პარიზის ოლიმპიადა 26 ივლისს იწყება. 2024 წელს პარიზში ოლიმპიური თამაშები 100 წლის შემდეგ დაბრუნდება. ამ ზაფხულს საფრანგეთის დედაქალაქი ლონდონის შემდეგ მეორე ქალაქი გახდება, რომელშიც ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ისტორიაში მესამედ ჩატარდა. სულ 329 ღონისძიებაა დაგეგმილი და უმეტესობა მათგანი პარიზში ჩატარდება.
28 ქართველი სპორტსმენის ლიცენზია უკვე მოპოვებულია, მედროშეების ვინაობაც ვიცით და ოლიმპიური ფიციც დადებულია.
საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, ოლიმპიადაში მონაწილეობას მერვედ მიიღებს. სპორტსმენები დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველად 1996 წელს, ატლანტის ოლიმპიურ თამაშებზე გამოვიდნენ, ხოლო პირველი ოქრო და ჩემპიონობა ზურაბ ზვიადაურმა, 2004 წელს ათენში მოიპოვა.
წელს, ქართველი ოლიმპიელები 10 სპორტულ სახეობაში იასპარეზებენ. სპორტსმენებმა ყველაზე მეტი მედალი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადიდან ჩამოიტანეს. 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო - ასეთია ჯერ-ჯერობით მედლების სარეკორდო რაოდენობა. ოლიმპიელებმა პეკინსა და რიოში კი 7-7 მედლის მოპოვება შეძლეს. წლევანდელი მისია ტოკიოს რეკორდის გაუმჯობესებაა.
მედროშეები ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და ნინო სალუქვაძე იქნებიან. ნინო სალუქვაძე ამ ტურნირზე გამორჩეული მონაწილეა, რადგან ის ყველაზე დიდ სპორტულ შეჯიბრში მეათედ მიიღებს მონაწილეობას და ქალებს შორის ამ შედეგით რეკორდსმენი გახდება. შეჯიბრში ის 36 წლის წინ, სეულის ოლიმპიურ თამაშებზე ჩაერთო და ოქროს მედალსაც დაეუფლა.
ბატუტზე ხტომა
ლუბა გოლოვინა, რომელიც 2022 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა, საქართველოს სახელით ოლიმპიურ თამაშებზე მესამედ მიიღებს მონაწილეობას. მისი დებიუტი 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე შედგა, სადაც მან მეექვსე ადგილი დაიმსახურა.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
პარიზის ოლიმპიადა 2024-ზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამი სპორტსმენით გამოვა. მათ შორის არიან რამაზ ზოიძე, ლაშა გობაძე, რობერტ კობლიაშვილი. ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში მედლები 11-5 აგვისტოს გათამაშდება.
თავისუფალი ჭიდაობა
თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს გოდერძი ძებისაშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე, გივი მაჭარაშვილი, გენო პეტრიაშვილი წარადგენენ. გენო პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო სამგზის ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების ორგზის მედალოსანია. გივი მაჭარაშვილის კარიერაში 18 ოქრო, 8 ვერცხლი და 13 ბრინჯაოს მედალი იწერება.
კრივი
ისტორიაში პირველად კრივის სახეობაში საქართველოც იასპარეზებს. პარიზში ლაშა გურული და გიორგი ყუშიტაშვილი მიემგზავრებიან. ლაშა გურული (63.5 კგ) მსოფლიო ჩემპიონატების ორგზის ბრინჯაოს პრიზიორია, კონტინენტის პირველობებზე კი ორჯერ ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ის ასპარეზობას 29 ივლისს დაიწყებს.
მძლეოსნობა
ლიკა ხარჩილავა, 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე “ველური ბარათის” მოპოვებით მოხვდა და მძლეოსნობის დისციპლინაში ერთადერთი ქართველი მოასპარეზე იქნება. ლიკა პარიზში 100 მეტრიან ბილიკზე იასპარეზებს, სადაც პერსონალური რეკორდი 12.16 წამი აქვს.
