ჯიჯი ჰადიდმა 30 წლის იუბილე ნიუ-იორკში ვარსკვლავურ წრეში აღნიშნა
ჯიჯი ჰადიდმა 30 წლის იუბილე ნიუ-იორკში ბრედლი კუპერთან და ვარსკვლავურ სტუმრებთან ერთად აღნიშნა.
საკულტო ფილმების: ინტერსტელარის, ოპენჰაიმერის თუ ბნელი რაინდის ტრილოგიის რეჟისორი, სულ მალე ეპიკურ პოემას, ოდისეას დიდ ეკრანებზე გააცოცხლებს.
კრისტოფერ ნოლანის ფილმი "The Odyssey" 2026 წლის 17 ივლისს გამოვა და მთავარ როლში მეტ დეიმონს ვიხილავთ.
ვთანხმდებით, რომ კრისტოფერ ნოლანის ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ამბიციური განაცხადია, თუმცა "მარტოობის ასი წელიწადის" ეკრანიზაციის დაანონსების შემდეგ, უკვე აღარაფერი გვიკვირს. ნოლანი დასავლური ლიტერატურის ფუნდამენტური ტექსტის გაცოცხლებას უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით გეგმავს.
გემახსოვრებათ, რომ ნოლანმა ოპენჰაიმერისთვის საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო რეჟისორის კატეგორიებში ოსკარი დაიმსახურა. ნოლანის სარეჟისორო ოსტატობაში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა ბუნებრივია, როდესაც ისეთ საკულტო ნაწარმოებს ეხება საქმე, როგორიც ჰომეროსის ოდისეაა, დიადი რეჟისორებიც კი ფეხის წვერებზე იარებიან.
რისკის გარეშე ამ ცხოვრებაში არაფერი გამოვა, სწორედ ამიტომ ნოლანმა გადაწყვიტა კარიერის ყველაზე დიდი ფსონი ჰომეროსის ოდისეაზე დადოს. რეჟისორი ფილმს Universal Pictures-თან ერთად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, IMAX film ტექნოლოგიის გამოყენებით გადაიღებს.
ქასტის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ცნობილია, მათ შორის არიან მსახიობები, რომლებიც ნოლანის ფილმებში არაერთხელ გვინახავს. სავარაუდოა, რომ მეტ დეიმონი ითაკას მბრძანებლის როლში მოგვევლინება. ფილმში ვიხილავთ ტომ ჰოლანდს, ზენდეიას, ენ ჰეთეუეის, რობერტ პატინსონს, ლუპიტა ნიონგოსა და შარლიზ თერონს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტომ ჰოლანდი ოდისევსის შვილს, ტელემაქეს განასახიერებს.
ნოლანის ფილმამდე დიდი დროა და ჰომეროსის საკულტო წიგნი შეგიძლიათ, გადაიკითხოთ. ჩვენ კი, იმას შეგახსენებთ, რომ სიუჟეტი ტროას ომში წასული მეფისა და მებრძოლის, ოდისევსის სახლში, ითაკას სამეფოში დაბრუნების ამბავს მოგვითხრობს. სახლში დაბრუნება მარტივი საქმე როდია. ფათერაკებით სავსე მოგზაურობაში ოდისევს ოლიმპოს ღმერთი, უძლეველი პოსეიდონი ხელს უშლის, ქალღმერთი ათენა კი, პირიქით, ეხმარება. მამა შინ დაბრუნებას ცდილობს, ამ დროს კი, უკვე წამოზრდილი შვილი, ტელემაქე მშობლის საძებნელად მიემართება.
ოდისევსის ამბავი კაცობრიობისთვის საუკუნეებია ცხოვრების სახელმძღვანელო, მწერლებისთვის კი უშრეტი ინსპირაციის წყაროა. ასე რომ, ეჭვიც არავის ეპარება, რომ მთელი მსოფლიო, მათ შორის ჩვენც, სულმოუთქმელად ელის 2026 წლის ზაფხულის პრემიერას.