Studio Ghibli ჰაიაო მიაძაკის უკანასკნელი ანიმეს პოპულარიზაციისთვის საინტერესო მიდგომას ირჩევს

Studio Ghibli-ს დამაარსებლის და ერთ-ერთი უდიდესი იაპონელი ანიმატორისა და რეჟისორის ჰაიაო მიაძაკის უკანასკნელი ანიმეს How Do You Live?-ის გამოსვლის თარიღად 14 ივლისია ჩანიშნული, თუმცა ანიმაციურ სტუდიას ლეგენდაერული შემოქმედის ახალი ნამუშევრის პოპულარიზაციისთვის უნიკალური მიდგომა აქვს შემუშავებული: How Do You Live? კინოთეატრებში ყოველგვარი თრეილერისა და წინასწარი რეკლამის გარეშე გავა და Ghibli-ს ერთგული მაყურებლები ამისთვის მზად არიან.

How Do You Live? უდავოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ანიმედ იაპონიაში, რომელსაც მომლოდინეთა უზარმაზარი არმია ჰყავს. Studio Ghibli-მ ჰაიაო მიაძაკის უკანასკნელი შემოქმედების შესახებ, თვეების წინ მხოლოდ ის განმარტა, რომ ფილმი, როგორც „გრანდიოზული ფანტაზია“, შთაგონებულია იაპონელი ავტორის, გენზაბურო იოშინოს 1937 წელს გამოსული ამავე სახელწოდების რომანით. ანიმაციურმა სტუდიამ ერთი ბუნდოვანი პოსტერი გაგვიზიარა დეკემბერში, თუმცა სულ ეს იყო, ჩვენ აღარაფერი გვსმენია How Do You Live?-ის პერსონაჟების, სიუჟეტის თუ გარემოს შესახებ, რომელშიც მოქმედება ვითარდება და როგორც ჩანს, ეს პრემიერამდე ასეც დარჩება.

მარკეტინგის არარსებობას How Do You Live?-ის პროდიუსერი ტოშიო სუზუკი შემდეგნაირად ხსნის: „წლების განმავლობაში ჩვენ ვცდილობდით მაყურებელი კინოთეატრებში ჩვენი ფილმების სანახავად მიგვეყვანა, ამას ბევრი რესურსი და დრო დავუთმეთ, თუმცა ამჯერად გადავწყვიტეთ რომ ეს არ გვჭირდება... გულის სიღრმეში მჯერა, რომ ეს არის ის მიდგომა, რომელიც მაყურებელს რეალურად სურს“.

Studio Ghibli-ს ერთგული თაყვანისმცემლებისთვის სტუდიის არასტანდარტული მიდგომები გარკვეული საკითხების მიმართ უცხო ნამდვილად არ არის, მათ კარგად ესმით ერთი რამ, Ghibli ყოველთვის ანიჭებს უპირატესობას გამოცდილებას და არა კომერციულ მოსაზრებებს. სწორედ ამავე მიზეზით, სტუდია წლების განმავლობაში მკაცრად ზღუდავდა ლიცენზიების გაცემას, რომელიც მათი პერსონაჟებისგან ახალი პროდუქტცის შექმნას უქადდა, Studio Ghibli მიიჩნევდა, რომ ამ გზით პერსონაჟები რეალურ მაგიას დაკარგავდნენ.

ზევით