#კინო

KINDS OF KINDNESS: იორგოს ლანთიმოსის ანთოლოგია

გაზიარება:

| ანნა მათიაშვილი |

იორგოს ლანთიმოსი Poor Things-ის წარმატების შემდეგ ახალი ფილმით დაგვიბრუნდა. ანთოლოგიური დრამა „Kinds of Kindness“ ადამიანის ქცევის კომპლექსურობის კინემატოგრაფიულ სურათს გვიხატავს, რომელიც სამი განსხვავებული, თუმცა ერთმანეთში გადახლართული ისტორიითაა წარმოდგენილი. რეჟისორი ეფთიმის ფილიპუსთან კიდევ ერთი კოლაბორაციით თითქმის სამსაათიან ფილმში გვამოგზაურებს, რომელიც შავი იუმორით, ფსიქოლოგიური დრამებითა და ეგზისტენციალური დაბრკოლებებითაა გაჟღენთილი. ფილმის ქასთი ვარსკვლავებითაა სავსე - ემა სტოუნი, ჯესი პლემონსი, უილემ დეფო, მარგარეტ ქუოლი, ჰონგ ჩაუ, ჯო ალვინი და მამუდუ ატი. იორგოს ლანთიმოსის შესანიშნავი შვიდეულის თითოეული წევრი ფილმის სამივე ნაწილში სხვადასხვა პერსონაჟის როლს ასრულებს.

kinds of kindness, yorgos lanthimos, emma stone,
ფოტო: IMDB

პირველი ნაწილი, სახელად "The Death of R.M.F.", რობერტ ფლეტჩერს (ჯესი პლემონსი) გვაცნობს. კაცს, რომლის ცხოვრების ყველა ასპექტს მისი უფროსი, რეიმონდი (უილემ დეფო) განკარგავს. გარდამტეხი მომენტი დგება მაშინ, როდესაც რეიმონდი რობერტს მკვლელობის ჩადენას უბრძანებს, რასაც ფლეტჩერის ცხოვრება კატასტროფამდე მიჰყავს. ეს ბნელი კომედიური და შემაშფოთებელი ისტორია ლანთიმოსის ადრინდელ ნამუშევრებსაც ეხმიანება, მაგალითად, "ლობსტერს", რომლის მთავარი ხაზიც სწორედ უკიდურესი მორჩილების აბსურდულობა და ტრაგედიაა.

მეორე ნაწილს „R.M.F. is Flying“ ფილმი ფსიქოლოგიურ თრილერში გადაჰყავს. მთავარი გმირი დენიელი (ჯესი პლემონსი) პოლიციელია, რომელიც ავიაკატასტროფის შედეგად მისი მეუღლის, ლიზის (ემა სტოუნი) სავარაუდო სიკვდილთან გამკლავებას ცდილობს. როდესაც ლიზი იდუმალებით სავსე გარემოებაში სახლში ბრუნდება, დენიელი იმ იდეით ხდება შეპყრობილი, რომ ქალი არა მისი მეუღლე, არამედ მატყუარა თვითმარქვიაა. ანთოლოგიის ეს ქვეთავი მწუხარების, გლოვისა და აკვიატების დესტრუქციულ ძალას ცხადად გვაჩვენებს. ჯესი პლემონსისა და ემა სტოუნის თამაში განსაკუთრებით დამაჯერებელი და ოსტატურია, რადგან ისინი სწორედ იმ ბეწვის ხიდზე მოძრაობენ, რომელიც ფილმის პერსონაჟებს რეალობასა და ბოდვას შორის აქვთ გადებული.

cannes film festival, emma stone, kinds of kindness, premiere
"Kinds of Kindness"-ის ქასთი კანის კინოფესტივალზე

ანთოლოგიის მესამე და უკანასკნელი ნაწილი, "R.M.F. eats a sandwich" მეტად სიურრეალისტურ ამბავს მოგვითხრობს. მთავარი პერსონაჟები ემილი (ემა სტოუნი) და ენდრიუ (ჯესი პლემონსი) სექტის წევრები არიან, რომლებიც ეძებენ ქალს განსაკუთრებული უნარით, რომელსაც შეეძლება გააცოცხლოს მკვდრები. ამ ისტორიის ნარატივი კვლავ კონტროლისა და ავტონომიის თემებს ეხმიანება - ემილი ვერ აკეთებს არჩევანს სექტისადმი ერთგულებას, ქალიშვილთან დაბრუნებასა და მოძალადე ქმრისგან გაქცევას შორის. მესამე ნაწილი ერთგვარად აკავშირებს და აერთიანებს ანთოლოგიის მთავარ კონცეფციას - ყოვლისმომცველ კონტროლს.

emma stone, kinds of kindness, yorgos lanthimos
 ფოტო: IMDB

„Kinds of Kindness“ არ არის რიგითი ფსიქოლოგიური ფილმი. ის მაყურებელს აიძულებს ბოლომდე ჩავიდეს რთული პერსონაჟებისა და ნარატივების სიღრმეებში. ლანთიმოსის ოსტატობით, განსხვავებული ისტორიების მიუხედავად, ფილმი თეატრალურად წარმოგვიდგენს იდენტობის, პიროვნული ავტონომიის დაკარგვის, კონტროლისა და დაქვემდებარების ერთიან სიმძიმეს.

იორგოს ლანთიმოსი არასოდეს უშინდებოდა საზღვრების გარღვევას და ადამიანის დამალული, ღრმად დამწყვდეული ბუნების უკიდურესობების სააშკარაოზე გამოტანას, რასაც მისი ძველი ფილმებიც ადასტურებს. "kinds of kindness" კი რთული და დაძაბული, თუმცა თამამი ფილმია, რომელიც მაყურებელს ფიქრს და დისკუსიას აიძულებს. ის არ გვთავაზობს მარტივ პასუხებს, მაგრამ უამრავ მნიშვნელოვან კითხვას სვამს. ფილმი ისეთ კინემატოგრაფიულ გამოცდილებას გვთავაზობს, რომელიც ერთდროულად დაძაბულობასა და სიამოვნების განცდას მოგიტანთ.

ზევით