„საქართველო მენატრება მაშინაც, როცა საქართველოში ვარ“ – ლეო ვარდიაშვილი სადებიუტო წიგნის შესახებ

მწერალი ლეო ვარდიაშვილი დიდ ბრიტანეთში 12 წლის ასაკში წავიდა. მან უკან მოიტოვა სამშობლო, დედა და სოლოლაკი, თუმცა თბილისიდან ლონდონამდე უხილავი ძაფიც გააბა, რომელიც წლების განმავლობაში უკან ექაჩებოდა. დღეს მას ინგლისურენოვან მწერლად ვიცნობთ, რომლის სადებიუტო წიგნი უკვე მსოფლიო ბესტსელერია და ოც ენაზეა თარგმნილი. რომანზე წერენ ისეთი გამოცემები, როგორიცაა The Guardian დ The New York Times.

Leo vardiashvili, ლეო ვარდიაშვილი, ერთი დიდი ტყის მახლობლად

რომანში, რომელსაც „ერთი დიდი ტყის მახლობლად“ ჰქვია, ჩანს თუ რამდენად უყვარს მწერალს არა მხოლოდ საქართველო, არამედ თავად ლიტერატურა – თავისი ჩახლართული სიუჟეტებით, ალეგორიებით, ზღაპრული ხიბლითა და ინტერპრეტაციების სიუხვით.

წიგნის მთავარი გმირი ემიგრანტი ბიჭი საბაა, რომელიც თბილისში დაკარგული მამისა და ძმის კვალს მიჰყვება. ეს არის ამბავი გაუცხოების დაძლევაზე, ღალატზე, წარსულის გადაფასებაზე, თავგადასავალსა თუ ტრაგედიაზე.

ერთი დიდი ტყის მახლობლად, ლეო ვარდიაშვილი

„ერთი დიდი ტყის მახლობლად“

ყიდვა

 

ლეო ვარდიაშვილი ფაქტობრივად ნინო ხარატიშვილის მიერ დაწყებულ საქმეს აგრძელებს და ცდილობს არაქართველ მკითხველს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია გააცნოს. სადებიუტო რომანში მწერალი ქმნის სიურრეალისტურ ფონს: ანაქრონიზმის მეშვეობით იცვლება ქართველებისთვის კარგად ნაცნობი მოვლენების ქრონოლოგია, განსხვავებულია თბილისის გეოგრაფიაც. ამ განსხვავებულ და ღრმა სიუჟეტში ავტორი საუბრობს ომზე, იძულებით ემიგრაციაზე, ოჯახთან განშორების ტკივილსა და შინ დაბრუნებაზე.

Leo vardiashvili, ლეო ვარდიაშვილი, ერთი დიდი ტყის მახლობლად
ფოტო: Kiera Palmer

The Diary გთავაზობთ ინტერვიუს ლეო ვარდიაშვილთან, რომელშიც ავტორი სადებიუტო წიგნსა და ემიგრაციის პირად გამოცდილებაზე საუბრობს.

ლეო, როგორ შეძელით საქართველოსთან იმგვარი ემოციური კავშირის შენარჩუნება, რომელიც წიგნში კარგად ჩანს?

ლეო: თავდაპირველად, სანამ საქართველოში დავბრუნდებოდი, ემოციური კავშირის შენარჩუნება სამშობლოს, მეგობრებისა და ოჯახის მონატრების ტკივილზე გადიოდა. საქართველოდან შორს თხუთმეტ წელზე მეტი გავატარე, მაგრამ სამშობლოში დაბრუნება იყო ის ტკბილ-მწარე მომენტი, რომელმაც რომანის წერის დაწყება მაიძულა.

დიდ ბრიტანეთში რომანის წერისას საქართველოსთან ემოციური კავშირის შენარჩუნება შედარებით მარტივი იყო. ჩემი ოჯახის წევრების უმეტესობა დღემდე საქართველოში ცხოვრობს, მათ შორის დედაჩემი, თინა. ამიტომ, რომანის წერის პროცესში დიდი დრო გავატარე თბილისსა და ზოგადად საქართველოში. ნაწილობრივ ეს კვლევას ემსახურებოდა, ნაწილობრივ კი ზრდასრულ ასაკში სამშობლოს ხელახლა აღმოჩენის პროცესი იყო.

