#კინო

კანის კინოფესტივალი: 77 წელი კინემატოგრაფიის სამსახურში

გაზიარება:

| ანნა მათიაშვილი |

კანის კინოფესტივალი, ერთ-ერთი ყველაზე ძველი საერთაშორისო კინოფესტივალი, საფრანგეთის სამხრეთში ყოველწლიურად იმართება. ის 77 წლის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას და დღემდე კინოინდუსტრიის მთავარი მოვლენაა. მანამ, სანამ წლევანდელი ფესტივალი დაიწყება, მისი დაარსების ისტორიის უცნობ და საინტერესო დეტალებზე გიამბობთ.

კანის კინოდაჯილდოების ისტორია მას შემდეგ იწყება, რაც მსოფლიოს პირველი საერთაშორისო კინოფესტივალი, ვენეციის კინოფესტივალი 1938 წლისთვის ფაშისტური და ნაცისტური პროპაგანდის იარაღი გახდა. იტალიისა და გერმანიის დიქტატორები, ბენიტო მუსოლინი და ადოლფ ჰიტლერი თავად აკონტროლებდნენ, თუ რომელი ფილმი მოხვდებოდა ფესტივალზე და რომელი მიიღებდა პრიზს, რაც მონაწილე ქვეყნებში, რა საკვირველია, დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. პროპაგანდისტული კინოფესტივალის წინააღმდეგ პირველ ნაბიჯს საფრანგეთი დგამს და მისი ალტერნატიული ვერსიის ორგანიზებას იწყებს, შედეგად კი ასპარეზზე კანის კინოფესტივალი ჩნდება.

cannes film festival 1946, poster, cannes, film festival
კანის კინოფესტივალის პოსტერი, 1946 წელი. "მსოფლიოს საუკეთესო ფილმები მსოფლიოს ყველაზე ლამაზ გარემოში"

პირველი ღონისძიება 1939 წლის სექტემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა ფესტივალის გახსნის დღეს, პირველი სექტემბრის დილას, ჰიტლერი პოლონეთში შეიჭრა და მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. ფესტივალზე მხოლოდ ერთი ფილმის - უილიამ დიტერლის "პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის" ჩვენება მოასწრეს და მას შემდეგ ჩაიშალა. 1945 წელს ომის დასრულების შემდეგ ფილიპ ერლანგერმა, ადამიანმა, რომელსაც პირველს გაუჩნდა ფესტივალის დაარსების იდეა, ღონისძიების კონცეფცია ფრანგული კინოს ახალ დირექტორს წარუდგინა. ამგვარად კანის ფესტივალი 1946 წელს მეორედ დაიბადა.

 ფესტივალის მთავარი მიზანი თავდაპირველად ტურისტების ნაკადის ფრანგული რივიერისკენ მიზიდვა იყო.

იმის გამო, რომ კანის კინოფესტივალი დაფინანსებებისა და ბიუჯეტის გარეშე დარჩა, საჭირო ფინანსები ხალხისგან იკრიბებოდა. ფესტივალმა ყველა სირთულე გადალახა და 20 სექტემბერს "Winter Casino"-ში ჩატარდა. კინოინდუსტრიის მთავარ ღონისძიებაზე 18 ქვეყანა იყო წარმოდგენილი. 9 ფილმმა მთავარი პრიზი - ფესტივალის გრანპრი მოიპოვა, მათ შორის რობერტო როსელინის ფილმმა “რომი, ღია ქალაქი” და ბილი უაილდერის “დაკარგულმა უიქენდმა”. მიუხედავად იმისა, რომ მისი ისტორია ახალი დაწყებული იყო, ფესტივალის სახელი გამოჩნდა ისეთი ცნობილი ფიგურების გვერდით, როგორიც უოლტ დისნეი, რობერტო როსელინი, ჟან რენუარი და სხვები იყვნენ.

alain delon, cannes film festival
ალენ დელონი კანის კინოფესტივალზე

მიუხედავად ორგანიზატორების შეუპოვრობისა, ფესტივალი რამდენიმე წლით კიდევ შეჩერდა ფინანსური პრობლემების გამო. 50-იანი წლებისთვის კი არნახული პოპულარობა მოიპოვა, რის შემდეგაც სექტემბრიდან აპრილში გადმოინაცვლა. 1952 წლიდან  კინოფესტივალმა ბინა “Palais de Festivals”-ში დაიდო, 1955 წლიდან კი დაჯილდოების მთავარ პრიზად "ოქროს პალმის რტო" გამოცხადდა. ფესტივალი ელიტის თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა და მედიის ყურადღებასაც სწორედ ამით იქცევდა. ამ პერიოდში კანში კირკ დუგლასი, სოფია ლორენი, გრეის კელი, ალენ დელონის და სხვები გამოჩნდნენ, რამაც, არავის გაგიკვირდებათ, რომ კიდევ უფრო დააჩქარა ფესტივალის წარმატება.

cannes film festival 1950s, cannes,

დღესდღეობით კანს ყოველწლიურად 300 ათასი კინომოყვარული სტუმრობს, ეს რიცხვი კი 1946 წლის სტუმართა რაოდენობას სულ ცოტა 100-ჯერ აღემატება.

ფრანგულ რივიერაზე წელს ფესტივალი რიგით 77-ე გამოშვებით დაბრუნდება და 14-დან 25 მაისამდე გაიმართება. ფესტივალზე თანამედროვე კინემატოგრაფიის გამორჩეულ ნიმუშებს შევხვდებით, რომელთაგან საუკეთესონიც "Palme d'Or"-ს წაიღებენ შინ. დაველოდოთ და გავიგოთ, თუ რომელი ფილმები გახდებიან წლევანდელი ჟიურის რჩეულნი! 

ზევით