#კინო

ალენ დელონის გამორჩეული როლები

გაზიარება:

| ანნა მათიაშვილი |

ფრანგული კინოს ლეგენდა ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, მსახიობი ბოლო წლები ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძოდა. ოჯახის წევრების თქმით, ფრანგული კინოს ოქროს ეპოქის მთავარი შემოქმედი საკუთარ სახლში შვილებისა და ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა. გამორჩეული ვიზუალისა და ნიჭის მქონე მსახიობს ათწლეულების განმავლობაში ჰქონდა ხალხის გულები დაპყრობილი. მისი უდიდესი მემკვიდრეობა, შესრულებული როლების სახით, კიდევ დიდხანს შემორჩება ჩვენს მეხსიერებას.

Le Samouraï

alain delon, le samouraï, ალენ დელონი

ჟან-პიერ მელვილის neo-noir ფილმში ალენ დელონი ცივსისხლიანი და საიდუმლოებებით მოცული მკვლელის, ჯეფ კოსტელოს, როლს ასრულებს. 1967 წლის ფილმის მოქმედება პარიზში მიმდინარეობს და მკვლელის ცხოვრებას ფანტასტიურად ასახავს. ფრანგი მსახიობის სერიოზული ხასიათისა და სამსახიობო ნიჭის წყალობით ჯეფ კოსტელოს პერსონაჟი ნამდვილი სამურაის მახასიათებლებს ატარებდა, როგორებიცაა სიმშვიდე, პასუხისმგებლობა და თავდაჯერებულობა.

Purple Noon

purple noon, tom ripley, ალენ დელონი, alain delon

ტომ რიპლის პერსონაჟს ბევრი თქვენგანი მეთ დეიმონის შესრულებული როლით იცნობთ, თუმცა The Talented Mr. Ripley პატრიცია ჰაისმიტის რომანის პირველი ეკრანიზაცია არ გახლავთ. 39 წლით ადრე ცნობილი თაღლითისა და con-artist-ის პერსონაჟი ალენ დელონმა “Purple Noon”-ში განასახიერა. ფრანგი მსახიობის ირონიული ღიმილი და მიმზიდველი ხასიათი ზუსტად მიესადაგება თვალთმაქცია ტომ რიპლის ბუნებას. ალენ დელონის სამსახიობო ოსტატობის გარდა, ფილმი საფრანგეთისა და იტალიის თვალისმომჭრელი პეიზაჟებით მოგხიბლავთ.

La Piscine

la piscine, alain delon, romy schneider, რომი შნაიდერი, ალენ დელონი,

ჟაკ დერეის ფილმში ეჭვიანობის, ვნებისა და ღალატის თემებს ვაწყდებით. ალენ დელონი რომი შნაიდერთან ერთად სასიყვარულო ურთიერთობის ვნებათაღელვას წარმოგვიდგენს. მოქმედება მზის სხივებით გადაჭედილ ფრანგულ რივიერაზე ხდება, სადაც წყვილის იდილიას ძველი მეგობრისა და მისი ქალიშვილის გამოჩენა დაარღვევს. საინტერესოა, რომ ცნობილი წყვილის რომანი რეალურ ცხოვრებაში ფილმის გადაღებამდე დასრულდა, რომი შნაიდერის მთავარ პერსონაჟად აყვანა კი ალენ დელონის სურვილით გადაწყდა.

L’insoumis

l'insoumis, alain delon, ალენ დელონი

ალენ კავალიეს პოლიტიკურ დრამაში ალენ დელონის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და დამაფიქრებელ შესრულებას ვხვდებით. ფრანგი ვარსკვლავი ტომასის, ახალგაზრდა რევოლუციონერის როლს თამაშობს, რომლის იდეალისტური მოლოდინებიც იმედგაცრუებით სრულდება. მსახიობი პერსონაჟის შინაგან კონფლიქტებსა და მორალურ დილემებს, ალჟირის დამოუკიდებლობის ომის ფონზე წარმოაჩენს.

Zorro

zorro, alain delon, ზორო, ალენ დელონი

ზოროს არაერთ ინტერპრეტაციას ვიცნობთ, თუმცა ალენ დელონის შესრულებული საკულტო პერსონაჟის შესახებ ბევრმა არ იცის. 1981 წლის კომედიურ ფილმში ზოროს ლეგენდა ახლებური ხედვითაა წარმოდგენილი. ალენ დელონი მისი ჩვეული დრამატული როლებისგან განსხვავებით, "Zorro”-ში სახალისო და გასართობ შესრულებას წარმოგვიდგენს.

L’eclisse

alain delon, l'eclisse, ალენ დელონი

მიქელანჯელო ანტონიონის L’eclisse ევროპული მოდერნისტული კინოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრად ითვლება. ფილმი რეჟისორის მესამე კინოსურათია იმ ტრილოგიისა, რომელიც თანამედროვეობასა და მის უარყოფით მხარეებზე თამამად გვიყვება. მთავარი პერსონაჟი ვიტორიაა, რომელიც შეყვარებულთან დაშორების შემდეგ თანამედროვე, გაუცხოებულ რომში გადადის საცხოვრებლად. ქალი დიდ ქალაქში ალენ დელონის პერსონაჟს, საფონდო ბროკერს - პიეროს ხვდება, რომელიც ერთგვარად მატერიალისტურ, სწრაფ და ემოციური კავშირებისგან დაცლილ სამყაროს ასახავს.

Rocco and his brothers

rocco and his brothers, alain delon, ალენ დელონი

იტალიური კინოს კლასიკად აღიარებულ ნეო-რეალისტურ ფილმში ალენ დელონი როკო პარონდის - მუშათა კლასის წარმომადგენელის როლს თამაშობს. ემიგრანტი ოჯახის ხუთი ძმიდან როკო მთავარი მორალური საყრდენია. ომის შემდგომ იტალიაში მცხოვრები როკო ოჯახისადმი ერთგულებასა და საკუთარ პრინციპებს შორის დილემაშია მომწყვდეული. ფრანგი მსახიობისთვის აღნიშნული როლი კარიერის განმსაზღვრელი აღმოჩნდა, ვინაიდან იგი ოსტატურად გადმოსცემს ადამიანის ემოციების კომპლექსურობასა და სიღრმეს.

ზევით