#კინო

აჟიოტაჟი დისნეის "ფიფქიას" გარშემო კვლავ გრძელდება

გაზიარება:

| ანნა მათიაშვილი |

2025 წელს “ფიფქიას” ახალი live action ადაპტაცია გამოვა, რომელშიც მთავარ როლებს სტივენ სპილბერგის West Side Story-ის ვარსკვლავი რეიჩელ ზეგლერი და გალ გადოტი შეასრულებენ. საკულტო ზღაპარი, რომლის პირველი ეკრანიზაციაც 1937 წელს შეიქმნა, ამჯერად ოსკაროსანი რეჟისორის გრეტა გერვიგისა და ერინ კრესიდა უილსონის განახლებული სცენარით წარდგება მაყურებლის წინაშე. 

snow white, disney, gal gadot, rachel zegler, ფიფქია, დისნეი
ფოტო: IMDB

მიუზიკლი 2021 წელს დაანონსდა და მას შემდეგ არა ერთხელ გახდა ცხარე დებატების საგანი. პირველი კონტროვერსია ქასთში რეიჩელ ზეგლერის გამოჩენამ გამოიწვია. ხალხის აზრით, “თოვლივით თეთრი” კანის მქონე ფიფქიას პერსონაჟის როლი ლათინური წარმოშობის მსახიობისთვის შეუსაბამო იყო. თავად სცენარისტების ჩანაფიქრი კი არათეთრკანიანი პრინცესის პერსონაჟის წარმოდგენა იყო. რეიჩელ ზეგლერმა მის მიმართ წამოჭრილ რასისტულ კომენტარებს მოკლედ უპასუხა: “იმედი მაქვს, ყველა პატარა ბავშვმა იცის, რომ შეუძლია პრინცესა იყოს, ყველაფრის მიუხედავად.”

ფილმის რეჟისორმა და მსახიობებმა მრავალჯერ გაუსვეს ხაზი იმ ფაქტს, რომ ფიფქიას “რიმეიქი” უამრავ განსხვავებულ მახასიათებელს ატარებს და თანამედროვეობაზეა მორგებული. ამერიკულ ჟურნალთან “The Variety” ინტერვიუში გალ გადოტმა და რეიჩელ ზეგლერმა განაცხადეს, რომ მათ ფილმში ფიფქიას არ გადაარჩენდა პრინცი. გოგონა წარმოდგენილი იქნება, როგორც ძლიერი ქალი, რომელიც არა ნამდვილ სიყვარულზე, არამედ ლიდერობაზე ოცნებობს. West Side Story-ის მსახიობმა ზღაპრის პერსონაჟ პრინცს სტალკერიც უწოდა და აღნიშნა, რომ ანიმაციის უამრავი დეტალი თანამედროვე ეპოქისთვის შეუსაბამო და მიუღებელი იყო. “მულტფილმი 85 წლის წინ შეიქმნა და შესაბამისად, ის ძალიან მოძველებულია ქალთა როლებისა და ძალაუფლების საკითხში”.

disney, snow white, rachel zegler
ფოტო: The Hollywood Reporter

ზეგლერის ამ განცხადებებმა კიდევ უფრო დიდი განხილვა გამოიწვია სოციალურ მედიაში. ერთ-ერთი კონსერვატიული მედია საშუალება Daily Wire იმასაც ამბობს, რომ ანიმაციის საკუთარ ვერსიას გადაიღებს, რომელიც იმ ღირებულებების მატარებელი იქნება, რომლებზეც ზღაპარი თავდაპირველად შეიქმნა. ერთ-ერთმა ტიკ-ტოკ მომხმარებელმა თავის ვიდეოში გააკრიტიკა დისნეის მცდელობა, რომ ზღაპრის პერსონაჟი ე.წ. “Girl Boss”-ად გადააქციოს - “ფიფქიას ზღაპრის არსი არ არის ის, რომ იგი ცდილობს ლიდერი გახდეს. ის არ არის ფემინისტური ხატი”. უარყოფითი კომენტარი გააკეთა აგრეთვე 1937 წლის ვერსიის რეჟისორის შვილმა, დევიდ ჰენდმა, რომელმაც შარშან The Daily Telegraph-თან ინტერვიუში დისნეის წამოწყებას სირცხვილი უწოდა.

კინოსურათის ახლად გამოშვებულ თიზერში ფიფქიას ზღაპრულ სახლს, 7 ჯუჯასა და ბოროტ დედინაცვალს ვხედავთ, რომელიც სარკეს გადამწყვეტ შეკითხვას უსვამს - “Mirror, mirror on the wall, who’s the fairest one of all?”. ვიდეოს კომენტარებში უმეტესად ნეგატიურ ფრაზებს ვხვდებით, დებატები კი კიდევ ერთ საკითხზე წამოიჭრა. live action ფილმში, სადაც პერსონაჟები თუ ბუნება არა კომპიუტერის შექმნილი, არამედ კამერის გადაღებულია, ფიფქიას ჯუჯების გამოსახულებები CGI-ის პროგრამითაა გენერირებული. რეალობიდანაა ყველაფერი, გარდა ჯუჯებისა. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება პიტერ დინკლიჯის განცხადებას დავუკავშიროთ - ერთ-ერთ პოდკასტში აქონდროპლაზიის მქონე მსახიობმა 7 ჯუჯის ისტორია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ზღაპარში მათი ცხოვრება სტერეოტიპულია. შესაძლოა, სწორედ "სამეფო კარის თამაშების" ვარსკვლავის შეხედულების გამო მოხდა ჯუჯების პერსონაჟების კომპიუტერულად გენერირება, თუმცა, გადამღებმა ჯგუფმა ვერც ამით დაიმსახურა ხალხის მოწონება. როგორც სოციალურ ქსელებში წერენ, ჯუჯების ისტორიის ცვლილების ნაცვლად, ფილმში აქონდროპლაზიის მქონე მსახიობების არარსებობას ვაწყდებით.

ადაპტაცია შეიძლება 2025 წლამდე კიდევ ბევრჯერ გაეხვეს სკანდალში. დისნეის ფილმი ბევრისთვის მიუღებელი დეტალებითაა სავსე, ზოგი კი მის ინკლუზიურობას უსვამს ხაზს. ყველაფრის მიუხედავად, მთავარი ის გამოხმაურებაა, რომელსაც სურათი კინოთეატრებში გამოსვლის შემდეგ ხალხისგან მიიღებს.

ზევით