ამალ კლუნისა და ჯორჯ კლუნის ფონდი TrialWatch ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გამამტყუნებელ განაჩენს ეხმაურება. ფონდის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით საქართველო უერთდება იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებიც სისხლის სამართლის კანონმდებლობას ჟურნალისტების გასაჩუმებლად და სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად იყენებენ.

TrialWatch-ის იურიდიული პროგრამის უფროსი მენეჯერის, ქეით ლევინის, თქმით, ეს განსაკუთრებით პრობლემურია პოლიტიკური არასტაბილურობის დროს, როდესაც საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება დამოუკიდებელ მედიაზე წვდომა. ფონდი, რომელიც უსამართლოდ დაპატიმრებულ ჟურნალისტებს უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს, მზია ამაღლობელის საქმეს დაკავების დღიდანვე აკვირდება.
TrialWatch-ი გეგმავს, რომ საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების შესაბამისად, ამ საქმის სამართლიანობის შესახებ ანგარიში მოამზადოს.

შეგახსენებთ, რომ 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
კლუნების ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 4 აგვისტოს გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება, სადაც დეტალურადაა აღწერილი ამაღლობელის დაკავების გარემოებები და მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული დევნის შემთხვევები. მათ შორის, ნახსენებია ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან მუქარა და ღირსების შემლახავი მოპყრობა, რის გამოც მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

TrialWatch-ის განცხადებაში ასევე გამახვილებულია ყურადღება 2024 წლის ნოემბრიდან მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების დროს, პოლიციის მხრიდან, ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილ ძალადობაზე. საუბარია საქართველოს მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევის ცენტრის მიერ დაფიქსირებულ 90-ზე მეტ შემთხვევაზე, როდესაც სამართალდამცავებმა მედიის წარმომადგენლებზე იძალადეს ან პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს მათ. ამ დანაშაულებრივ ქმედებებზე კი, პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის დაკისრებია.