თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 26 სექტემბერს დაიწყება

გაზიარება:

2022 წლის შემოდგომაზე, თბილისი კიდევ ერთხელ მოიხვევს კულტურული დედაქალაქის მანტიას, საერთაშორისო ფესტივალებისა და კულტურული მოვლენების კვალდაკვალ, 26 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, თეატრის და ზოგადად ხელოვნების მოყვარულთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი - თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართება.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს დაფუძნდა და მიზნად საქართველოს ინტეგრირება დაისახა საერთაშორისო კულტურულ მოვლენებსა და რუკაზე. ბოლო 14 წლის განმავლობაში, ფესტივალმა აქტიურად შეუწყო ხელი თბილისისა და საქართველოს კულტურული ცხოვრების გამდიდრებას თანამედროვე თეატრალური ხელოვნებისა და კულტურის ყველაზე გამომწვევი, საინტერესო და მნიშვნელოვანი ნამუშევრებით.

თბილისის მე-14 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამასა და კონცეფციას ძირითადად მსოფლიოს დღევანდელი დრამები, რუსეთ-უკრაინის ომის ექო, გენდერული პრობლემები, თოჯინების თეატრის მაგია და სწრაფად ცვალებადი უახლესი ტექნოლოგიები განსაზღვრავს. 

შემთხვევითი არ არის, რომ საერთაშორისო პროგრამას წელს გახსნის უკრაინის თეატრალური კომპანიის „დახ დოთერზისა“ და ნორმანდიის ნაციონალური თეატრის კოპროდუქცია, მრავლისმეტყველი სახელწოდებით „სიკვდილის როკვა“. უკრაინელი არტისტი და რეჟისორი ვლად ტროიცკი, რომელმაც ჯერ კიდევ 1994 წელს კიევში დაარსდა თეატრი „დახ“ (უკრაინულად „სახურავი“) იძულებული გახდა რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ, სამშობლო დაეტოვებინა და მეუღლესთან, ქალიშვილთან და დასის წევრებთან ერთად, საფრანგეთში გამგზავრებულიყო. მარტში უკრაინული დასი ნორმანდიის ნაციონალური დრამატული ცენტრის ხელმძღვანელობამ შეიფარა. 

სიკვდილის როკვა

უკრაინული სპექტაკლის მუსიკალურ-დრამატული სიშლეგიდან ძალიან შორსაა მერილინის თოჯინების თეატრი, თავისი აბსურდული და ჰერმეტული სამყაროთი. წარმოდგენა სახელწოდებით „ჯამბაზების სახლები“  ბერძენმა რეჟისორმა დიმიტრი სტამუმ დადგა. ესაა ერთი მხრივ ტექნოკრატიული სამყაროს და მეორეს მხრივ, ხილული მარტოობის მეტაფორა: ჩაბნელებულ, ოდნავ მისტიკურ და გადატიხრულ ოთახებში ადამიანები სხედან. ისინი საკუთარი ჩვევებისა და მარტოობის ხაფანგში აღმოჩნდნენ, საიდანაც თავდახსნა შეუძლებელია. 

ჯამბაზების სახლები

ვისაც თეატრისა და კინოს მაგიური კავშირი აინტერესებს, მათთვის ჰოლანდიური  „ჯაკობ აჰლბომ კომპანის“ წარმოდგენა სახელწოდებით „ლებენსრაუმი“ (ქართულად შეიძლება ითარგმნოს როგორც „სასიცოცხლო სივრცე“ ), მართლაც სასიცოცხლოდ აუცილებელია. რეჟისორ ჯაკობ აჰლბომის წარმოსახვა პირდაპირ  ბასტერ კიტონის უხმო ფილმებიდან საზრდოობს, საიდანაც არა მარტო სიუჟეტს სესხულობს შთაგონებითა და ირონიით, არამედ ელეგანტურ მუსიკასა და ირონიულ მხატვრობასაც. სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება.

ლებენსრაუმი

„ლებენსრაუმის“ გენდერული საკითხისადმი ირონიას დრამატულად ეპასუხება (ან ეპაექრება) ირანული თეატრალური  ჯგუფის, „პრაქისის“ ერთსაათანი წარმოდგენა „ქალი ვარ, გესმის ჩემი?“ რეჟისორი ქამელია ღაზალი სამი თაობის ირანელი ქალების - ბებიის, დედისა და ქალიშვილის  ტკივილებსა და დრამას, აქრომატულ სცენურ გარემოში გვიხატავს. ნაცრისფერის, შავისა და თეთრის მონაცველობა და ლამის გამუდმებული თოვა სცენაზე ზუსტად გადმოსცემს ატმოსფეროს, რომელშიც ქალების შიში, უიმედობა, სიყვარული თუ სიძულვილი ერთმანეთს ენაცვლება.

„ქალი ვარ, გესმის ჩემი?“ დიდი წარმატებით უჩვენეს ევროპის კულტურის დღეებზე გერმანიაში, ქალაქ კარლსრუეში. 2019 წელს კი ლამის ტრიუმფით ჩაიარა ირანული დასის გასტროლებმა მილანის სახელოვანი „პიკოლო თეატრის“ სცენაზე. ამჯერად უკვე ქართველ მაყურებელს ეძლევა საშუალება ირანელი ქალების დრამატული ისტორია მარჯანიშვილის თეატრში იხილოს.

წლევანდელი ფესტივალის ნამდვილ აღმოჩენად თუ „ტექნოლოგიურ ჩაროზად“ შეიძლება მივიჩნიოთ იაპონური ცეკვის თეატრის კომპანიის წარმოდგენა „წყვეტილი ფიგურები“, რომელიც რეჟისორმა მიკიკომ მათემატიკის, უახლესი ტექნოლოგიების, ვიდეოგამოსახულებისა და ხელოვნური ინტელექტის შეერთებით განახორციელა (კომპანიის სამხატვრო ხელმძღვანელი და მუსიკის ავტორი დაიტო მანაბე).

წყვეტილი ფიგურები

სასურველ სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია biletebi.ge-ზე.

ზევით