„სხვა ლეველის ოდისეა“ - ქართული ანიმაციური სერიალი უფროსებისთვის

დღეს, 20:00 საათზე, Cavea+ზე ახალი ლეველის ქართული ანიმაციის - „სხვა ლეველის ოდისეას“ პრემიერა გაიმართება. ვისაც სერიალის თიზერის ხილვისას პირველი „რიკი და მორტი“ ამოგიტივტივდათ გონებაში, თქვენ მარტო არ ხართ, „სხვა ლეველის ოდისეას“ შემქმნელების ერთ-ერთი ინსპირაციად სწორედაც რომ პოპულარული ანიმაციური სიტკომი იქცა, თუმცა ქართული ნარატივით, ქართული საუნდტრეკებით და ჩვენთვის აქტუალური მნიშვნელოვანი გზავნილებით.

ხოლო მათ ვისაც ჯერ არც სერიალის თიზერი უნახავს და არც დავითას შესახებ სმენია რაიმე, მოემზადეთ, საინტერესო ქართული პროდუქტის შესახებ უნდა გიამბოთ.

სხვა ლეველის ოდისეა, ანიმაციური სერიალი,

„სხვა ლეველის ოდისეას“ მთავარი პერსონაჟი 17 წლის დავითაა, რომელსაც ქართველი საზოგადოების ნაწილი, 2018 წელს შექმნილი თამაშიდან შეიძლება იცნობდეს, დავითა გაიზარდა და მაყურებელს ახალი ვიზუალითა და ეპიკური თავგადასავლებით დაუბრუნდა. სერიალის სინოფსის მიხედვით, პარალელურ სამყაროებს საფრთხე ემუქრება - მათი ხსნის გზა კი სწორედ დავითაზე გადის, რომელსაც ბოროტებასთან საბრძოლველად და უსასრულო მულტივერსებში დაკარგული მამის საპოვნელად არაამქვეყნიური თავგადასავლების გავლა მოუწევს.

პირველი სეზონის 10 სერიის მანძილზე, ჩვენ ვიხილავთ თინეიჯერის მოგზაურობას სიურრეალისტურ სამყაროებში, სადაც 17 წლის დავითა ტყუილის გამავრცელებლი ბოროტების დამარცხებას და მულტივერსში დაკარგული მამის ძებნას აგრძელებს. თიზერის ნახვაც საკმარისი იმაში დასარწმუნებლად, რომ „სხვა ლეველის ოდისეას“ ვიზუალური მხარე სრულიად ახალი სიტყვა იქნება ქართული ანიმაციის ინდუსტრიაში; რაც შეეხება ანიმაციაში ინტეგრირებულ თემებსა და ფარულ მესიჯებს, მისი ავკარგიანობის შესახებ მხოლოდ სერიალის ნახვის შემდეგ შევიტყობთ.

სხვა ლეველის ოდისეა

„სხვა ლეველის ოდისეას“ დემოკრატიის ლაბორატორია, ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს. სათავგადასავლო ანიმაციური სერიალის რეჟისორები ლაშა მილორავა და ცოტნე რუსიშვილი არიან, მსახიობი კი გიორგი სოლომონაშვილი გახლავთ. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მედიაწიგნიერების და კრიტიკული აზროვნების ზრდას როგორც ახალგაზრდებში, ისე მათ ოჯახებსა და ფართო აუდიტორიაში ანიმაციის მაგიური ძალის მეშვეობით და დაეხმაროს მათ იმის გააზრებაში, თუ როგორ მუშაობს პროპაგანდა ტყუილ-მართლის გასარჩევად საჭირო ცოდნისა და უნარების შეძენის გზით.

ზევით