#მხატვრობა

ხელოვნების სასახლე ირმა კუსიანის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს

გაზიარება:

საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი თანამედროვე ხელოვანის, ირმა კუსიანის პერსონალურ გამოფენას წარმოგვიდგენს. ხვალ, 4 ივნისს ხელოვნების სასახლეში 18:00 საათზე არტისტის 20-მდე ზღაპრული ნამუშევარი გამოიფინება.

„ზუსტად არ მახსოვს როდის დავიწყე, თუმცა რაც თავი მახსოვს სულ ვხატავ. პატარაობაში ყველა გართობას და თამაშს ხატვა მერჩივნა“ - ირმა კუსიანი

მართალია, ირმასთვის უცნობია ზუსტი დრო როდის გაჩნდა მის ცხოვრებაში ხელოვნება, თუმცა ის კი დანამდვილებით ვიცით, რომ ის ბავშვობიდან მოყოლებული თან სდევდა ახალგაზრდა ხელოვანს. ფიქრის ფურცელზე გადატანის სურვილმა მიიყვანა ირმა აკადემიაში და მას შემდეგ შემოქმედებითი პროცესი არც შეუწყვეტია.

საკუთარი ნამუშევრებით ბოლომდე კმაყოფილი არასდროსაა, სრულყოფილად არც ერთ მათგან არ მიიჩნევს, თუმცა იმასაც აცნობიერებს, რომ ეს შემოქმედებითი პროცესის თანმხლები მოვლენაა. ირმას ხედვა და მისი შესრულების ტექნიკა უნიკალურია, მხატვარმა წლები დაუთმო ექსპერიმენტების გზით ფერების იმ სინთეზის მიღებას, რომელიც ირმა კუსიანის ხელწერად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

შთაგონებას ყველაფრიდან იღებს, მოვლენებიდან, ემოციებიდან თუ ადამიანებიდან, მისი პერსონაჟები არც ერთ რასას თუ ერს არ მიეკუთვნებიან, ტილოებზე გამოსახული ზღაპრული გმირები რეალობასა და წარმოსახვით სამყაროს შორის არსებობენ და თავიანთი მრავალფეროვნებით, სიღრმითა და ხასიათით გვაჯადოებენ.

„ჩემთვის ინსპირაცია შეიძლება იყოს ყველაფერი, რაც ხდება ან იმყოფება ჩემს გარშემო, მაგალითად შეიძლება იყოს ცაზე ღრუბელი, ან ხეზე ფოთოლი. თუ კარგად დავაკვირდებით, ყველაფერს აქვს თავისი ხასიათი, ცხოველს, ადამიანს, ვარსკვლავს, ბალახს, ხეს, ქუჩაში შუქნიშანსაც კი. სხვადასხვა ხასიათი, განწყობა, დამოკიდებულება, სიზმარი, ამბავი, სიტყვა და კიდევ უამრავი რამ“ - ირმა კუსიანი.

ირმა კუსიანის შემოქმედება ფართოდაა ცნობილი საქართველოს საზღვრებს გარეთაც, ხელოვანს არაერთხელ მიუღია პერსონალურ თუ ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობა. მისი ნამუშევრები გამოფენილი გახლდათ ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, ესპანეთში, ნიდერლანდებში, გაერთიანებულ სამეფოსა და სხვა ქვეყნებში. აღსანიშნავია, რომ მხატვრის ნამუშევრები მრავალი კოლექციონერისა თუ ხელოვნების მოყვარული ადამიანის საკუთრებაში ინახება.


გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების ხილვის საშუალება ვიზიტორებს 1 თვის განმავლობაში შეეძლებათ.

ზევით