#მუსიკა

ქართული „ვოისიდან“ ამერიკულ „ვოისამდე“ - ნინი ბრეგვაძე ფინალისკენ მიდის

გაზიარება:

„ამერიკული ოცნება რეალურია და მე მასში ვცხოვრობ!“ - ამერიკულ მეგაშოუში მონაწილე ქართველი კონკურსანტი, ნინი ბრეგვაძე, The Voice-ის ნახევარფინალშია. რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ნინიმ, 9 საუკეთესო მომღერალს შორის დაიკავა ადგილი და 11 დეკემბერს, „ვოისის“ სცენაზე კიდევ ერთხელ ვიხილავთ.

„დიდი მადლობა თქვენი ხმებისთვის. ასევე დიდი მადლობა საუკეთესო მწვრთნელს @niallhoran-ს, რადგან მე აქ არ ვიქნებოდი, მას ასე რომ არ სჯეროდეს ჩემი! ძალიან მიხარია, სიტყვებით ვერ აღვწერ! ძალიან მიყვარხართ ყველა! შევხვდებით შემდეგ კვირას @nbcthevoice-ზე“ - დაწერა ნინიმ სოციალურ ქსელში. 

ამერიკული პროექტის 12 საუკეთესო მონაწილესთან ერთად, ნინიმ ნახევარფინალამდე ბოლო ლაივ შოუში მიიღო მონაწილეობა. Nini Iris-მა, როგორც მას უკვე ფართო აუდიტორია იცნობს, The Cure-ის ცნობილი ჰიტი - Lovesong შეასრულა. არტისტის გამოსვლა, როგორც ყოველთვის მღელვარე, ემოციური და დასამახსოვრებელი გახლდათ. და თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ლაივ შოუებში კონკურსანტების მომდევნო ეტაპზე გადასვლას მაყურებელი წყვეტს, ნინიმ მათი გულების მოგება ამჯერადაც მოახერხა. The Voice-ში ხმის მიცმა მხოლოდ ამერიკის მაცხოვრებლებს შეუძლიათ, თუმცა ნინი ბრეგვაძეს ქართველი ემიგრანტების დიდი ამალა უმაგრებს ზურგს. დარწმუნებული ვართ, რომ მომღერალს უცხოელი გულშემატკივრებიც მრავლად ჰყავს, რასაც მის სოციალური მედიის გვერდებზე უცხოელი გამომწერების სიმრავლე მოწმობს. 

ამაში დასარწმუნებლად, საკმარისია თვალი შევავლოთ ნინის გამოსვლებს The Voice-ის სოციალურ არხებში და იმ დადებით გამოხმაურებებს, რომლებსაც ქართველი მონაწილის გულშემატკივრები კომენტარებში წერენ. 

„მისი ყოველი პერფორმანსი გასაოცარია, მაგრამ ეს აბსოლუტურად განსაცვიფრებელი იყო... მხოლოდ სუპერვარსკვლავს შეუძლია ამის გაკეთება. მომეწონა ელეგანტური გარეგნობაც, იდეალურია ამ სიმღერისთვის. არასოდეს მეგონა, რომ ვინმეს შეეძლო ემღერა ისე, როგორც The Cure-ს, მაგრამ მან ეს მოახერხა და სიმღერა თავის სტილს მოარგო. უბარლოდ შესანიშნავია“ - წერს ნინის ერთ-ერთი უცხოელი გულშემატკივარი და ასეთი ასობით დადებითი შეფასებების აღმოჩენაა შესაძლებელი.

შეუდარებელი ნინი ბრეგვაძე, The Voice-ის ჟიურის წევრების ფავორიტი კონკურსანტიც გახლავთ. ნინის ნიჭიერებას, ქარიზმას და საშემსრულებლო მანერას ხაზს ყოველთვის მკაფიოდ უსვამენ როგორც მუსიკოსის მენტორი - ნაილი, აგრეთვე ჯონ ლეჯენდი, გვენ სტეფანი და რება მაკენტაიერი. ჯერ კიდევ ბრმა ქასთინგზე, ნაილ ჰორანმა ნინი „პოტენციურ გამარჯვებულად“ მოიხსენია და დიდი იმედი გვაქვს რომ ყველაფერი სწორედ აქეთკენ მიდის.

ამერიკული ოცნების რეალობად ქცევამდე, ნინი ბრეგვაძემ პირველი მუსიკალური ნაბიჯები საქართველოში გადადგა. სხვათაშორის, მომღერალი 2012 წელს The Voice-ის ქართულ ვერსიაში - „ახალი ხმა“ მონაწილეობდა. რამდენიმე წლის შემდეგ კი ნინი ქართულ X ფაქტორშიც გამოჩნდა. საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენის შემდეგ, ნინის ცხოვრებაში ჰორიზონტების გაფართოების დრო დადგა. 2016 წელს, მომღერალმა სწორედ ამერიკული ოცნებისკენ აიღო გეზი. 

თუმცა, ნინის ამერიკული ოცნების ახდენას 7 წელი დასჭირდა. ნიუ-იორკში ჩასულ მომღერალს თავის დამკვიდრება, ალბათ ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტუნარიან გარემოში მოუწია. აქ ხომ ყველა საკუთარი წილი ოცნების ასრულებას ცდილობს. თავდაპირველად, ნინიმ კაბარეს შოუებში დაიწყო გამოსვლა, რამაც დიდი საქორწინო ინდუსტრიისკენ გაუხსნა გზა. მომღერალმა კაბარესა და ქორწილების შეთავსებით დაიწყო მუშაობა, თუმცა საბოლოოდ, ქორწილი და სხვა სახის ღონისძიებებში დაფუძნდა სრულ განაკვეთზე. სწორედ 7 წელი, თავდაუზოგავი შრომა და მიზნისკენ სწრაფვა გახდა საჭირო იმისათვის, რომ ნინის დღეს ამერიკული მეგაშოუს სცენაზე დგომა შესძლებოდა.

5 საკმაოდ დაძაბული და მღელვარე ტურის შემდეგ, ნინი ბრეგვაძეს 11 დეკემბერს ლაივ შოუში კიდევ ერთხელ ვიხილავთ. პოტენციური ფინალისტების ბედს კვლავ მაყურებელი წყვეტს, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ ნინი კიდევ ერთხელ მოახერხებს ყველას გაოცებას. 

#GoodLuckNini

ზევით