ტყვიის სროლა
55 წლის ნინო სალუქვაძისთვის ეს ოლიმპიური თამაშები განსაკუთრებულია, რადგან კარიერაში რიგით მეათე დიდი ტურნირი იქნება, რაც ქალთა შორის რეკორდული მაჩვენებელია.
ფარიკაობა
პარიზის არენაზე მოფარიკავე სანდრო ბაზაძე წარდგება და რიგით მესამე ოლიმპიადაზე ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ის უკვე ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი გახლავთ.
ცურვა
ამ სპორტის სახეობაში ქართველმა სპორტსმენებმა ლიცენზიის მოპოვება ვერ შეძლეს, თუმცა “ველური ბარათით” 2 მოცურავე - 15 წლის ანა ნიჟარაზე და ნოე ფანცხავა იასპარეზებენ. ანა ქართული ოლიმპიური დელეგაციის ყველაზე პატარა მონაწილეა. ის და ნოეც ოლიმპიადის დებიუტანტები არიან.
ძალოსნობა
ქართველი ძალოსნები ლაშა ტალახაძე, შოთა მიშველიძე და ირაკლი ჩხეიძე პარიზის 2024 წლის ოლიმპიური ლიცენზიების მფლობელები არიან. ეროვნული ნაკრების წევრებმა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ხუთ სალიცენზიო საერთაშორისო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც ოლიმპიური საგზურისთვის რეიტინგში 10 საუკეთესოს შორის მოხვდნენ. ლაშა ტალახაძე რეიტინგის ლიდერი გახდა, ირაკლი ჩხეიძემ მე-9, ხოლო შოთა მიშველიძე მე-7 ადგილი დაიკავეს.
ძიუდო
ძიუდოში საქართველოს გიორგი სარდალაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, დათო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე, გურამ თუშიშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ეთერ ასკილაშვილი და სოფიო სომხიშვილი წარადგენენ. ძიუდოსთვის 2024 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო და იმედია ასეც გაგრძელდება.
2021 წელს ტოკიოში მოპოვებული რვა მედლიდან ნახევარი ქართველ ძიუდოისტთა ანგარიშზეა. ლაშა ბექაურმა ოქრო მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლი, გურამ თუშიშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა კი ბრინჯაოს მედლები აიღეს.
პარიზის ოლიმპიური ჩემპიონი საქართველოს მთავრობისგან მილიონ ლარს მიიღებს. ვიცე ჩემპიონი 500 000 ლარს, ხოლო ბრინჯაოს მფლობელი 250 000 ლარით დაჯილდოვდება.
ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ჩენინგ ტატუმი და ნაომი აკი ასრულებენ, აგვისტოში გამოვიდა, თუმცა პოპულარობა P. Diddy-ს სკანდალის ფონზე მოიპოვა. სოციალურ ქსელებში რეპერსა და ჩენინგ ტატუმის პერსონაჟ, სლეითერ კინგს შორის ავლებენ პარალელს.
გოგონებო, პრინცესას კაბები მოამზადეთ, დედოფალი მია თერმოპოლისი მალე ისევ ეწვევა თავის სამეფოს. უკვე დიდი ხანია ვიცით, „პრინცესას დღიურები“ ტრილოგიით ბრუნდება, თუმცა არ იყო ცნობილი ვიხილავდით თუ არა მასში ენ ჰეთევეის. რამდენიმე დღის წინ კი, მსახიობმა თავად გაგვიზიარა ემოციები მესამე ნაწილში მონაწილეობის შესახებ.
რომან დოლიძისა და კევინ ჰოლანდის ბრძოლა მხოლოდ ერთი რაუნდი გაგრძელდა, რადგან ჰოლანდმა ნეკნის დაზიანება მიიღო. გამარჯვების შემდეგ, რომანმა UFC-ის მიმართა, რომ შემდეგი ბრძოლა დეკემბერში სურს.