ყველა ქართველი ემიგრანტი, გულის სიღრმეში, სამშობლოს მიმართ აუხსნელ ლტოლვას გრძნობს – მიუხედავად იმისა, რამდენი ხნის წინ დატოვეს ქვეყანა ან რამდენად დაკარგული აქვთ კავშირი მასთან. ეს ლტოლვა ყოველთვის არსებობს და ყურადღებას მოითხოვს შენგან.

მეეჭვება, რომ ეს მხოლოდ ქართული ფენომენი იყოს – ყველა ემიგრანტი მთელ მსოფლიოში ამას განიცდის. თუმცა, მე, როგორც ქართველს, მხოლოდ ჩემი გამოცდილების გაზიარება შემიძლია.

საქართველო მენატრება მაშინაც კი, როცა საქართველოში ვარ.

Leo vardiashvili, ლეო ვარდიაშვილი, ერთი დიდი ტყის მახლობლად

რამდენად არის წიგნი ავტობიოგრაფიული?

ლეო: მე თბილისი 1995 წელს დავტოვე და დიდ ბრიტანეთში ჩამოვედი. საქართველოში 2011 წლამდე არ დავბრუნებულვარ. ვფიქრობდი, რომ ეს საკმარისი დრო იქნებოდა იმისთვის, რომ ყველაფერი დამვიწყებოდა, რაც საქართველოზე მახსოვდა. ბოლოს და ბოლოს, როცა წავედი მხოლოდ თორმეტი წლის ვიყავი. დაბრუნებამდე, მეგონა, რომ უბრალოდ დასასვენებლად მივდიოდი საქართველოში და ბონუსად ოჯახის წევრებსაც შევხვდებოდი.

თუმცა, როგორც კი თვითმფრინავიდან ჩამოვედი, მივხვდი, რომ ძალიან ვცდებოდი. თბილისის სუნიც კი იმდენად ნაცნობი იყო, რომ მაშინვე მოგონებებისა და ემოციების ნაკადი მომაწვა.

წიგნის პროტაგონისტი, საბა, თბილისში ჩასვლისას მსგავს ემოციებს განიცდის. თუმცა ჩემგან განსხვავებით, ის ქალაქში იდუმალებით გაუჩინარებული მამისა და ძმის მოსაძებნად ჩამოდის. ამავდროულად, ზოოპარკიდან ცხოველები გარბიან, ხოლო პოლიცია, როგორც ჩანს, საბას ჩამოსვლით ზედმეტად არის დაინტერესებული.

საბედნიეროდ, მე ეს გზა არ გამივლია – ასეთ უცნაურ თავგადასავლებთან გამკლავება არ დამჭირვებია. ჩემი დაბრუნება გაცილებით მარტივი ამბავი იყო. ამიტომაც რომანი ნაკლებად არის ავტობიოგრაფიული. მართალია, ზოგიერთი ამბავი, ისტორია და ზღაპარი ჩემი ბავშვობიდან მოდის, თუმცა მოვლენებისა და პერსონაჟების უმეტესობა გამოგონილია. ბოლოს და ბოლოს, ეს მხატვრული ლიტერატურაა.

ახლა რას ნიშნავს თქვენთვის „სახლი“?

ლეო: საქართველოა ჩემთვის სახლი. ჩემი ოჯახის უმეტესობა საქართველოში ცხოვრობს და წელიწადში მინიმუმ ორჯერ ან სამჯერ ჩამოვდივარ. რა თქმა უნდა, დიდ ბრიტანეთშიც შევიძინე მეორე სახლი, სადაც ჩემი დროის დიდ ნაწილს ვატარებ.

