#კინო

თბილისის რიგით მე-16 სტუდენტური კინოფესტივალი 10 ოქტომბერს იხსნება

გაზიარება:

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 10-15 ოქტომბერს თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი“ იმართება. 

ფესტივალის მასპინძელია კინოთეატრი „ამირანი“. თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი 10 ოქტომბერს, 19:30 საათზე ნანა ჯანელიძის სადებიუტო ფილმით „ოჯახი“ (1985წ.) გაიხსნება. 

კინოფესტივალი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება. პარტნიორები არიან ამერიკის საელჩო საქართველოში, JAGAGRIP, ტექნო შოპი და LEPERT. 

წელს ფესტივალი განსაკუთრებულად მასშტაბური იქნება, რადგან 2023 ქართული კინემატოგრაფისათვის მნიშვნელოვანი თარიღია. საქართველოს  შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი - 100 წლის,  ხოლო კინოფაკულტეტი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. 

2023 წელს ფესტივალი 5 გამარჯვებულს გამოავლენს: 

  • საუკეთესო სტუდენტური მხატვრული ფილმი  
  • საუკეთესო სტუდენტური დოკუმენტური ფილმი  
  • საუკეთესო სტუდენტური ანიმაციური ფილმი  
  • საუკეთესო სტუდენტი რეჟისორი 
  • ფესტივალის გრან-პრი

თბილისის საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალში მსოფლიოს 15 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ: გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი, არგენტინა, ისრაელი, ესტონეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, მოლდოვა, უნგრეთი, ლიეტუვა, ბულგარეთი, ესპანეთი.

საკონკურსო პროგრამის ჟიურის წევრები არიან: ჟიურის თავმჯდომარე - პიოტრ სლისკოვსკი, კინოოპერატორი (პოლონეთი, ლოძის კინოსკოლა). ვადიმ პროდანი - რეჟისორი (მოლდოვა,  კიშინიოვის კინისკოლა), თეო ხატიაშვილი - კინოკრიტიკოსი. 

ფიჩინგ ფორუმის ჟიური: ინეკე სმიტსი, კინორეჟისორი, ჰოლანდია. მარიამ ჭაჭია, რეჟისორი, დოკუმენტალისტი. ვანო არსენიშვილი, რეჟისორი, დოკუმენტალისტი.

„ამირანი“ ღონისძიების საგანმანათლებლო ხაზის  გაძლიერებისა და სტუდენტებისთვის საერთაშორისო კავშირებისა და  გამოცდილებების გაზიარებაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, ფესტივალის სტუმრებსა და დამსწრეებს  შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა აქტივობაში: ვორქშოფები, ლექციები და ფიჩინგ ფორუმი, შეხვედრები საპატიო სტუმრებთან.

თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი“ 1980-იან წლებში დაარსდა, თუმცა, მალევე შეჩერდა. „ამირანი“ 2007 წელს აღდგა და საერთაშორისო სტატუსი  დაიმსახურა.

„ამირანი“ არის პლატფორმა ახალგაზრდა ქართველი კინემატოგრაფისტებისა  და კინომოყვარულებისთვის, წარმოაჩინონ თავიანთი ნამუშევრები  ფართო აუდიტორიის წინაშე, გაიცნონ კოლეგები საერთაშორისო  მასშტაბით და დაამყარონ მნიშვნელოვანი კავშირები მომავალი  პროექტების განსახორციელებლად.

ზევით