#მუსიკა

თბილისის 25-ე ჯაზფესტივალს განუმეორებელი დაიანა რივსი გახსნის

გაზიარება:

თბილისის ჯაზფესტივალის თავბრუდამხვევი თავგადასავალი ბრუნდება, 7-9 ივლისს, თბილისი რიგით 25-ე ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. 3-დღიანი საიუბილეო ფესტივალის მასპინძელი „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ გახლავთ, ჯაზის მოყვარულების წინაშე, ამ მუსიკალურ დღესასწაულზე, ჩვეულებისამებრ, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები წარდგებიან.

7 ივლისს, თბილისის 25-ე ჯაზ ფესტივალს 5 გრემის მფლობელი, ჯაზის განუმეორებელი შემსრულებელი დაიანა რივსი და ჯაზ ვარსკვლავებით დაკომპლექტებული მისი ბენდი გახსნის. დაიანას ბენდის შემადგენლობაშიც შედიან: პიანისტი ჯონ ბისლი, გიტარისტი რომერო ლუბამბო, ბასისტი იტაიგურა ბრენდაო და დრამერი ტერეონ გული.

ფესტივალის მე-2 დღეს, 8 ივლისს, მსმენელის წინაშე წარდგება მისტიკური პროექტი „ქროსქურენთს ტრიო“, რომელიც აერთიანებს ჯაზის სამ ლეგენდას: ბასისტ დეივ ჰოლანდს, საქსოფონისტ ქრის პოტერსა და პერკუსიონისტ ზაქირ ჰუსეინს.

თბილისის საიუბილეო ჯაზფესტივალი 9 ივლისს მსოფლიო კრიტიკოსების მიერ 21-ე საუკუნის ჯაზმენად წოდებული ვიჯეი აიერისა და მისი საოცარი ტრიოს წევრების: ბასისტი ლინდა მეი ჰან ოუს და დრამერი თიშოუნ სორეის მუსიკალური ნომრით დაიხურება.

ფესტივალის დღეებში ჯაზის მოყვარულთათვის აგრეთვე დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება, მათ შორის კახა თოლორდავას ფილმის „პირველ პირში – ერთი ფესტივალის ისტორია“ ჩვენება და ვინილების გამოფენა-გაყიდვა.

თბილისის რიგით 25-ე ჯაზფესტივალის ბილეთები გაიყიდება www.tkt.ge-ზე. 

ზევით