17 თებერვალს გიგა აგლაძის სიურრეალისტური დრამის - „სხვა მეს“ პრემიერა გაიმართება

ეს დღეც დადგა: სიურრეალისტური დრამა, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორი გიგა აგლაძეა, ხოლო პროდიუსერი კი დევიდ ლინჩი გახლავთ, საქართველოს კინოთეატრებში 17 თებერვლიდან გავა. The Other Me-ს („სხვა მე“) პრემიერა ამერიკისა და კანადაში 4 თებერვალს შედგა და ქართულ-ამერიკულმა ნამუშევარმა უკვე დაიმსახურა დადებითი შეფასებები კინოკრიტიკოსებისგან.

„სხვა მე“ ახალგაზრდა არქიტექტორის, ირაკლის (ჯიმ სტარჯერსი) შესახებ გვიამბობს, რომელსაც თვალის იშვიათი დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. მხედველობის დაკარგვამ ფილმის მთავარი გმირი სიურრეალისტურ რეალობაში გადაისროლა. სიბრმავემ მასში სხვა ორგანოებისთვის დამახასიათებელი შეგრძნებები - სინესთეზია გააღვიძა და ირაკლიც ნელ-ნელა იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ უსინათლო ის მანამდე იყო, სანამ ხედავდა; ახლა კი, როდესაც მხედველობა სრულად დაკარგა, მას შეუძლია ადამიანების ნამდვილი მოტივები დაინახოს.

გაუსაძლისი ხილვების პარალელურად, ირაკლის ცხოვრებაში არსაიდან ჩნდება იდუმალი ქალი, რომელიც მთავარი პერსონაჟის ცხოვრებას კიდევ უფრო უცნაურსა და ამოუხსნელს ხდის.

 

ფილმის გადაღებები მთლიანად საქართველოში მიმდინარეობდა. გადასაღები  მოედნის ლოკაციებმა თბილისი, დავითგარეჯი, კიკეთი და კახეთის ერთ-ერთი სოფელიც მოიცვა. „სხვა მეს“ გადაღებების პარალელურად, საქართველოს კინოს გამორჩეული ვარსკვლავები სტუმრობდნენ, მათ შორის: ანტონია კემბელ ჰიუზი, რონა მიტრა, „ანდერვორლდის“ ერთ-ერთი მთავარი ვამპირი, როჯერ ეშტონ გრიფიტი, რომელსაც მაყურებელი „სამეფო კარის თამაშებიდან" იცნობს და რა თქმა უნდა, ქართულ-ამერიკული კინონაწარმის მთავარი გმირი, ჯიმ სტარჯესი.

„სხვა მეს“ გადაღებები საქართველოში სულ რაღაც ერთ თვეს გაგრძელდა, რაც შეეხება მონტაჟს, პოსტპროდუქციას, ხმას თუ მუსიკას, ეს დეტალები ამერიკაში ჩაიწერა.

გიგა აგლაძე კავკასიაში დევიდ ლინჩის David Lynch Foundation Caucasus-ის ფონდის პრეზიდენტია. ორგანიზაცია 2017 წლის 25 ივლისს დაარსდა და საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. როგორც გიგა აგლაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, მან The Other Me-ს იდეა და სცენარი დევიდ ლინჩს პირადად გაუმხილა, ამერიკელი კინორეჟისორი კი იმდენად მოიხიბლა გიგას იდეით, რომ საკუთარი სახელისა და გვარის გამოყენების უფლება დართო.

შეგახსენებთ, რომ „სხვა მეს“ პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 17 თებერვალსაა ჩანიშნული, ფილმის ნახვა აგრეთვე შესაძლებელია Apple TV, Amazon და სხვა უმსხვილეს პლატფორმებზე.

ზევით