#კინო

MARC BY SOFIA: სოფია კოპოლას თვალით დანახული მარკ ჯეიკობსი

გაზიარება:

სოფია კოპოლა თანამედროვე კინოს ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორი პირველი ქალი ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში, რომელმაც კანის კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის პრიზი მოიპოვა (The Beguiled). იგი ოსკარის მფლობელია საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის ფილმში Lost in Translation. მისი ფილმოგრაფია აერთიანებს ისეთ ნამუშევრებს, როგორებიცაა The Virgin Suicides, Marie Antoinette, Somewhere, The Bling Ring, On the Rocks და უახლესი – Priscilla. 

ამჯერად კოპოლა დოკუმენტურ ჟანრში დებიუტისთვის ემზადება. ფილმი Marc by Sofia ამერიკელი დიზაინერის, მარკ ჯეიკობსის ცხოვრების ყველაზე საინტერესო წლებს ასახავს და მაყურებელს მის პროფესიულ თუ პიროვნულ პორტრეტს გადმოსცემს.

 

Sofia Coppola, Marc Jacobs, Marc by Sofia, სოფია კოპოლა, მარკ ჯეიკობსი
Ph: A24

პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე, არასაკონკურსო ფილმების სექციაში გაიმართება.

Marc by Sofia მხოლოდ ბიოგრაფიული კინო არ არის, ის კოპოლასა და ჯეიკობსის მეგობრობისადმი მიძღვნილი ოდაა. რეჟისორისა და დიზაინერის ურთიერთობა 1990-იან წლებში დაიწყო, როდესაც სოფიამ ჯეიკობსის Perry Ellis-ის ცნობილი grunge კოლექცია იხილა და დიზაინერის ავანგარდული ხედვა მაშინვე შეიყვარა. ამ დროიდან მოყოლებული, ისინი არა მხოლოდ მეგობრობენ, არამედ აქტიურად თანამშრომლობენ კიდეც. სოფია მონაწილეობდა მარკ ჯეიკობსის არაერთ კამპანიაში. მათ შორის მისი შემოქმედების ნაწილია სარეკლამო რგოლი სუნამოსთვის Daisy.

Sofia Coppola, Marc Jacobs, Marc by Sofia, სოფია კოპოლა, მარკ ჯეიკობსი
Ph: Getty Images

97-წუთიანი Marc by Sofia მაყურებელს საშუალებას მისცემს, დიზაინერის კარიერული გზის მნიშვნელოვან ეტაპებს ფეხდაფეხ მიჰყვეს, დაწყებული Perry Ellis-ის კოლექციიდან, Louis Vuitton-ის კრეატიული დირექტორობის ხანით გაგრძელებული და დღევანდელი პროექტებით დასრულებული. ფილმში გამოყენებულია აქამდე უცნობი საარქივო მასალა და ინტერვიუები, რომელშიც ჯეიკობსის შესახებ აქამდე უცნობ დეტალებს გაგვიმხელენ.

Sofia Coppola, Marc Jacobs, Marc by Sofia, სოფია კოპოლა, მარკ ჯეიკობსი
Ph: Juergen Teller

Marc by Sofia დიზაინერის შესახებ მეორე დოკუმენტური ნამუშევარია – პირველი, Marc Jacobs & Louis Vuitton, 2007 წელს გამოვიდა. თუმცა, სოფია კოპოლას პერსონალური კავშირი ჯეიკობსთან და მისი სარეჟისორო ხედვა ამ ახალ ფილმისადმი განსაკუთრებულ მოლოდინს აჩენს.

Sofia Coppola, Marc Jacobs, Marc by Sofia, სოფია კოპოლა, მარკ ჯეიკობსი
Ph: marcjacobs

კოპოლას ფილმები: The Virgin Suicides, Marie Antoinette თუ Priscilla, გამორჩეულად კარგად გადმოსცემს ატმოსფეროს, განწყობასა და გმირების შინაგან სამყაროს, რადგან თითოეული ნიუანსი ოსტატურადაა წარმოჩენილი. სწორედ ამიტომ, კოპოლას დოკუმენტურ ჟანრში მუშაობა არც უნდა გაუჭირდეს, პირიქით, წინ საინტერესო გამოცდილება გველის.

Sofia Coppola, Marc Jacobs, Marc by Sofia, სოფია კოპოლა, მარკ ჯეიკობსი
Ph: Jamie McCarthy/ Getty Images

მოლოდინების თანახმად, ეს ფილმი მოდისა და კინომოყვარულებისთვის თანაბრად საინტერესო ნამუშევარი იქნება, სადაც ორი სამყაროს გადაკვეთაზე მეგობრობა, სიყვარული და შემოქმედება ერთ ისტორიად გადაიქცევა.

ზევით