Leo vardiashvili, ლეო ვარდიაშვილი, ერთი დიდი ტყის მახლობლად

ძალიან ვამაყობ ჩემი ქართული ფესვებით, ამიტომ რომანის წერისას ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო თბილისის და ზოგადად ქვეყნის სულის გადმოცემა. „ერთი დიდი ტყის მახლობლად“ ინგლისურენოვანი მკითხველისთვის დავწერე – ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ის 20 ენაზე ითარგმნებოდა, მათ შორის ქართულადაც. რახან რომანი უცხოელი მკითხველისთვის დაიწერა, განსაკუთრებული ყურადღებით ვეკიდებოდი საქართველოს ხასიათის გადმოცემას. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მკითხველი შეამჩნევს ზოგიერთ ფაქტობრივ უზუსტობას (მაგალითად, ზოოპარკის წყალდიდობის თარიღი შეცვლილია), ვცდილობდი ზუსტად აღმეწერა ქართული ატმოსფერო და ქართველი ხალხის განცდები.

მთელი რომანი ჩემი სასიყვარულო წერილია თბილისსა და საქართველოსადმი. მჯერა, რომ საქართველოზე ბევრი უნდა ვისაუბროთ. ჩვენ გადავიტანეთ მრავალი შემოსევა, არეულობა და ოკუპაცია, მაგრამ მაინც ურყევად ვდგავართ.

ლეო ვარდიაშვილი, ერთი დიდი ტყის მახლობლად

რამდენად იღებთ ინსპირაციას ქართული ლიტერატურიდან?

ლეო: ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ქართული წიგნი წავიკითხო. ეს განსაკუთრებით საჭირო იყო რომანის წერისას – მინდოდა ქართულ ენაში ჩავძირულიყავი. ჩემს საყვარელ მწერლებს შორის არიან ჭილაძე, ბაბლუანი, ტურაშვილი, მორჩილაძე და იმედი მაქვს, კიდევ ბევრს აღმოვაჩენ. უნდა აღვნიშნო, რომ დანაშაულია, ჩვენი ასეთი ხარისხის ლიტერატურა ხშირად რომ არ ითარგმნება. იმედი მაქვს, რომ მეც შევიტან წვლილს ამის გამოსწორებაში.

იყო თუ არა რომელიმე სცენა ან პერსონაჟი, რომლის დაწერაც განსაკუთრებულად ემოციური ან რთული აღმოჩნდა?

ლეო: რომანში ბევრი ემოციური მომენტია, რომელთა დაწერაც რთული იყო. ჩემთვის დასაწერად ყველაზე რთული პერსონაჟი პოლიციის დეტექტივი იყო. დიდხანს მოვუნდი მისი ამბის შექმნას. არ მინდოდა ყოფილიყო მხოლოდ უხეში ანტაგონისტი და როდესაც მივაგენი გზას, მისი ქმედებების გასამართლებლად დამაჯერებელი წარსული ისტორია მომეფიქრებინა, ძალიან გამიხარდა.

Leo vardiashvili, ლეო ვარდიაშვილი, ერთი დიდი ტყის მახლობლად
ფოტო: Kiera Palme/ Palmer photography

გრძნობთ, რომ ძველი თაობების ემოციური ტვირთი, ისტორიები თუ ტკივილი, თქვენც გადმოგეცათ?

ლეო: რომანის წერისას ერთი პარადოქსი მაშფოთებდა: ნებისმიერ ომსა თუ სამოქალაქო არეულობას მოსდევს მსხვერპლი და ლტოლვილები. ისინი სტატისტიკაში აღირიცხებიან და გაზეთებსა თუ ისტორიის წიგნებში მხოლოდ ციფრებით არიან წარმოდგენილნი. რაც უფრო დიდია ეს ციფრი, მით უფრო ნაკლებად მოქმედებს ეს ინდივიდებზე, რადგან ამხელა ტრავმის გააზრება ძალიან რთულია.

ამ საერთო ტრავმის ნაცვლად, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს, ჩემს რომანში ვცადე გამომეკვლია, როგორ მოქმედებს ეს ტკივილი ერთ კონკრეტულ ოჯახზე. როგორ გადაეცემა ტკივილი და სიჩუმე თაობიდან თაობას – როგორც ოჯახის რელიკვია. ეს რომანის ცენტრალური თემაა. მაგრამ მემკვიდრეობით მხოლოდ ტკივილი არ გადმოგვეცემა – გადმოგვეცემა სიმტკიცე, სიყვარული, იუმორი, ერთგულება, სტუმართმოყვარეობა.

