ტეილორ სვიფტმა 1989 (Taylor's Version) გამოშვება დააანონსა

Eras Tour-ის 5 თვიანი თავგადასავალი ამერიკის შეერთებულ შტატებში დასასრულს მიუახლოვდა, ლოს-ანჯელესში ტეილორ სვიფტმა უკანასკნელი კონცერტი გამართა და გულშემატკივრებს გრანდიოზული სიურპრიზით დაემშვიდობა. პოპვარსკვლავმა კონცერტის მიმდინარეობისას, მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალბომის 1989-ის ხელახლა ჩაწერილი ვერსიის გამოშვება დააანონსა. 27 ოქტომბრიდან, ტეილორის გულშემატკივრების რჩეული ალბომის გვერდით ყველანი დავინახავთ წარწერას Taylor's Version, რაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ მისი უფლებები სრულად ეკუთვნის სვიფტს.

1989 პირველად 2014 წელს გამოიცა, ალბომის გამოსვლის თარიღი მაშინაც 27 ოქტომბერი გახლდათ. 1989 ტეილორისთვის პირველი გრემის მომტანი ალბომი აღმოჩნდა, რომელიც აერთიანებდა ისეთ ჰიტებს, როგორებიცაა: Blank Space, Wildest Dreams და Shake It Off-ს.

სცენაზე ახალი ამბების გამოცხადებისას, ტეილორმა თქვა: „ბოლოს, როდესაც ასე სასიამოვნოდ გამაოცა თქვენმა რეაქციამ, იყო მაშინ, როდესაც განვაცხადე, რომ ალბომების ხელახლა ჩაწერას ვაპირებდი. მივიჩნევდი, რომ ეს მხოლოდ ჩემთვის იყო სიახლე, თინეიჯერობიდან მოყოლებული მინდოდა ჩემი მუსიკა შემექმნა, ამის გაკეთების საუკეთესო საშუალება კი ალბომების ხელახლა ჩაწერა მესახებოდა და თქვენ ეს იდეა მოიწონეთ... თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ეს თქვენი ბრძოლაც იყო და 100%-ით მიმაგრებდით ზურგს... არასდროს შევწყვეტ ამის გამო თქვენთვის მადლობის გადახდას“.

ტეილორმა 1989-ის (Taylor's Version) გამოშვება სცენაზე, ცისფერ კოსტიუმში გამოწყობილმა დააანონსა, ხოლო იმ მილიონობით გულშემატკივრისთვის, ვინც ლოს-ანჯელესის კონცერტზე არ იმყოფებოდა, მომღერალმა სიახლე Instagram-ის საშუალებითაც გაავრცელა. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Taylor Swift (@taylorswift)

„სიურპრიზი! 1989 (Taylor's Version) მალე თქვენთან იქნება! ამ ალბომმა ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა და აღფრთოვანებული გაცნობებთ, რომ 1989-ის ჩემი ვერსია 27 ოქტომბერს გამოვა. ბოლომდე გულწრფელი რომ ვიყო, ძველი ალბომების ახალი ვერსიებიდან ეს ჩემი ფავორიტია იმ 5 ახალი სიმღერის გამო, რომელიც ალბომში შევა. არ მჯერა, რომ თავის დროზე ეს სიმღერები არ გამოვუშვით, მაგრამ ახლა ამ  შეცდომას გამოვასწორებთ!“ - ვკითხულობთ Instagram პოსტის აღწერაში.

ტეილორის ხელახლა ჩაწერილ ალბომებს შორისაა Red, Fearless და Speak Now. როდესაც, სვიფტმა ალბომების ხელახლა ჩაწერა დაიწყო, ცნობილი გახდა, რომ ის ყველა ალბომს გამოუშვებდა ტეილორის ვერსიით, რომელიც  Lover-მდე შეიქმნა. 1989-ის (Taylor's Version) გამოსვლის შემდეგ, ხელახლა ჩასაწერ ალბომებს შორის Taylor Swift და Reputation დარჩება.

ზევით