ლაზიერის გამბიტი

| ნანკა კიკალია |

ნონა გაფრინდაშვილი - Queens Gambit

ის ყველგან პირველი უნდა ყოფილიყო: მსოფლიოს პირველი ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი, პირველი ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი, პირველი დიდოსტატი ქალი, პირველი დიდოსტატი ქალი ვაჟთა შორის, ქალთა საჭადრაკო ოსკარის პირველი მფლობელი. ნონა გაფრინდაშვილმა ქალთა ჭადრაკი არნახულ სიმაღლეზე აიყვანა და ყველას დაანახა, რომ ქალებს უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლიათ.

მიუხედავად იმისა, რომ Netflix-ის პოპულარული მინისერიალი, The Queen’s Gambit (ლაზიერის გამბიტი) გამოგონილი ვუნდერკინდი მოჭადრაკე ქალის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც ჯერ აშშ-ის, შემდეგ კი მსოფლიო ჭადრაკის ოლიმპიადებზე იმკვიდრებს ადგილს, ჭადრაკის მოყვარულთა გონებაში მაინც ნონა გაფრინდაშვილი ამოტივტივდება და გვაფიქრებინებს, რომ ამ ფილმის შექმნელების შთაგონების წყაროდ, სწორად ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი - ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი იქცა. მსგავსი აზრი, არაერთ საერთაშორისო გამოცემას დაებადა, თუმცა, რეალურად ეს ისტორია, რომელიც Netflix-ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მინისერიალად იქცა, უოლტერ ტევისის ნოველის The Queen's Gambit-ის მიხედვითაა გადაღებული, სცენარი კი ჭადრაკის ცნობილი მწვრთნელის, ბრიუს პანდოლფინისა და გროსმაისტერი გარი კასპაროვის, ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონისა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის ჩართულობით დაიწერა.

 The Queen's Gambit

რაც შეეხება ნონა გაფრინდაშვილს, ის სამეგრელოში, ოთხ ძმასთან ერთად გაიზარდა. ჭადრაკის თამაში ძმებმა ასწავლეს და სწორედ მათი მეშვეობით მოხვდა ნონა ზუგდიდის ნაკრებში, რომელიც 1953 წლის ზაფხულში, ბათუმში გამართულ მოსწავლეთა რესპუბლიკურ პირველობაში მონაწილეობდა. სწორედ ამ ტურნირზე შეამჩნია ნონა ჭადრაკის ქართული სკოლის დამფუძნებელმა ვახტანგ ქარსელაძემ მისთვის ჩვეული ინტუიციის წყალობით.

„შევამჩნიე, რომ მახვილი თვალი და პოზიციის შეფასების თავისებური უნარი ჰქონდა“

ნონა გაფრინდაშვილი

ქართველი მოჭადრაკე არაფერთი ჯილდოსა თუ ტიტულის მფლობელია. ნონა გაფრინდაშვილმა 16 წლის ასაკაში ყველა საჭადრაკო ტიტული მოიპოვა. ის 1978 წელს ფიდეს (FIDE) გადაწყვეტილებით პირველი ქალი გახდა, რომელსაც მიენიჭა საერთაშორისო დიდოსტატის (GM) წოდება მამაკაცთა შორის. მსოფლიო ჭადრაკის განვითარებაში ნონას დამსახურება იმდენად დიდია, რომ 1997 წელს ფიდემ ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი დააწესა, რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადებზე მამაკაცთა და ქალთა გუნდებში ჯამში საუკეთესო შედეგის მფლობელ ქვეყანას გადაეცემა.

ნონა გაფრინდაშვილი დაუმარცხებელია, მისი სახელი საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიაში ოქროს ასოებითაა ჩაწერილი.

 

ზევით