Coachella-ს დაუვიწყარი შესრულების შემდეგ, ლედი გაგამ თავის კარიერას კიდევ ერთი ეპოქალური კონცერტი შემატა. 3 მაისს, პოპვარსკვლავი 13 წლის შემდეგ ბრაზილიელ მსმენელს დაუბრუნდა. რიო-დე-ჟანეიროს კოპაკაბანას სანაპიროზე მთელი ბრაზილიიდან 2,5 მილიონამდე Little Monsters (ასე უწოდებს ლედი გაგა თავის ფანებს) შეიკრიბა. იმ საღამოს ორი ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა: ეს იყო ლედი გაგას კარიერაში ყველაზე მასშტაბური კონცერტი და, ამავდროულად, ყველაზე ხალხმრავალი შოუ, რაც კი ოდესმე ქალ შემსრულებელს ჩაუტარებია.

გაგა ბრაზილიაში კონცერტით ბოლოს 2012 წელს იმყოფებოდა. მზიან ქვეყანაში დაბრუნება 2017 წელს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო კონცერტის გაუქმება მოუწია. 10 წელზე მეტ ხანს ელოდნენ ბრაზილიელი ფანები გაგას სცენაზე გამოჩენას და ეს დღეც დადგა.

გაგამ ბრაზილიელებისთვის ხუთნაწილიანი, თეატრალიზებული შოუ მოამზადა, რომელიც მისი კარიერის ყველა ეტაპს ეხმიანებოდა. კონცერტი Bloody Mary-ით გაიხსნა, რის შემდეგაც ლედი გაგამ მრავალი ჰიტი შესრულდა - დაწყებული Alejandro და Poker Face-ით, დასრულებული ახალი ალბომის, Mayhem-ის სიმღერებით.
„ძალიან დიდი პატივია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ. რომ არა თქვენ, ბრაზილიის საოცარი ხალხი, ეს მომენტი არ შედგებოდა. მადლობა, რომ ერთად ვქმნით ისტორიას,“ – მიმართა მილიონობით მსმენელს ლედი გაგამ.

ამ საღამოს კოპაკაბანას ენერგიის ტალღამ გაუარა. ინტერნეტში გავრცელდა საოცარი ვიდეოები, სადაც ორ მილიონზე მეტი ადამიანი ერთდროულად მღერის ლედი გაგას ყველასთვის საყვარელ სიმღერებს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 3 მაისის პერფორმანსი მხოლოდ შოუ არ ყოფილა - ეს კულტურული დღესასწაული იყო.

ლედი გაგას შემდეგი გაჩერება 18 მაისს, სინგაპურში იქნება. მალე მომღერალი მსოფლიო ტურს, The Mayhem Ball-საც დაიწყებს. ბრაზილიის კონცერტი კი, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული - ისევე, როგორც შარშან მადონას კონცერტი, რომელსაც 1,6 მილიონი ადამიანი დაესწრო. სწორედ მადონას რეკორდი გააუმჯობესა ლედი გაგამ, ისევ კოპაკაბანას სანაპიროზე, ბრაზილიელ მსმენელთან ერთად.