#წიგნების თარო

„მარო“ გერმანელ მკითხველთან შესახვედრად ემზადება

გაზიარება:

სალომე ბენიძის პიესა „მარო“ საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის ისტორიას მოგვითხრობს. მარო – 19 წლის გოგონა, რომელმაც თავისი ხანმოკლე, თუმცა სავსე ცხოვრებითა და ქვეყნის დამოუკიდებლობისადმი გააზრებული თავგანწირვით ქართველთა მეხსიერებაში სამუდამოდ დაიდო ბინა. მაროს დღესაც აქვს ცოცხალი და მამოძრავებელი ძალა – ის, რაც თანამედროვე ქართველ ქალში იგრძნობა.

„მაროს“ თავდაპირველი ვერსია ლიბრეტოდ, მონოდრამისთვის დელფტის კამერული მუსიკის ფესტივალთან თანამშრომლობით შეიქმნა. მონოდრამას საფუძვლად მაროს დღიური და მისი ოჯახის შთამომავლების მოგონებები დაედო.

2024 წელს გამომცემლობა „ინტელექტმა“ სალომე ბენიძის მიერ პიესად მოყოლილი მაროს ამბავი თათია ნადარეიშვილის ილუსტრაციების თანხლებით გამოსცა.

მარო მაყაშვილი, მარო, პიესა მარო, სალომე ბენიძე, AvivA Verlag
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის შექმნილი AvivA Verlag-ის გარეკანზე თათია ნადარეიშვილის ილუსტრაცია

ამჟამად „მარო“ გერმანული გამომცემლობის, AvivA Verlag-ის ხელშია. ეს არის გამომცემლობა, რომელიც მივიწყებული საგანძურისა და მსოფლიო ლიტერატურის განსაკუთრებული ქალების ძიებაშია. წიგნს გერმანულ ენაზე იუნონა გურული თარგმნის. AvivA-მ უკვე გამოსცა სალომე ბენიძის „ქალაქი წყალზე“ და „Sheroes“, რომელთა თარგმანი ასევე იუნონა გურულს ეკუთვნის.

გერმანულმა გამომცემლობამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ფრანკფურტის ფესტივალისთვის შექმნილი კატალოგი, რომლის გარეკანზე თათია ნადარეიშვილის ილუსტრაციაა გამოტანილი. კატალოგი გერმანელ მკითხველს „მაროს“ ავტორს, ილუსტრატორსა და მთავარ გმირს, მარო მაყაშვილს აცნობს.

„მაროს“ გერმანული თარგმანის გამოცემა 2025 წლის სექტემბრის ბოლოსაა დაგეგმილი.

AvivA Verlag Herbst 2025, მარო მაყაშვილი, მარო, პიესა მარო, სალომე ბენიძე, AvivA Verlag
AvivA Verlag Herbst 2025

სალომე ბენიძე ქართველი პოეტი, მწერალი და ქალთა უფლებების დამცველია. იგი თავისი შემოქმედებით გვახსენებს ქალის იმ რეალურ სახეს, რომელიც ხშირად უსამართლოდ გვავიწყდება. 

ბენიძის კალამს ეკუთვნის ისტორიები ძლიერი, დამოუკიდებელი და საინტერესო ქალების შესახებ – ქალებისა, რომლებიც საკუთარ ცხოვრებაში მთავარი, და არა მეორეხარისხოვანი პერსონაჟები არიან. გერმანელი მკითხველი უკვე კარგად იცნობს ქალებს, რომლებიც ქართულმა ავტორმა დაგვანახვა, და სულ მალე მარო მაყაშვილსაც შეხვდება.

ზევით