ტელე-შოუები, რომლებმაც სამყარო შეცვალა

უკვე ათწლეულებია ტელევიზია ჩვენი ცხოვრების კურსს, გემოვნებას და აზროვნებას განსაზღვრავს. მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში ძირითადი ინფორმაციული დარტყმა სოციალურ მედიაზე მოდის, არ შეიძლება ჩვენი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში ტელევიზიის როლზე არ ვისაუბროთ. დასტურად იმ ტელე შოუების ჩამონათვალს გთავაზობთ, რომლებმაც სამყარო თავისებურად შეცვალა.

GAME OF THRONES

მიუხედავად იმისა, რომ „ვარსკვლავურმა ომებმა“, „ჰარი პოტერმა“, თუ „ბეჭდების მბრძანებელმა“ ფანტასტიკისა და sci-fi-ის ჟანრს ადგილი დიდ ეკრანებზე მოუძებნა, ამ უკანასკნელს სატელევიზიო სივრცეში თავის დამკვიდრება ცოტა არ იყოს გაუჭირდა. ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც დღის სინათლეზე ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელესერიალი, „სამეფო კარის თამაშები“ გამოვიდა. თითქმის მთელი ათწლეულის მანძილზე მაყურებელი სულმოუთქმელად ელოდა ეკრანიდან დრაკონების, უფლისწულებისა და მეომრების გამოჩენას, რომლებიც სხვადასხვა მიზნისთვის იბრძოდნენ. GOT-ის შემდეგ ფანტასტიკის ჟანრის ტელესერიალებს სატელევიზიო სივრცეში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო. ამის დასტური HBO-ს „His dark materials” და Amazon-ის ახალი პროექტი - „ბეჭდების მბრძანებლის“ სერიებია.

ELLEN

„ელენის“ სიტკომის ეკრანზე გამოჩენამ, საზოგადოებას ელენ დე ჯენერესის გარდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა აჩუქა. ზემოთხსენებული სერიალი სატელევიზიო ისტორიაში პირველია, სადაც მთავარი გმირი გეია. მანამ, სანამ ეკრანებზე ელენის გმირი საკუთარი ორიენტაციის შესახებ გახსნილად ისაუბრებდა, განცხადება თავად მსახიობმა გააკეთა:

„დიახ, მე გეი ვარ".

ზემოთხსენებული ეპიზოდი პირდაპირ ეთერში 42-მა მილიონმა ადამიანმა ნახა, კრიტიკოსების თქმით კი ელენ დე ჯენერესმა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, გეი საზოგადოების უფლებების კუთხით ყველაზე დიდი ნაბიჯი გადადგა.

KEEPING UP WITH THE KARDASHIANS

2007 წელს კალაბასასში წამოწყებული მორიგი რეალითი შოუს საშუალებით, კარდაშიანები და ჯენერები დღეს სამყაროში ყველაზე ცნობილი ოჯახის წევრები არიან. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ სატელევიზიო პროექტმა ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი კაილი ჯენერის სახით გამოძერწა. დღეს ამერიკაში გავლენიანი გვარი, თავის დროზე საზოგადოებაში მხოლოდ იმის გამო გაჟღერდა, რომ რობ კარდაშიანი ოჯეი სიმფსონის ახლო მეგობარი და ადვოკატი გახლდათ. ამჟამად კრის ჯენერი და მისი შთამომავლები მილიონებს თითქმის ყველა სფეროში აკეთებენ.

I LOVE LUCY

შეიძლება ეს შავთეთრი კადრი არაფერს გეუბნებათ, მაგრამ ამ ტელესერიალმა სატელევიზიო სივრცეში ორსული ქალების მიმართ დამოკიდებულება სამუდამოდ შეცვალა. ამ პერიოდში ეკრანზე სიტყვა „ორსულს“ არავინ ამბობდა.

„ველოდები“ - ასე განისაზღვრებოდა ქალის მდგომარეობა, რომელსაც მოლოდინის“ პერიოდში ქმართან ერთად ერთ ლოგინშიც კი არ ეძინა.

ის ფაქტი, რომ სერიალის მთავარი გმირი ეკრანზეც და მის მიღმაც ორსულად იყო (მაშასადამე, მთავარ გმირებს სექსიც ჰქონდათ), სატელევიზიო სივრცისთვის ხმამაღალი განცხადება აღმოჩნდა. I love Lucy-ის შემდეგ ორსული ქალი ეკრანზე „ჭირიანის“ ტოლფასად აღარავის შეურაცხავს.

POSE

ორიგინალური მხატვრობის, მუსიკალური გაფორმების, არნახული კოსტუმებისა და სხვა ბევრი ღირსების გარდა, ტელე შოუ Pose პირველია, რომლის სცენარის ავტორიც შავკანიანი ტრანსგენდერი ქალია, ხოლო ქასთში ძირითადად ტრანსი ქალები არიან დასაქმებული. 

„ყველაზე მნიშვნელოვანი ტელე შოუ“

ამ ფრაზით შეაფასეს დიდმა გამოცემებმა Netflix-ის პროექტი, რომელიც შავკანიანი LGBTQ თემის შესახებ მოგვითქრობხ, რომლებსაც შიდსის ეპიდემიასთან, ძალადობასთან და საზოგადოების მიუღებლობასთან ბრძოლა ყოველდღიურად უწევთ. ყველაზე მეტად კი შოუს ის გამოარჩევს, რომ ის ტრანსი ქალების მიერაა დაწერილი, გადაღებული და შექმნილი.

DESPERATE HOUSEWIVES

თითქოს დიასახლისის ფენომენი სატელევიზიო სივრცეში ყოველთვის მოსაწყენ, მეორეხარისხოვან ფიგურას წარმოადგენდა, მანამ სანამ 2004 წელს ეკრანებზე „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ არ გამოჩნდნენ. ტელესერიალმა ნამდვილი გადატრიალება მოახდინა და სუპერ გმირების არ იყოს, გულშემატკივარი ჩვეულებრივ (არაჩვეულებრივ) დიასახლისებსაც გაუჩინა.

GREY'S ANATOMY

ვიღაცისთვის შეიძლება პირველ სამედიცინო ტელე სენსაციად ER მოისაზრება, მაგრამ ბევრი დამეთანხმება, თუ ამ სტატუსს „გრეის ანატომიას“ გადავცემთ. შონდა რაიმსის სცენარის მიხედვით შექმნილ ისტორიას თითქოს ბოლო არ უჩანს, მაგრამ არც არავის უნდა, რომ გამოუჩნდეს. ტელე შოუმ სამედიცინო სფეროს მიმართ ინტერესი ერთი ორად გაზარდა, ზემოთხსენებულ ინდუსტრიაში არსებული პრობლემები წინ წამოწია და რაც მთავარია, ნაგლეჯებად ქცეული სოციუმის ყველა ინდივიდი ერთ ჭერქვეშ გააერთიანა. სერიალის პირველივე სეზონიდან ეკრანზე სექსუალური, რასობრივი, თუ რელიგიური უმცირესობები ყველაზე სწორი და მართალი ფორმით ჩნდებიან.

ზევით