დეა კულუმბეგაშვილის ფილმი ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე

დეა კულუმბეგაშვილის თქმით, ის ფემინურ ფილმებს იღებს და სამყაროში ქალების განსხვავებული გამოცდილებების, ქალური სიუჟეტებისა და ამბების თხრობა უყვარს. 2024 წელს ვენეციის კინოფესტივალზე დეას მორიგი ქალური კინოს, “აპრილის” პრემიერა გაიმართება. ქართველი რეჟისორი რიგით 81-ე ვენეციის საერთაშორისო ფესტივალზე მთავარი პრიზისთვის, ოქროს ლომისთვის იბრძოლებს. ფილმში მთავარ როლებში ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და მერაბ ნინიძე არიან.

დეა კულუმბეგაშვილი

სიუჟეტი პატარა ქალაქის საავადმყოფოს მეან-გინეკოლოგი ქალის ირგვლივ ვითარდება. ნინა მარტოხელაა, ურთიერთობებისა და პირადი ცხოვრების ნაცვლად მთლიანად სამსახურზეა გადართული. ერთხელაც, მისი მეთვალყურეობის დროს ახალშობილი გაჩენიდან რამდენიმე წამში იღუპება. ნინას მიმართ მაშინვე ბრალდებები ჩნდება, იწყება გამოძიება და ნინას პერსონალური თუ პროფესიული ცხოვრება მიკროსკოპის ქვეშ აღმოჩნდება. რისკის მიუხედავად ნინა საქმიანობას მაინც აგრძელებს, რადგან იცის, რომ თუ არა ის, ამ საქმეს სხვა არავინ გააკეთებს.

დეა კულუმბეგაშვილი "აპრილი"

ნინას როლს ია სუხიტაშვილი ასრულებს. დეას და იას თანამშრომლობა რეჟისორის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში უკვე შედგა. ფილმს “დასაწყისი” ჰქვია და 2020 წელს კანის კინოფესტივალის ოფიციალურ კანდიდატად იყო დასახელებული. ფილმისთვის დეამ სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო და ტორონტოს ფესტივალის ნომინაცია მოიპოვა. ერთი წლის შემდეგ კი სან-სებასტიანის კინოფესტივალზე ჟიურის წევრი იყო. 2023 წელს ქართველი რეჟისორი ჟიურის წევრად  ბერლინალეზეც მოგვევლინა. იქამდე იყო ორი წარმატებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი - “ლეთე” და “უხილავი ადგილები”. ეს უკანასკნელი კანის ფესტივალზე ოქროს რტოს ნომინანტიც იყო. წელს კი ვენეციის ბიენალე 2024-ისა და “აპრილის” ჯერი დადგა.

"ქალებმა გაუსწრეს კაცებს კინოში, უკან ჩამოიტოვეს. ბევრად უფრო თამამ ფილმებს იღებენ. უფრო გაბრაზებულ ფილმებს. უფრო ცოცხალ ფილმებს, - გოგი გვახარია.

კინოფესტივალი 28 აგვისტოს ტიმ ბარტონის "Beetlejuice Beetlejuice"-ით დაიწყება და 7 სექტემბერს პუპი ავატის "L'Orto Americano"-თი დაგვირგვინდება. ქართველი რეჟისორი და სცენარისტი წითელ ხალიჩაზე პედრო ალმოდოვარის, ტოდ ფილიპსის, ჰალინა რეინისა და სხვა წარმატებულ რეჟისორებთან ერთად გაივლის. მთავარი კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერია იქნება.

"აპრილის" სცენარის ავტორი და რეჟისორი: დეა კულუმბეგაშვილი.

პროდიუსერები: არჩილ გელოვანი, Ilan Amouyal, ლუკა გუანდანინო, Francesco Melzi d'Eril, Gabriele Moratti და David Zerat.

მუსიკა: Matthew Herbert, Jacopo Ramella.

ფოტოგრაფია: Arseni Khachaturan

ზევით