TheDiary-ის რედაქცია სხვადასხვა ქვეყნისა და სტილის ხუთ თანამედროვე ავტორის რომანს გთავაზობთ. მათ ერთი რამ აერთიანებს: თითოეული იდეალურად ერგება ამ ზაფხულის წასაკითხი წიგნების სიას.
სალი რუნი – „მშვენიერო სამყაროვ, სად ხარ“
ირლანდიელი მწერალი, სალი რუნი თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული და პოპულარული ავტორია. მისი სამივე რომანი მსოფლიო ბესტსელერების სიაში საპატიო ადგილს იკავებს. სალი რუნის წიგნებს მსოფლიოს ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში ნახავთ, ხოლო აეროპორტებში ხშირად შეხვდებით მათში თავჩარგულ ადამიანებს.
 |
„მშვენიერო სამყაროვ, სად ხარ“
ყიდვა
|
რუნი დიალოგების დიდოსტატი და თანამედროვე პროზის განსაკუთრებული ფიგურაა. ირლანდიელი მწერალი იმდენად მარტივი ენით წერს, რომ გვერდიდან გვერდზე გადასვლას ვერც კი შეამჩნევთ, თუმცა მოზღვავებულ ემოციებს მარტივად იგრძნობთ.
აუზთან გასატარებელი დღისთვის იდეალური არჩევანია მისი რომანი „მშვენიერო სამყაროვ, სად ხარ“. ნაწარმოების მთავარი გმირები სხვადასხვა პროფესიის, სოციალური კლასისა და ინტერესების მქონე ადამიანები არიან, რომლებიც თანამედროვე, ქაოსურ სამყაროში ცხოვრებას ცდილობენ.
ლუკა ხატიაშვილი – „ჭირის მეგობარი“
ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ლიტერატურულ სამყაროში ყოველი ახალი ხმა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. ეს ინტერესი ორმაგდება, როცა ავტორი მწერლობის ასპარეზზე ისეთი შესანიშნავი დებიუტით შემოდის, როგორიც ლუკა ხატიაშვილის შემთხვევაში ვიხილეთ.
მისი მოთხრობების კრებული, სახელად „ჭირის მეგობარი“, მთლიანად თვითირონიაზეა აგებული. ეს არის თხელტანიანი წიგნი, რომელიც ხუთ მოთხრობას აერთიანებს და მკითხველს სრულიად განსხვავებული პერსპექტივებით ათასგვარ ამბავს უყვება. ლუკა ხატიაშვილი თითოეული პერსონაჟის ტყავში თავისუფლად გრძნობს თავს, რაც მის მოთხრობებს განსაკუთრებულ დამაჯერებლობას და სიმსუბუქეს სძენს.
იანე თელერი – „არაფერი“
დანიელი ავტორის, იანე თელერის თხელტანიანი წიგნი „არაფერი“ სულ რამდენიმე საათში შეგიძლიათ ჩაიკითხოთ. „არაფერია მნიშვნელოვანი. ამას უკვე, კარგა ხანია, მივხვდი“ – ამ, ერთი შეხედვით, უწყინარი სიტყვებით იწყება ნაწარმოები, რომელშიც ავტორს იდეალურად აქვს დაჭერილი თინეიჯერული ასაკისთვის დამახასიათებელი საუბრის მანერა, ქცევები და ფანტაზიის განუსაზღვრელი უნარი.
წიგნი ძალიან მარტივი ენითაა დაწერილი და ქართული თარგმანიც არ დაგტოვებთ უკმაყოფილოს. სიუჟეტი იუმორით გაჯერებული თხრობით იწყება და ნელ-ნელა იძენს სიმძაფრეს. „არაფერი“ ფილოსოფიურად ღრმა წიგნია, თუმცა მხატვრული ხერხებით გადატვირთული არ არის, რაც მას მზის გულზე ყოფნისას, კიდევ უფრო სასიამოვნო საკითხავს ხდის.
თამარ ერაძე – „თეთრი მაგნოლია“
„ვინ არის ნამდვილი დამნაშავე და ვინ – ნამდვილი მსხვერპლი?“ – სწორედ ეს კითხვა გასდევს ლაიტმოტივად „თეთრ მაგნოლიას“, დეტექტიურ რომანს, რომლის ავტორადაც ქართული სატელევიზიო სერიალის „ხელოვნური სუნთქვა“ მთავარი პერსონაჟი, თამარ ერაძე გვევლინება.
ამ ირეალური და რეალური სამყაროების აღრევაზე პასუხისმგებელი კი სცენარისტი დავით გაბუნია გახლავთ, რომელიც პერსონაჟის სახელის მიღმა იმალება და ახალ რომანს გვთავაზობს. დავით გაბუნიას ნამუშევარი ფსიქოლოგიური ტრილერის, დეტექტივისა და სასიყვარულო რომანის ნაზავია. მოქმედება აფხაზეთის პატარა ქალაქში ვითარდება, რომელსაც ახალგაზრდა ქალის საზარელი მკვლელობა შეძრავს.
ლეო ვარდიაშვილი – „ერთი დიდი ტყის მახლობლად“
ჩვენი მკითხველი, ინგლისურენოვან ქართველ მწერალს, ლეო ვარდიაშვილს მასთან ექსკლუზიური ინტერვიუდან უკვე იცნობს. თუ ჯერ კიდევ ვერ გამონახეთ დრო მისი სადებიუტო რომანისთვის, მაშინ ზაფხულის დასვენების დღეები აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.
 |
„ერთი დიდი ტყის მახლობლად“
ყიდვა
|
წიგნის მთავარი გმირი ემიგრანტი ბიჭი საბაა, რომელიც თბილისში დაკარგული მამისა და ძმის კვალს მოჰყვება. ეს არის ამბავი გაუცხოების დაძლევაზე, ღალატზე, წარსულის გადაფასებაზე, თავგადასავალსა თუ ტრაგედიაზე. ლეო ვარდიაშვილი უკვე ახალ რომანსაც გვიმზადებს, მანამდე კი „ერთი დიდი ტყის მახლობლად“ თქვენს საკითხავების სიას აუცილებლად უნდა შეემატოს.