#კინო

The Crown-ის ფინალური სეზონის პირველ ნაწილს Netflix-ზე 16 ნოემბერს ვიხილავთ

გაზიარება:

Netflix-მა პერიოდული დრამის, The Crown-ის გულშემატკივრებს დიდხანს ნანატრი ინფორმაცია გაგვიზიარა. სერიალის ფინალური სეზონი ორ ნაწილად გამოვა პირველი ნაწილის ხილვა სულ რამდენიმე კვირაში, 16 ნოემბერს შეგვეძლება, მეორე ნაწილი კი მოგვიანებით, 14 დეკემბერს ვიხილავთ.

საკაბელო ტელევიზიის მიერ გავრცელებულ 50 წამიან ტრეილერ/ტიზერში მაყურებელი თვალს გარდაცვლილი დედოფლის, ელისაბედ II-ის როლის სამივე შემსრულებელს მიადევნებს. კლერ ფოი, რომელიც დედოფლის როლს პირველ და მეორე სეზონებში ასრულებდა, ამბობს: „გვირგვინი მუდმივობის სიმბოლოა. ეს არის ის, რაც შენ ხარ და არა ის, რასაც აკეთებ”. ოლივია კოლმანი, რომელიც ტახტს მესამე და მეოთხე სეზონებში იკავებდა, განაგრძობს: „ჩვენი რაღაც ნაწილი ყოველთვის იკარგება. ჩვენ ყველამ გავიღეთ მსხვერპლი. ეს არ არის არჩევანი - ეს არის მოვალეობა”.

ბოლოს კი კადრში ვხედავთ იმელდა სტონტონის სილუეტს, მაყურებლისთვის თანამედროვე ელისაბედ II-ს, რომელიც სვამს კითხვას: „მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმ ცხოვრებაზე, რომელიც მე გვერდით გადავდე, ქალი, რომელიც მე გადავდე”.

The Crown-ის მეხუთე სეზონმა შეისწავლა მოვლენები ჩარლზისა და უელსის პრინცესა დიანას განქორწინების შემდეგ, გასულმა სეზონმა გააერთიანა, სამეფო ოჯახის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური BBC-ის პანორამა ინტერვიუ, რომელიც უელსის პრინცესამ ჟურნალისტ მარტინ ბაშირთან ჩაწერა.

ფინალურ სეზონს დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა, რადგან მან უნდა გააერთიანოს ბრიტანეთის სამეფო ოჯახში განვითარებული მოვლენები 1997 წლიდან დღემდე. სერიალი გააერთიანებს ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მომხდარ, ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს, მათ შორის პრინცესა დიანას ტრაგიკულ გარდაცვალებას ავტოკატასტროფაში, 2005 წელს პრინცი ჩარლზისა და კამილა პარკერ ბოულზის ქორწინებას, პრინცების უილიამისა და ჰარის ცხოვრებაში განვითარებულ სკანდალებსა და მათ გზად დიდ ქორწინებამდე.

მოსალოდნელია, რომ სერიალი სათანადო პატივს მიაგებს დედოფალ ელისაბედ II-ის ხსოვნასაც, The Crown, ხომ სწორედ მისი მონარქობის პერიოდის აღმასვლებსა და დაცემებზე გვიყვება აგერ უკვე მეექვსე წელია.

Netflix-ის განცხადების თანახმად, ფინალური სეზონის პირველი ნაწილი გააერთიანებს 4 ეპიზოდს, რომელშიც ვიხილავთ პრინცესა დიანასა და დოდი ფაედის ურთიერთობის განვითარებას, საბედისწერო ავიაკატასტროფამდე. სერიალის მეორე ნაწილი კი, რომელსაც მაყურებელი 1 თვეში იხილავს, 6 ეპიზოდისგან იქნება შემდგარი.

ზევით