#მუსიკა

OPEN AIR-ზე უნიკალური ესთეტიკების აფეთქება გველის

გაზიარება:

დღეს Open Air-ი იწყება. კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. წელს ფესტივალის სამ სცენას ქართველი, ფრანგი, ბრიტანელი, ნორვეგიელი, იამაიკელი და სხვა ეროვნების მუსიკოსები დაიკავებენ. მზის ჩასვლისთანავე ფესტივალის მთავარ სცენაზე არტისტების ეკლექტიკური ნაზავი დაგხვდებათ, რომლებიც არა მხოლოდ საინტერესო მუსიკით, არამედ სტილითა და ენერგიით გამოირჩევიან. 

TheDiary-ის რედაქცია დღეს ფესტივალის სამოსის ინსპირაციებს გაგაცნობთ, რომელიც თითოეული არტისტის უნიკალურ სტილს შეესაბამება.

AURORA

Aurora ნორვეგიელი არტისტია, რომლის სახელიც, ლათინურად, გარიჟრაჟს ნიშნავს. მომღერალი ნორვეგიული ფოლკლორისა და არტ-ელექტრო პოპის საოცარ ნაზავს ქმნის. Aurora-მ ზუსტად ჩვენს ფესტივალამდე ახალი ალბომი გამოუშვა, სახელად “What Happened To The Heart?”. ალბომი გულგატეხილ, სიყვარულის ქარცეცხლში გახვეულ ადამიანებს ჭრილობაზე მალამოდ მოედება. ნორვეგიელი მომღერალი, თავისი არაამქვეყნიური ხმითაა ცნობილი. სცენაზე Aurora-ს ესთეტიკას მოქნილი ქსოვილები, მიწისფერი ტონები და განსაკუთრებული, One of a kind აქსესუარები ახასიათებს, რომლებიც მის ზღაპრულ პერსონასა და ინტროსპექტულ სიმღერებს იდეალურად ესადაგება.

შეგიძლიათ, ბოჰემური კაბებით, რბილი პასტელის ან მიწისფერ ტონებში გადაწყვეტილი კორსეტებით, მაქმანებიანი ტანსაცმლითა და სანდლებით შეიმოსოთ. Aurora-ს მჭიდრო კავშირი აქვს ბუნებასთან. თქვენი საფესტივალო ლუქი გაახალისეთ ისეთი სამკაულებით, როგორიცაა ფოთლის ფორმის საყურეები ან ყვავილების გვირგვინი.

MASEGO

იამაიკელი მომღერალი ჯაზის, R&B და საცეკვაო რიტმების გასაოცარი მიქსია. იგი მულტიინსტრუმენტული ნიჭითა და ქარიზმატული შესრულებითაა ცნობილია. Masego-ს სტილი კლასიკურისა და თანამედროვეობის ნაზავია. არ მოერიდოთ მკვეთრ ფერებს. გამოიყენეთ მაღალწელიანი შარვალი, ღილებიანი პერანგი საინტერესო დიზაინითა და პატერნებით. თქვენს ლუქს დაამატეთ ფართოფარფლებიანი ქუდი და სათვალე, ფესტივალზე ეს აქსესუარები ყოველთვის გამოსადეგია. კომფორტული ლოფერები ან დახვეწილი სპორტული ფეხსაცმელი მთელი ღამის განმავლობაში ცეკვისთვის იდეალური იქნება.

M.I.A.

M.I.A  რევოლუციის ფერებს აფრქვევს. მისი მუსიკა რეპისა და ჰიპ-ჰოპის ჟანრისაა და პოლიტიკურად დატვირთული ტექსტებით გამოირჩევა. ბრიტანელი რეპერის ჩაცმულობა ხშირად ცოცხალ ფერებს, შერეულ პრინტებს და კულტურულ ელემენტებს შეიცავს. ასე რომ, M.I.A-ს მოსასმენად თუ მიდიხართ, არჩევანი თამამ, ცოცხალი ფერებით სავსე სამოსზე გააკეთეთ. რეპერი არჩევანს ოქროსფერზე, დიდი ზომის სათვალეებზე, სამკაულებზე, თავსაბურავებზე და კაშკაშა მაკიაჟზე აკეთებს.

LA FEMME 

ფრანგულ ჯგუფს - La Femme რეტრო-ფუტურისტული ატმოსფერო შემოჰყავს სცენაზე, თავისი ფსიქო-როკის, ნიუ ვეივის და სინთ-პოპის ნაზავით. მათი ესთეტიკა გასული საუკუნის 60-70-იან წლებში მოგზაურობას ჰგავს. სცენაზე ფერების, ვინტაჟური სამოსის, საინტერესო პრინტების აფეთქებას უნდა ველოდოთ. გირჩევთ არჩევანი მაღალწელიან გაშლილ ჯინსებზე, მოკლე ქვედაბოლოზე, საინტერესო დიზაინის მქონე მაისურსა თუ გეომეტრიული ფიგურებით ინსპირირებულ სამოსზე გააკეთოთ. მოიძიეთ თქვენს კარადაში ვინტაჟური სამოსი, მაღალძირიანი ჩექმები, მრგვალი სათვალეები და ფართო ქამრები.

ზევით