20 წლის შემდეგ პირველად - სოლიკო ვირსალაძის რეტროსპექტული გამოფენა იხსნება

გამორჩეული გემოვნებით, რაფინირებული სიზუსტით შექმნილი სცენოგრაფია საგამოფენო სივრცეებს 20 წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. ლეგენდარული ქართველი სცენოგრაფისა და მხატვრის, სოლიკო ვირსალაძის გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 14 იანვარს გაიხსნება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ღონისძიება სოლიკო ვირსალაძის 113-ე წლისთავს ემთხვევა და ის მხატვრის შემოქმედების ყველაზე ვრცელი გამოფენა იქნება.

გამოფენაზე, რომელიც ერთ თვეს გაგრძელდება, წარმოდგენილი იქნება მხატვრის 200-მდე ნამუშევარი და მის სახლ-მუზეუმში არსებული საარქივო ნივთები, ასევე კოსტიუმები კულტურის სამინისტროს სსიპ-ებიდან: ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“.

„მან ფაქტობრივად ქართული საცეკვაო კოსტიუმი შექმნა. არასდროს მანამდე აჭარულ ცეკვაში ქალს ყაბალახი არ ეხურა, არასდროს მანამდე ქართველ მამაკაცს წითელი ჩოხა არ ეცვა... თამამად შეიძლება ითქვას, რომ სოლიკო ვირსალაძე, ნინოსთან და ილიკოსთან ერთად ანსამბლის ერთ-ერთი შემქმნელი იყო“ - ნინო სუხიშვილი.

სოლიკო ვირსალაძემ საკუთარი ხელწერა შექმნა მე-20 საუკუნის სცენოგრაფიაში. მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა იწყება თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში. უმნიშვნელოვანესია სოლიკო ვირსალაძის როლი ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ეროვნული ანსამბლის ისტორიაში, ვინაიდან „ქართული ნაციონალური ბალეტი" სუხიშვილებისა და სოლიკო ვირსალაძის „გამოგონებაა".

პროფესიონალ მხატვარს, თეატრალური ხელოვნების, ქორეოგრაფიის, მუსიკის ღრმა მცოდნეს, შეეძლო მუსიკალური განწყობის შესატყვისი ზუსტი მხატვრული ენის შექმნა სცენოგრაფიაში. სოლიკო ვირსალაძის გამორჩეული გემოვნებით, რაფინირებული სიზუსტით შექმნილი თეატრალური სცენოგრაფია მსოფლიო სასცენო ხელოვნების საუკეთესო ნიმუშთა რიგებშია.

ზევით