#კინო

2025 წლის კანის კინოფესტივალის მთავარი კონკურსის მონაწილე ფილმები

გაზიარება:

2025 წლის კანის კინოფესტივალზე მსოფლიოს ყველაზე გაბედულმა, სოციალური და პოლიტიკური თემებით დატვირთულმა და ვიზუალურად გამორჩეულმა კინოსურათებმა მოიყარა თავი. ფესტივალის მთავარ კონკურსში წელს 22 ფილმი მონაწილეობს, მათ შორის არის როგორც კანის ფესტივალისთვის უკვე ცნობილი ავტორების, ასევე დებიუტანტი რეჟისორების ნამუშევრები.

წელს მთავარი პრიზისთვის მარათონში მეოთხედ მონაწილეობს უეს ანდერსონი, ახალი ფილმით The Phoenician Scheme. რეჟისორმა მთელი ფილმი თავისი ხელწერით – პასტელური ფერებითა და მხატვრული კადრებით შექმნა.

the Phoenician Scheme, უეს ანდერსონი, უეს ანდერსონი კანის ფესტივალზე

ფილმში მთავარ როლებს ჰოლივუდის ვარსკვლავები ასრულებენ – ტომ ჰენქსი, სკარლეტ იოჰანსონი, ბენედიქტ კამბერბეჩი, რუპერტ ფრენდი და სხვები. ისტორია კი მილიარდერი Zsa-zsa Korda-ს ირგვლივ ვითარდება, რომელიც მოულოდნელად გადაწყვეტს, რომ საკუთარი ბიზნესი ერთადერთ ქალიშვილს, მონაზონ გოგონას უანდერძოს. სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ იწყება დიდი დაპირისპირებების სერია, ტერორისტული თავდასხმები თუ დასმენები. მალე გავიგებთ, მოუტანს თუ არა ეს ფილმი ანდერსონს ნანატრ ოქროს პალმის რტოს.

კონკურსში მონაწილეობას იღებს რიჩარდ ლინკლეიტერიც. მისი ახალი ნამუშევარი Nouvelle Vague ფრანგი რეჟისორის, ჟან-ლიუკ გოდარის შესახებ მოგვითხრობს. ფილმში ცოცხლდება 1959 წლის კანის ფესტივალი, „ფრანგული ახალი ტალღის“ საწყისი ეტაპი და გოდარი, რომელიც თავისი პირველი ფილმის, Breathless-ის გადაღების პროცესშია. ამერიკელი რეჟისორი ფილმს ფრანგულ ენაზე გვთავაზობს.

ჟან-პოლ ბელმონდო, ჯინ სიბერგი, Breathless, ჟან-ლიუკ გოდარის, კანის ფესტივალი 2025
ჟან-პოლ ბელმონდო და ჯინ სიბერგი ფილმში Breathless

ფესტივალზე ბრუნდება ჟულია დიუკურნოც. მისი ახალი ფილმი Alpha 13 წლის გოგონაზე მოგვითხრობს. ფილმში მთავარ როლებს მელისა ბოროსი, ტაჰარ რაჰიმი, გოლშიფტე ფარაჰანი, ემა მაკი ასრულებენ. დიუკურნოს უკვე აქვს ოქროს პალმის რტო ფილმისთვის Titane – ვნახოთ, ისევ მოიპოვებს თუ არა იგი ამ წარმატებას. 

Alpha 2025 movie, Cannes Festival 2025, ჟულია დიუკურნო

კონკურსის მონაწილე ლინ რემსის ფილმი Die, My Love არიანა ჰარვიცის რომანს ეფუძნება, სადაც მთავარი გმირი მშობიარობის შემდგომ დეპრესიას ებრძვის. ეს არის ისტორია ქალზე, რომელიც იზოლირებულ სოფელში ცხოვრობს, ოჯახი ენგრევა და დეპრესიაშია ჩაძირული. დედობის, მენტალური პრობლემებისა და შინაგანი წნეხის თემებით გაჯერებული ფილმის მთავარ როლებში ჯენიფერ ლოურენსი და რობერტ პატინსონსი არიან.

