდმა, ერთად ყოფნის ბედნიერებით განცდილი 30 წელი გაატარეს. მათ სიყვარულს დრომ ვერაფერი დააკლო, თუმცა სიკვდილმა მათი დაშორება მოულოდნელად მოახერხა. 1955 წელს ბელა უცნობი ვირუსით დაინფიცირდა, სეფსისი ორგანიზმში სწრაფად განვითარდა და 51 წლის ასაკში ბელა როზენფელდი სამყაროს, ერთადერთ სიყვარულსა და ერთადერთ ქალიშვილს სამუდამოდ დაემშვიდობა.

„როცა ბელა აღესრულა, ორ სექტემბერს, საღამოს ექვს საათზე, ჭექა-ქუხილი იყო და ღვარცოფი იქცეოდა დედამიწაზე. მე თვალთ დამიბნელდა“ - ამ სიტყვებით აღწერა შაგალმა თავს დამტყდარი უბედურება, რომელიც მხატვრის ცხოვრებაში ექვს თვეს გაგრძელდა. ამ პერიოდის განმავლობაში მარკს მოლბერტი კედლისკენ ჰქონდა მიტრიალებული და ბელას ხმამაღლა გლოვობდა. შაგალის მდგომარეობიდან გამოყვანა მხოლოდ მისმა ქალიშვილმა შეძლო, იდამ მამა სიბნელიდან გამოიყვანა და ცხოვრების გაგრძელების იმედი ჩაუსახა.

1944 წლიდან ბელა როზენფელდი ფიზიკურად აღარ იყო მარკ შაგალთან, თუმცა მისი სულიერი არსებობა მხატვრის ფერწერულ ტილოებზე ყოველთვის აღიბეჭდებოდა - ზემოთ ცაში, ვარსკვლავებთან მფრინავი ქალი, რომელსაც მარკი გამუდმებით ხატავდა სწორედ ბელა გახლდათ. 

და თუ გვკითხავთ, მაინც რომელია სიყვარულის ფერი, გეტყვით, რომ ის შემოქმედზეა დამოკიდებული, მარკ შაგალისთვის ეს უდავოდ ლურჯი გახლდათ.

ზევით