სოლოლაკი, Tbilisi in Details
სოლოლაკი. ფოტო: Tbilisi in Details

რომელი ნაწილია თქვენთვის ყველაზე „ქართული“ ამ წიგნში?

ლეო: ჩემი ცხოვრების პირველი თორმეტი წელი სოლოლაკში გავატარე. ეს არის ადგილი, რომელიც ჩემს მოგონებებში ყველაზე ცოცხალი და ხელშესახებია. ყველანაირად ვეცადე, სოლოლაკი ისე აღმეწერა, რომ მკითხველს ისეთი შეგრძნება ჰქონოდა, თითქოს ამ უბნის კედლებს ეხებოდა და ჰაერს გრძნობდა. გული მწყდება, როცა ვხედავ, რა ხდება სოლოლაკში დღეს. ვსაუბრობ შენობებისა და უბნისადმი უყურადღებობაზე. სოლოლაკი, თბილისის სხვა უბნებთან ერთად, საგანძურია, რომელიც განადგურდება, თუ ყურადღება არ მივაქციეთ.

როდესაც პირველად ჩახვედით ლონდონში, როგორ ცდილობდით, რომ საქართველო არ დაგვიწყებოდათ?

ლეო: როდესაც ლონდონში პირველად ჩავედი, იმედი მქონდა, რომ რაც შეიძლება მალე დეპორტაციას გამიკეთებდნენ. მთელი ჩემი ფიქრები და გრძნობები თბილისსა და ჩემს სახლზე იყო მიმართული. თუმცა, როცა ინგლისურ სკოლაში შევედი და ინგლისელი მეგობრები შევიძინე, მეც იქაური თინეიჯერი გავხდი და ეს გრძნობებიც თანდათან გაქრა. ჩემში ქართული ენის, ისტორიისა და მემკვიდრეობის შენარჩუნებაში უდიდესი წვლილი ჩემს მშობლებს მიუძღვით. ისინი არიან პასუხისმგებელნი ჩემს ქართველობაზე.

არის თუ არა რომელიმე მოგონება საქართველოზე, რომელიც წლების მიუხედავად ყოველთვის და ყველგან თქვენთან რჩება?

ლეო: ჩემი ბებია, ნინა, რომელიც სასწაულმოქმედი ქალი იყო, ისევე როგორც დედაჩემი, თინა. 1990-იანი წლების დასაწყისის ბნელ პერიოდში, ყოველ შაბათ-კვირას, მე და ჩვენს ქუჩაზე მცხოვრები ბავშვები, დედას და ბებიას ბოტანიკურ ბაღში დავყავდით. ნინა და თინა როგორც ზრდასრულებს, ისე გველაპარაკებოდნენ, გვასწავლიდნენ უამრავ რამეს, რომელთა სრულად გააზრებას წლები დასჭირდა. გვიკითხავდნენ ფასდაუდებელ ლიტერატურას. ვფიქრობ, ბევრ ქართველს აქვს იმ ბნელი დროიდან შემორჩენილი მოგონებები, რომლებიც მოსიყვარულე მშობლების ან ბებია-ბაბუების წყალობით გაცილებით ნათელი და თბილია.

და ბოლოს, ახალ წიგნზეც გკითხავთ – რა თემებს ეხება მომავალი რომანი? რას შეგიძლიათ გაგვიმხილოთ?

ლეო: მხოლოდ იმას გეტყვით, რომ შემდეგ წიგნში ქართველი პერსონაჟები იქნებიან და მოქმედება ნაწილობრივ საქართველოშიც განვითარდება. თუმცა მას არ ექნება კავშირი პირველ რომანთან. ეს სრულიად ახალი წიგნია, რომელიც ფოკუსირებულია იმაზე, თუ როგორ შეიძლება კარგი ადამიანები ზოგჯერ ყველაზე საშინელ რაღაცებს სჩადიოდნენ და თავიანთი რწმენით, ამას კეთილშობილი მიზნებით ამართლებდნენ.

ზევით