მთავარი კონკურსის მონაწილე რეჟისორი, სერგეი ლოზნიცა, ფილმში Two Prosecutors დოკუმენტურ კინოსა და ტრილერის ჟანრს აერთიანებს. სიუჟეტი სტალინის „დიდი ტერორის“ ეპოქაში ვითარდება, მთავარი გმირი კი პროკურორია, რომელიც უდიდეს რისკზე მიდის, რათა დამალულ სიმართლეს ახადოს ფარდა. ფილმის სცენარი გეორგი დემიდოვის რომანზეა დაფუძნებული.

კინოფესტივალის მთავარი პრიზისთვისაა ნომინირებულია ჯაფარ პანაჰის ახალ ფილმიც – A Simple Accident. ირანელი რეჟისორი, რომელსაც ირანის სასამართლომ 20 წლით შემოქმედებითი საქმიანობა აუკრძალა, ამჯერადაც არ ღალატობს თავის სტილს და მაყურებელს კიდევ ერთხელ ახედებს ირანული სამყაროს სიღრმეებში. რეჟისორის გარშემო არსებული პოლიტიკური დაძაბულობის გამო, ფილმის შინაარსის დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია. A Simple Accident-ის პრემიერა 20 მაისს შედგება.

un simple accident, jafar panahi, ჯაფარ პანაჰი, კანის კინოფესტივალი 2025

კიდევ ერთი საინტერესო კინოსურათია ოლივერ ჰერმანუსის The History of Sound, რომელიც ორი მამაკაცის სიყვარულის ისტორიაზე მოგვითხრობს. სცენარის მიხედვით, ამერიკელი მომღერალი ლიონელი სასწავლებლად ბოსტონის კონსერვატორიაში მიემგზავრება, სადაც დევიდს გაიცნობს. მათი კავშირი პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას წყდება, თუმცა წლების შემდეგ ისინი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს და მივიწყების ზღვარზე მყოფი ამერიკული ხალხური სიმღერების შეგროვებას იწყებენ.

The History of Sound, ოლივერ ჰერმანუსი, პოლ მესკალი, ჯოშ ოკონორი, კანის კინოფესტივალი 2025
ფილმში მთავარ როლებს პოლ მესკალი და ჯოშ ოკონორი ასრულებენ

პალმის რტოსთვის იბრძოლებს ოლივერ ლაქსის Sirat-იც. ფილმი მაროკოს უდაბნოში მამა-შვილის მოგზაურობის ისტორიას მოგვითხრობს. ისინი დაკარგული გოგონას კვალს ადგანან და მის ძიებაში თავადაც ფიზიკური და სულიერი ინიციაციის გზას გადიან.

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 13 მაისს დაიწყო და 25 მაისს დასრულდება. წელს კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტი ფრანგი მსახიობი, ჟულიეტ ბინოში, გახლავთ.

მთავარი კონკურსის მონაწილე ფილმების სრული სია ასე გამოიყურება:

  • Alpha, Julie Ducournau
  • Dossier 137, Dominik Moll
  • The Eagles of the Republic, Tarik Saleh
  • Eddington, Ari Aster
  • Fuori, Mario Martone
  • The History of Sound, Oliver Hermanus
  • La Petite Derniere, Hafsia Herzi
  • The Mastermind, Kelly Reichardt
  • Nouvelle Vague, Richard Linklater
  • The Phoenician Scheme, Wes Anderson
  • Renoir, Chie Hayakawa
  • Romeria, Carla Simon
  • The Secret Agent, Kleber Mendonça
  • The Sentimental Value, Joachim Trier
  • A Simple Accident, Jafar Panahi
  • Sirat, Oliver Laxe
  • Sound of Falling, Mascha Schilinksi
  • Two Prosecutors, Sergei Loznitsa
  • Young Mothers, Jean-Pierre and Luc Dardenne
  • Sound of Falling, Mascha Schilinski
  • Woman and Child, Saeed Roustaee
  • Resurection, BI Gan
ზევით