თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯაკომო პუჩინის „მანონ ლესკო“ ბრუნდება

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ჯუზეპე ვერდის მემკვიდრის, დიდი იტალიელი კომპოზიტორის, ჯაკომო პუჩინის ოპერა „მანონ ლესკო“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენას უბრუნდება. გრანდიოზულ პრემიერამდე მხოლოდ 1 დღე გვაშორებს, 9 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით ლატვიის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის პროდუქცია ქართული ოპერის სცენას დაიკავებს.

„მანონ ლესკოს“ ქართული პრემიერა 1897 წელს თბილისის სახაზინო თეატრში შედგა, საოპერო თეატრის დასი ახლა სწორედ ამ ისტორიული დაბრუნებისთვის ემზადება

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პუჩინის ოპერის პრემიერის თარიღს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, ის თეატრის მთავარი დირიჟორის ზაზა აზმაიფარაშვილის 60 წლის იუბილეს ეძღვნება, საპრემიერო სპექტაკლის შემდეგ  ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ საზეიმო ღონისძიება - მაესტროს ვარსკვლავის გახსნის ცერემონია გაიმართება. 

„მანონ ლესკოში“ მონაწილეობას მიიღებენ, როგორც თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი, აგრეთვე მოწვეული მუსიკოსები. სპექტაკლის ჩვენებები 9, 10, 16, 17, 23 და 24 ივლისაა ჩანიშნული, ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.

დამდგმელი დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი

დამდგმელი რეჟისორი - ინარა სლუცკა

სცენოგრაფი - მარტინს ვილკარსისი

კოსტიუმების დიზაინერი - კეიტა

დრამატურგი - მიკუს ცეში

ვიდეო - კატრინა ნეიბურგა

განათების დიზაინერი - იგორს კაპუსტინსი

ქორეოგრაფი - ელიტა ბუკოვსკა

ზევით