#კინო

სტივენ სპილბერგის ფილმი West Side Story

გაზიარება:

სტივენ სპილბერგის West Side Story რეჟისორის თავში დაიბადა, თუმცა არა უახლოეს წარსულში, ლეგენდარული მიუზიკლის ეკრანზე გადმოტანა სტივენმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ფენიქსში, 1950-იან წლებში პატარა სპილბერგს მხოლოდ მიუზიკლის საუნდტრეკი ესმოდა და ცდილობდა ცეკვის ყოველი მოძრაობა გონებაში გაეცოცხლებინა.

სტივენ სპილბერგი და რიტა მორენო (1961 წლის ეკრანიზაციის ანიტას როლის შემსრულებელი)

„დედაჩემი პიანისტი იყო, მთელ სახლში მხოლოდ კლასიკური მუსიკა ჟღერდა, მე კლასიკური მუსიკის გარემოცვაში გავიზარდე. West Side Story ფაქტიურად პირველი პოპულარული სიმღერა იყო, რომელსაც ჩვენმა ოჯახმა კარი გაუღო. ეს იყო ალბომი 1957 წლის ბროდვეის მიუზიკლიდან და მე ის მოსმენისთანავე შემიყვარდა. West Side Story იყო ის ცდუნება, რომელსაც საბოლოოდ დავნებდი“ - ამბობს სტივენ სპილბერგი.

ფილმი, რომლის პრემიერაც ქართველი მაყურებლისთვის 9 დეკემბერს შედგა დიდ ეკრანებზე, ერთდროულად რომანტიკაცაა და კრიმინალური ისტორიაც. ეკრანიზაცია ოცნებებზე გვიამბობს, ფერად ოცნებებზე, რომლებიც რეალობას ისე ძლიერად ეჯახებიან, რომ მათგან მხოლოდ ნარჩენებიღა რჩება, ახალგაზრდები მღერიან ცხოვრებისეულ დაპირებებზე, რომლებსაც ალბათ ვეღარ შეასრულებენ, რადგან ძალადობის მორევში უნდა გადაეშვან, ეს ხომ მათი სასტიკი რეალობაა. თუმცა, West Side Story მაინც არის იმედსა და სიყვარულზე, რომელიც საკუთარ თავს ნიუ-იორკის ქუჩებში პოულობს.

West Side Story გლობალურ სენსაციად მას შემდეგ იქცა, რაც ის ბროდვეიზე 1957 წელს დაიდგა. არტურ ლორენტსის წიგნმა, ლეონარდ ბერნშტეინის მუსიკამ და სტივენ სონდჰეიმის ლექსებმა იმდენად დიდი გავლენა მოახდინა მნახველზე, რომ ამ აღფრთოვანებამ არც ათწლეულების შემდეგ გადაიარა და თავად სტივენ სპილბერგსაც კი მისცა ბიძგი იმისთვის, რომ 2021 წელს საკულტო მიუზიკლი თავად გადაეღო და West Side Story-ს ამბისთვის კიდევ ერთი ისტორია დაეწერა.

მიუზიკლის, შემდეგ კი ფილმის მთავარი გმირების ტონისა და მარიას სიყვარულის ისტორია, რომეოსა და ჯულიეტას ტრაგიკული ამბითა და დიდი გრძნობით არის შთაგონებული. ზონებად დაყოფილი სამყაროს, ერთმანეთთან დაპირისპირებული ქუჩის ბანდების, რასიზმისა და ძალადობის, თუმცა ამავდროულად დიდი სიყვარულის შესახებ პირველი ეკრანიზაცია რეჟისორმა რობერტ უაიზმა და ქორეოგრაფმა ჯერომ რობინსონმა 1961 წელს გადაიღეს. ეკრანიზაციამ, ბროდვეის დადგმის რეკორდები უმოკლეს დროში მოხსნა და ნამდვილ სენსაციად იქცა, სალაროებთან დაუსრულებელი რიგების ნახვაც საკმარისი იყო იმის სათქმელად, რომ West Side Story ხელახლა აღმოაჩინეს.

რობერტ უაიზის ადაპტაცია, გამოსვლის წელს, კინოაკადემიის დაჯილდოების ტრიუმფატორად მოგვევლინა და მიუზიკლისთვის რეკორდული - 10 ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიის ნომინაციაც გახლდათ.

ექვსი ათწლეულის შემდეგ West Side Story მაყურებლისთვის ისევ გაცოცხლდა, იდეოლოგიური დოგმების მსხვრევა რომ სტივენ სპილბერგზე უკეთ არავის გამოსდის, ეს მისი ერთგული გულშემატკივრებისთვის კარგად იქნება ცნობილი. თუმცა ეს მიუზიკლი მისი შემოქმედებაში ნათქვამი ახალი სიტყვაა და რეჟისორისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც მამის დაჟინებული თხოვნის შემდეგ შეიქმნა და იქნებ 103 წლის არნოლდ სპილბერგს თავადაც ეხილა შვილის პირველი მიუზიკლი, რომ არა მსოფლიო პანდემია და დროებით შეჩერებული გადაღებები.

 

გადაღების მანერის, მთავარ სათქმელზე ზუსტი ფოკუსირების, უბადლო შესრულებისა და ძალიან საინტერესო და დამთრგუნველი ისტორიის ნახვა ის მნიშვნელოვანი საქმეა, რომელიც ახალი წლის დადგომამდე უნდა მოასწროთ დიდ ეკრანზე და თავად შეაფასოთ, იმსახურებს თუ არა სტივენ სპილბერგი იმ ოვაციებს, რომლითაც მას მსოფლიო ეგებება.

ზევით