#კინო

უთქმელი ისტორია, რომელიც „ეშმაკს აცვია პრადას“ მიღმა იმალება

გაზიარება:

1999 წლის შობის დღეები იყო მოახლოებული, ლორენ ვაისბერგერმა Vogue-ის ოფისში პირველად რომ შეაბიჯა. ლორენი Cornell-ის კურსდამთავრებული გახლდათ და ანა ვინტურმა, Vogue-ის რედაქტორმა მისი ასისტენტად აყვანა გადაწყვიტა. სწორედ მაშინ დაიწყო ლორენ ვაისბერგერის ცხოვრების, ერთ-ერთი ყველაზე მოდური ფილმის „ეშმაკს აცვია პრადას“ სცენარის მიხედვით განვითარება. თუმცა ჯერ ლორენის პირადი გამოცდილება და მისი ღამის კოშმარად ქცეული ცხოვრება იყო, რასაც მოჰყვა წიგნი, შემდეგ კი ყველასათვის ცნობილი ეკრანიზაცია.

ლორენ ვაისბერგერი

ასისტენტად მუშაობის პირველივე დღეებში, ლორენ ვაისბერგერმა გააცნობიერა, რომ მას არც ეს პოზიცია არ აკმაყოფილებდა და სულაც არ სურდა მომავალში დიდი მწერალი გამხდარიყო, ამ სამუშაოსაც ხომ ამ დიდი მიზნისთვის დათანხმდა. ანა ვინტურისთან მუშაობა ლორენს, ბრწყინვალე ჟურნალისტის სამომავლო კარიერას სულაც არ უქადდა, მის მოვალეობაში ლატეს მიწოდება და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით სიარული შედიოდა.

მერილ სტრიპი და ენ ჰეთეუეი, კადრი ფილმიდან The Devil Wears Prada

თვეების შემდეგ ლორენმა Vogue-ის ყოფილ რედაქტორ რიჩარდ დევიდს, რომელიც იმ დროს თანამდებობას Departures-სთვის თმობდა, საკუთარი კანდიდატურა ასისტენტის პოზიციაზე შესთავაზა, ვაისბერგერმა რიჩარდს საკუთარი ნამუშევრები გააცნო და ცნობილი რედაქტორისგან მნიშვნელოვანი რჩევაც მიიღო: წერის გაკვეთილებს დასწრებოდა.

ლორენმა რიჩარდის რჩევა გაითვალისწინა და შემოქმედებითი წერის კლასებში ჩაირიცხა, მან დაიწყო რომანის წერა იმაზე, რაც იცოდა, რაც გამოიარა და საკუთარი თვალით იხილა. ლორენი წერდა Vogue-ში მიღებულ მწარე გამოცდილებაზე, ანა ვინტურთან მუშაობის დღეებზე. ვაისბერგერის ინსტრუქტორმა მონახაზის ნახვის შემდეგ, ურჩია მას მასალა წიგნის აგენტისთვის დებორა შნაიდერისთვის ეჩვენებინა, დებორამ მალევე გადმორეკა „თუ მას ამ წიგნის გაყიდვა სურს, მე შემიძლია გავყიდო დღეს შუადღისას“.

ენ ჰეთეუეი, კადრი ფილმიდან The Devil Wears Prada

2002 წლის 21 მაისს, Women's Wear Daily იტყობინებოდა, რომ The Devil Wears Prada („ეშმაკს აცვია პრადა“) Doubleday-მ 250 ათასი დოლარად შეიძინა. როდესაც ანამ წიგნის შესახებ შეიტყო, მან თქვა: „არ მახსოვს ვინ არის ეს გოგონა“.

2003 წლის თებერვლის პირველ კვირას წიგნის პირველი ტირაჟი 100 ათასი ეგზემპლარი გამოიცა, ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ როგორც მწერალს ასევე მის სადებიუტო ნაწარმოებს თავბრუდამხვევი წარმატება ელოდა. გარდა იმისა, რომ რამდენიმე კვირაში „ეშმაკს აცვია პრადა“ ბესტსელერად იქცა, მისი ეკრანიზაციის პროდიუსერად ვენდი ფაინერმანი დაინიშნა, რომელიც ოსკაროსანი „ფორესტ გამპისთვის“ იყო ცნობილი.

ენ ჰეთეუეი, მერილ სტრიპი და ემილი ბლანტი, კადრი ფილმიდან The Devil Wears Prada

წიგნის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის მირანდა პრისლის ნამდვილ ტირანად წარმოჩენის მიუხედავად, ლორენ ვაისბერგერი პრესასთან საუბრისას ირწმუნებოდა, რომ ის არაფრით ჰგავდა ანა ვინტურს. თავად ანა წიგნის წაკითხვას არ გეგმავდა, თუმცა იმ აჟიოტაჟის შემდეგ, რომელიც „ეშმაკს აცვია პრადამ“ გამოიწვია, ვინტური გაეცნო მას, თუმცა მისი მეგობრების მტკიცებით ის სულაც არ იყო შეშფოთებული თავისი პერსონაჟით.

2005 წელს გავრცელდა ინფორმაცია - მირანდა პრისლის როლს თავად მერილ სტრიპი შეასრულებდა. ეკრანიზაციის რეჟისორის დევიდ ფრენკელის მტკიცებით, მას სურდა ეჩვენებინა სამყაროსთვის, თუ რამხელა მსხვერპლის გაღება უწევთ ქალებს იმისთვის, რომ მსგავს წარმატებას მიაღწიონ. ეს მიდგომა სრულიად განსხვავდებოდა წიგნის ფაბულისგან, რომელიც არაჯანსაღ სამუშაო გარემოზე და ამ გარემოში გულგრილ დამოკიდებულებაზე აშკარად მიუთითებდა (მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ის ანა ვინტურის შესახებ).

ანა ვინტური

საქმე ისაა, რომ დევიდ ფრენკელი ყველანაირად ცდილობდა ანა ვინტურის საზღვრები არ გადაეკვეთა, ამას მთელი ნიუ-იორკი გულმოდგინედ იმეორებდა, ყველას ეშინოდა ანას სამომავლო რეაქციის და ცდილობდნენ Vogue-ის მთავარი რედაქტორის ბრაზი არ დაემსახურებინათ. ბევრი დიზაინერი რეჟისორთან და მის შემოქმედებით ჯგუფთან საიდუმლოდაც კი თანამშრომლობდა. 

„ეშმაკს აცვია პრადას“ მსოფლიო პრემიერა 2006 წლის 30 ივნისს შედგა, სანამ ფილმს ჩვეულებრივი მოკვდავები იხილავდნენ, ერთი დღით ადრე ანა ვინტური ოჯახთან ერად სპეციალურ ჩვენებას პარიზის თეატრში დაესწრო. ეშმაკს იმ საღამოსაც მაცდურად ეცვა Prada. ფილმის ზეგავლენა ანა ვინტურის იმიჯზე განუზომელი იყო, 2006 წლის დასასრულს ანა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად იქცა, ვინტური გახდა ისეთი მეინსტრიმ სახე, როგორებიც Cher ან Madonna იყვნენ და 16 წლის შემდეგაც რჩება ადამიანად, რომლის საზღვრების გადაკვეთას იმაზე მეტად ფრთხილობენ, ვიდრე ოდესმე.

ზევით