ამსტერდამის Eye Filmmuseum-ი შემოდგომაზე მსახიობ ტილდა სუინტონის გამოფენას „Tilda Swinton – Ongoing“ უმასპინძლებს. ეს იქნება უნიკალური, რეტროსპექტიული გამოფენა, რომლის კურატორიც თავად მსახიობია. დამთვალიერებლის წინაშე ტილდას კარიერა გაცოცხლდება – ისტორია, რომელიც მეგობრობის, დიალოგებისა და საინტერესო ადამიანებთან თანამშრომლობის ძალაზე მოგვითხრობს.
Ph: Ruediger Glatz, 2024
გამოფენაზე არამხოლოდ მსახიობის მიერ შესრულებული როლები იქნება წარმოდგენილი – „Tilda Swinton – Ongoing“ ახალ ნამუშევრებსა და საარქივო მასალას გააერთიანებს, რომლებიც ტილდა სუინტონის 40-წლიან მოგზაურობას ასახავს კინოს, მოდისა და ხელოვნების სივრცეში.
თუ შეიძლება, ადამიანს ფლუიდური ვუწოდოთ, ეს ეპითეტი ტილდას ნამდვილად შეეფერება — ის მსახიობია, რომელიც ყველა როლსა და გარემოს ირგებს: ბრწყინვალედ თამაშობს ჰოლივუდურ ბლოკბასტერებში, მოდის კამპანიებსა თუ კონცეპტუალურ პერფორმანსებში, მასობრივი წარმოების ფილმებსა და ინტიმურ, მხატვრულ ნამუშევრებში.
ასევე ვიხილავთ ოლივიე საიარის ინსტალაციას და ფოტოგრაფ ტიმ უოკერთან ერთად შექმნილ ნამუშევარს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება რეჟისორ დერეკ ჯარმანის საარქივო მასალაც, რომლითაც ტილდა იმ რეჟისორს მიაგებს პატივს, რომელმაც პირველად გადაიღო იგი კინოში (ფილმი Caravaggio, 1986 წ.).
Ph: Jacqueline Lucas Palmer, 1991
Ongoing მუზეუმის ისტორიაშიც გამორჩეული გამოფენაა — აქ ყურადღების ცენტრში არა რეჟისორი, არამედ მსახიობია. ტრადიციულად, მსახიობებს აღიქვამენ როგორც რეჟისორის ხედვის მატარებლებს, თუმცა ეს პროექტი ამ ჩარჩოს არღვევს და ტილდა სუინტონს თანაავტორად და მუზად წარმოსახავს.
ტილდასთვის ეს ნამუშევრები რეჟისორებთან მის განსაკუთრებულ კავშირს ასახავს — ურთიერთობას, რომელიც პროფესიულს სცდება და ტრანსცენდენტურ განზომილებას იძენს. Ongoing უფრო ცოცხალი ავტობიოგრაფიაა, ვიდრე კარიერის მშრალი შეჯამება — ეს ნარატივი ჯილდოებსა და როლებს კი არა, იმ ურთიერთობებს მიყვება, რაც ტილდამ ათწლეულების მანძილზე შექმნა.
ტილდა სუინტონი ივ სენ ლორანისთვის, რეიკიავიკი, ფოტოს ავტორი ტომ უოკერი
სუინტონი გამოფენის იდეის ფორმულირებას საუკეთესოდ აკეთებს: „ახალი ფოთლები ძველ, ღრმად ფესვგადგმულ ხეებზე“.
გამოფენასთან ერთად Eye-ში ტილდა სუინტონის ფილმოგრაფიიდან შერჩეული ნამუშევრების ჩვენებები, დისკუსიები და საჯარო შეხვედრები გაიმართება. გამოფენა 28 სექტემბერს იხსნება და 2026 წლის 8 თებერვლამდე გასტანს.
TPO, გელ-ლაქის ერთ-ერთი ინგრედიენტი, ევროკავშირში აკრძალული ნივთიერებების რიგს შეემატა. სალონებსა და მწარმოებლებს არსებული მარაგის განადგურება და უსაფრთხო ალტერნატივებზე გადასვლა დაევალათ. ნახეთ, რა არის TPO და რა ცვლილებებია მოსალოდნელი სილამაზის ინდუსტრიაში.
ქართველი მომღერალი, მოდელი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია მსმენელს 20-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ უბრუნდება. 7 ივლისს, 18:30 საათზე, „კავეა სითი მოლში“ მისი ახალი სიმღერისა და კლიპის პრემიერა გაიმართება.