#მხატვრობა

„ყვავილების ობსესია“: იაიოი კუსამას აბსტრაქტული ინსტალაცია

გაზიარება:

იაიოი კუსამა თანამედროვე ხელოვნების ცოცხალი ლეგენდაა: იაპონელი მხატვარი, რომელიც ფემინიზმის, მინიმალიზმის, სიურრეალიზმის, პოპ-არტისა და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ელემენტებით უკვე ათწლეულებია კონცეპტუალური ხელოვნებისთვის განუმეორებელ ნიმუშებს ქმნის და ყოველი ახალი ქმნილებით, ახალი ინსტალაციით მსოფლიოს გაოცებას კვლავინდებურად ახერხებს.

თანამედროვეობის ალისა საოცრებათა ქვეყანაში - როგორც იაიოი საკუთარ თავს უწოდებს, 92 წლის ცოცხალი ლეგენდაა, რომელიც ადრეული ასაკიდან ფსიქიკურ დაავადებებს ებრძოდა. ალბათ, სწორედ მის გონებაში მიმდინარე ბრძოლები გახდა იმის ინსპირაცია, რომ კუსამას ყველასგან განსხვავებული, ამოუცნობი და მიუწვდომელი ნახატები, სკულპტურები და ინსტალაციები შეექმნა.

იაიოი კუსამას სამუშაო მედიუმი ისეთივე მრავალწახნაგოვანია, როგორც თავად ხელოვანი. კუსამას შემოქმედებაზე საუბრისას არაერთი ფენომენალური ნამუშევრის გახსენება შეიძლება, თუმცა ბოლო წლებში, ერთმანეთის მიყოლებით შექმნილი იმერსიული და უსასრულო სივრცეები „სარკის ოთახები“, იაიოის კარიერის სრულიად ახალ ასპექტებს ქმნის. 

Victoria Triennial-ის ნაციონალური გალერეისთვის, იაიოი კუსამამ ინსტალაცია სახელწოდებით „ყვავილების ობსესია“ 2017 წელს შექმნა. ინსტალაცია ხელოვანისთვის საწყისებთან დაბრუნებას უკავშირდებოდა, რადგან არაფერი ისე არ ახსენებდა კუსამას ბავშვობის ადრეულ წლებს, როგორც ყვავილებით მოფენილი ეს წითელი ოთახები.

ერთ დღეს, მას შემდეგ რაც სუფრაზე წითელი ყვავილის ნიმუშებს დავაკვირდი, გარშემო მიმოვიხედე და აღმოვაჩინე, რომ ჭერი, კედლები და ფანჯრები ამ წითელი ყვავილით იყო შელესილი - იხსენებს კუსამა.

გალერეაში ყოფნისას ვიზიტორებს გადასცემდნენ ყვავილების სტიკერებს, რომლებისთვისაც სასურველი ადგილის მინიჭება დამთვალიერებლებს თავად შეეძლოთ და ამრიგად ეძლეოდათ იმის საშუალებაც, რომ საკუთარი თავი ინსტალაციის ნაწილად წარმოედგინათ.

მე დავინახე მთელი ოთახი, ჩემი სხეული და მთელი სამყარო წითელი ყვავილებით დაფარული და იმ მომენტში, ჩემი სული განადგურდა. ეს არ იყო ილუზია, ეს რეალობა გახლდათ - იაიოი კუსამა 

ზევით