ზაფხული 2025-ის საუნდტრეკი თამთა თავართქილაძისგან
პორტუგალიურ-იტალიური ენერგიიდან, თამთა თავართქილაძე საფრანგეთში მოგზაურობას იწყებს. TAMARA ქართულ-ფრანგულ სინგლს De la Mer გვთავაზობს.
ალბათ დაგვეთანხმებით, რომ თბილისის ამინდი, ზოგჯერ, სინოპტიკოსებისთვისაც კი ამოუცნობი ფენომენია. ივლისის პირველ დღეებში წვიმების სერიამ შემოგვიტია, თუმცა კინოს მოყვარულებისთვის სწორედ ასეთი ამინდია იდეალური. რა სჯობს წვიმიან დღეს – როცა კომფორტულად მოვკალათდებით, ცხელ ჩაისა თუ პოპკორნს მოვიმზადებთ და „ბინგ-ვოჩინგის“ დღესასწაულს მოვაწყობთ?! ჩვენ წარმოგიდგენთ სხვადასხვა ჟანრის სამ სერიალს, რომელთა თავიდან ბოლომდე ნახვა ერთ საღამოშივეა შესაძლებელი.
THE FOUR SEASONS
ეს სერიალი ალან ალდას 1981 წლის, ამავე სახელწოდების ფილმის რიმეიკია. ამბავი სამ დაქორწინებულ წყვილზეა, რომელთა მრავალწლიანი მეგობრობა გამოცდას გადის, როდესაც ერთ-ერთი წყვილი განქორწინებას გადაწყვეტს. სერიალს თხრობის ძალიან საინტერესო ხერხი აქვს – სიუჟეტი მიჰყვება ერთად გატარებული არდადეგებს ერთი წლის განმავლობაში და ასე გვაჩვენებს, რა სირთულეების წინაშე დგანან მეგობრები დროის ცვლილების პარალელურად. სერიალი გაჟღენთილია იუმორით, მეგობრობისა და ურთიერთობების თემებით, რაც მას იდეალურს ხდის მსუბუქი და სასიამოვნო საღამოსთვის.
ADOLESCENCE
ეს მინი-სერიალი გაცილებით დრამატული არჩევანია, თუმცა აუცილებლად სანახავი. ყოველი ეპიზოდი, რომელიც დაახლოებით 40-60 წუთს გრძელდება, ერთი, უწყვეტი კადრითაა გადაღებული. მსახიობების, განსაკუთრებით კი მთავარი როლის შემსრულებელი ბიჭის შესრულებაზე უკვე მთელი მსოფლიო საუბრობს. სერიალი გვაფიქრებს, თუ რამდენად რთულია 13 წლის მოზარდების ყოველდღიურობა და როგორი ყურადღება სჭირდებათ მათ სოციალური ქსელებისა და ბულინგის ეპოქაში. Adolescence უამრავ მგრძნობიარე თემას ეხება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფილმია მასწავლებლებისა და მშობლებისთვის, რათა უკეთ გაიაზრონ მოზარდების გამოწვევები.
ZERO DAY
თუ წვიმიანი დღეები გამოძიების ხასიათზე გაყენებთ, Zero Day იდეალური არჩევანია binge-watching-ისთვის. მთავარ როლში რობერტ დე ნიროა, რომელიც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს განასახიერებს. სერიალის სიუჟეტი ეროვნული კიბერშეტევის გამოძიების ირგვლივ ტრიალებს. ეს შოუ შექმნილია იმისთვის, რომ დივნის კიდეზე მიგვაჯაჭვოს და სრულიად ჩაგვითრიოს სიუჟეტში. სერიალში ისეთ თანამედროვე გამოწვევებზეა საუბარი, როგორიცაა კიბერტერორიზმი, პოლიტიკური მანიპულაცია და სიმართლის ძიება 21-ე საუკუნეში, რომელიც შეთქმულების თეორიებით არის სავსე. სერიალი იდეალურია წვიმიანი დღისთვის, როცა გსურთ, ჩაეფლოთ დაძაბულ ნარატივში, რომელიც სრულ ყურადღებას მოითხოვს.