THE DROPOUT: როგორ მოატყუა ელიზაბეტ ჰოლმსმა მთელი სამყარო

2022 წლის პირველი ნახევრის მნიშვნელოვან პრემიერებს შორის Inventing Anna და The Dropout საპატიო ადგილს დასაწყისიდანვე იკავებდნენ, Netflix-სა და Hulu-ს მინისერიალებს შორის მსგავსება დასაწყისიდან ნათელი გახლდათ. ორი ისტორია ორ ამბიციურ ქერა ქალზე, რომლებმაც საკუთარი წარმატება თავად შექმნეს, თუმცა Inventing Anna-ს გამოგონილი სიუჟეტის ხაზებისგან განსხვავებით, The Dropout არ ცვლის არც ერთ მნიშვნელოვან დეტალს, არც არარსებული პერსონაჟის გარშემო არ ავითარებს მოქმედებას, რაც მინისერიალს მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს.

მაინც რის შესახებ გვიამბობს The Dropout? ეს არის ყველაზე ახალგაზრდა ქალი მილიარდერის ელიზაბეტ ჰოლმსის აღზევების ისტორია, ამბავი იმაზე თუ როგორ დააარსა ელიზაბეტმა Theranos 19 წლის ასაკში და როგორ გადაერთო ანტრეპრენერობიდან ბიოტექნოლოგიის ინოვაციურ პერსონაზე. 

ელიზაბეტ ჰოლმსი 10 წლის განმავლობაში, მედიცინის სფეროში რევოლუციური გადატრიალებისთვის ემზადებოდა, ელიზაბეტის მიზანი დასაწყისშივე იყო ისეთი მეთოდის შექმნა, რომელიც სისხლის ანალიზს ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომს გახდიდა და ჰოლმსის მტკიცებით მან ეს მოახერხა კიდეც. მისი მტკიცებით ახალი მეთოდის გამოყენებით უმტკივნეულო პროცედურით სისხლის მიღების შემდეგ, უფრო მეტი ინფორმაციის მიღება იყო შესაძლებელი, ვიდრე ჩვეულებრივი ანალიზების დროს. 

ერთი შეხედვით, ელიზაბეტის მიზანი, სამედიცინო გადატრიალება მოეხდინა, მიღწეული იყო, თუმცა რატომ დაემუქრა ჰოლმს 20 წლიანი თავისუფლების აღკვეთის საშიშროება? - სწორედ ამ კითხვებზე პასუხებს გვთავაზობს The Dropout.

დიდი სკანდალების დაბადება Hulu-მ 8 ეპიზოდში ჩაატია და საიდუმლოებებსაც დამაჯერებლად ახადა ფარდა. ამანდა სეიფრიდმა იდეალურად მოირგო ელიზაბეტ ჰოლმსის როლი და ანტრეპრენერის სტილის განუყოფელ ნაწილად ქცეული შავი ყელიანი სვიტერით, ამბავი ერთი ამოსუნთქვით მოყვა. The Dropout-ს დინამიკური თხრობის მანერა გამოარჩევს, ერთი ისტორიიდან მეორეზე გადასვლა იმდენად ბუნებრივად ხდება, რომ მაყურებელს წამითაც არ უჩნდება ყურადღების მოდუნების სურვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ელიზაბეტ ჰოლმსის - გამოგონილი მილიარდერის ისტორია ლოგიკურ დასასრულამდე ჯერაც არ მისულა, რადგან მისი სასამართლო პროცესები ამ დრომდე მიმდინარეობს, დღეს, 31 მარტს შესაძლებლობა გვექნება The Dropout-ის უკანასკნელ ეპიზოდს მივადევნოთ თვალი და ერთად ვნახოთ როგორი დასასრული შექმნა Hulu-მ ელიზაბეტ ჰოლმსისთვის.

ზევით