#სპორტი #კინო

EL MATADOR: დოკუმენტური ფილმი ილია თოფურიას კარიერაზე

გაზიარება:

| ანნა მათიაშვილი |

ქართველი სპორტსმენების წარმატებების შესახებ ყველამ კარგად ვიცით, თუმცა ხშირად ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება ის უდიდესი შრომა და თავდადება, რომელიც ამ გამარჯვებების უკან დგას. ესპანური სააგენტო filmax ქართველ MMA მებრძოლის, ილია თოფურია კარიერით დაინტერესდა და სულ მალე ახალ დოკუმენტურ ფილმს გამოუშვებს, რომელიც სპორტსმენის ცხოვრებასა და მის თანმდევ სირთულეებს ცხადად დაგვანახებს.

ჯამპაოლო მანფრედას და სენიორ მონოს მიერ გადაღებული ფილმი “მატადორი” UFC-ის მებრძოლის 8 თვეს გვაჩვენებს - პერიოდს ჯოშ ემეტთან შერკინებიდან ალექსანდერ ვოლკანოვსკის წინააღმდეგ გამართულ სატიტულო ბრძოლასა და UFC-ის ჩემპიონობამდე. 16 სექტემბერს ფილმი ესპანეთის კინოთეატრებში გამოჩნდება. მაყურებელი კი ილია თოფურიას ვარჯიშისა და ყოველდღიური ცხოვრების ექსკლუზიურ კადრებს იხილავს. “არის მომენტი, როცა ვარჯიშზე იმდენად კონცენტრირებული ხარ, რომ შენს გარშემო არსებული ყველა კამერა თუ მიკროფონი გავიწყდება”, - ამბობს 27 წლის მებრძოლი. ფილმის მთავარი ხიბლიც სწორედ იმაშია, რომ ის რეალობას შეულამაზებლად ასახავს. ამასთან ერთად, არა მხოლოდ წარსულში მიღწეულ წარმატებებს, არამედ ილიას სამომავლო ამბიციებსაც გვაცნობს.

„ჩემი ოცნება არასდროს ყოფილა მხოლოდ ჩემპიონობა. მე მინდა ვიყო ლეგენდა. მსურს თითის ანაბეჭდი დავტოვო ამ სპორტზე და არ მოვისვენებ, სანამ ამას არ მივაღწევ“.

 

ფილმში ილიას და, მარი ტლაშაძეც იღებდა მონაწილეობას. იგი ილიასა და ალექსანდრეს კარიერაში წლებია აქტიურადაა ჩართული. როგორც TheDiary-ის რედაქციას განუცხადა, 2011 წლიდან სჯეროდა, რომ მისი ძმები UFC-ის ჩემპიონები გახდებოდნენ.

“წლებია ვუყურებთ ილიას თავდაუზოგავ შრომას, მიზანდასახულობასა და განვითარებას, აქედან გამომდინარე, 100%-ით მჯეროდა, რომ ეს დღე დადგებოდა.”

მარი ტლაშაძე: ილიას წარმატება მთელი ოჯახისთვის წინასწარ კარგად გავლილი სცენარი იყო, რომელიც 17 თებერვალს რეალობად იქცა. ოჯახის წევრები არიან ადამიანები, რომლებიც ყველაზე ახლოს გიცნობენ, ყველაზე კარგად აქვთ შესწავლილი შენი პროფესია და მიზნები, რომლებიც უკვე მათი ოცნებებიცაა. როდესაც საკმაოდ რთულ გზას გადიხარ, სწორედ ოჯახი დგას უპირობოდ მუდამ შენ გვერდით.

ილია თოფურია
მარი ტლაშაძე და ილია თოფურია

რა იყო დოკუმენტური ფილმის გადაღების მიზანი?

მარი ტლაშაძე: ოქტაგონზე ვხედავთ დიდ სანახაობას, რაც ერთი შეხედვით შეიძლება მარტივადაც გვეჩვენებოდეს, მაგრამ ამის მიღმა მებრძოლი ძალიან რთულ პროცესს გადის, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. ფილმიც ამ სირთულეებსა და ქვემსუბუქი წონის ჩემპიონობამდე განვლილ გზას გვიჩვენებს. თქვენ იხილავთ ილია თოფურიას ფილტრის გარეშე და გაიცნობთ მას არა მხოლოდ როგორც “Matador”-ს, არამედ, როგორც მამას, შვილსა და ძმას.

ilia topuria, ilia topuria wife, ილია თოფურიას ცოლი
ილია თოფურია მეუღლესთან, ჯორჯინა უსკატეგისთან, ერთად

ბრძოლის კვირაში, მთელი ოჯახი ვიმყოფებოდით ილიას გვერდით და გადაღების პროცესშიც მივიღეთ მონაწილეობა. ალბათ ის დღეები ემოციური მწვერვალია, რაც შეიძლება განიცადო როგორც დამ, ოჯახის წევრმა თუ გულშემატკივარმა. დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელს საინტერესო და ემოციური სანახაობა ელის.

რეჟისორი მაყურებლების ყურადღებას განსაკუთრებით ბრძოლისწინა წონის კლების ურთულეს პროცესზე ამახვილებს, რომელიც დეჰიდრატაციასა და შიმშილს მოიცავს. თავად მებრძოლებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ მთავარი ორთაბრძოლა სწორედ სასურველ წონამდე მისასვლელი გზაა და არა რინგზე გამართული ჩხუბი.

ilia topuria, volkanovski, ვოლკანოვსკი, ილია თოფურია
ილია თოფურია და ალექსანდერ ვოლკანოვსკი

ასევე საინტერესოა პროდიუსერ ინიგო პერეს-ტაბერნეროს კომენტარები ფილმის შექმნის პროცესზე. პერეს-ტაბერნერომ აღნიშნა, რომ “მატადორის” გადაღება მისი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი საჩუქარია, რადგან საშუალება მიეცა, ბოლომდე ჩაღრმავებოდა იმ პროცესს, რომლის დროსაც ადამიანი ვარსკვლავი ხდება და აღწევს ყველაფერს, რაზეც ოდესმე უოცნებია.

ფილმის სინამდვილესა და ემოციურობას თუ გავითვალისწინებთ, გასაკვირი არ არის, რომ მან უკვე გამოიწვია საერთაშორისო კინოინდუსტრიის ინტერესი. Filmax “Matador”-ს აქტიურად სთავაზობს ფილმების კომპანიებს მთელს მსოფლიოში. როგორც მიდი ხელმძღვანელი ამბობს, საერთაშორისო ბაზარს ვერ წარუდგენდა “მატადორზე” საინტერესო და მიმზიდველ ფილმს, რადგან დოკუმენტური კადრების საშუალებით ხალხი ახლოდან გაიცნობს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფიგურას სპორტისა და გართობის სფეროში.

ilia topuria, el matador, ილია თოფურია, ufc

ჩვენი სპორტსმენების წარმატება ყველას განსაკუთრებით გვიხარია, თუმცა მათ დასაფასებლად იმ დაუღალავი შრომისა და თავდადების დანახვაც აუცილებელია, რომელიც მათ ცხოვრებას ახლავს თან. ილია თოფურიას უკვე მსოფლიო იცნობს, მასზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი კი ნათლად გვაჩვენებს, თუ რატომ არის ის მსოფლიო ჩემპიონი, MMA-ის კაშკაშა ვარსკვლავი და წარმატებულ სპორტსმენთან ერთად, განსაკუთრებული ადამიანიც.

ზევით