#სპორტი

საქართველოს მოგზაურობა გრძელდება - ეროვნული ნაკრები ესპანეთთან შესახვედრად ემზადება

გაზიარება:

| ანა ციხელაშვილი |

საქართველოზე საუბარი არ წყდება, ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების ღირებულება ყოველდღიურად იზრდება და მომავალი სეზონისთვის, მათ დიდ ევროპულ გუნდებში აუცილებლად ვიხილავთ. თურქეთთან მარცხის, ჩეხეთთან ფრესა და პორტუგალიასთან მოგების შემდეგ, საქართველო ფლეი-ოფში გავიდა და 30 ივნისს ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. 

ფიფას რეიტინგის მიხედვით, ვილი სანიოლის გუნდმა ევროს ისტორიაში ყველაზე დიდი შოკი გამოიწვია. უკვე ყველა ხვდება, რომ ბედისწერის კი არა, ჩვენი ფეხბურთელების თავდაუზოგავი და თამამი თამაშის დამსახურებაა ის, რომ ამ შედეგზე გავედით. შესაბამისად ესპანეთის ნაკრების დამარცხებაც ძალიან რეალური ჩანს. ჩანს რა, არის!

ესპანეთის ნაკრები B ჯგუფიდან უპირობო გამარჯვებებით გავიდა, ყველა მატჩი მოიგო და თავის კარში არცერთი გოლი არ გაუშვია. ესპანელები 30 ივნისს ქართულ მხარესთან შერკინებისთვის ემზადებიან. ორივე გუნდს მეოთხედფინალში გასვლა უნდა, რომელშიც 30 ივნისს გამარჯვებული, გერმანიასა და დანიის ჯგუფის გამარჯვებულს შეხდება. კიდევ ერთი ისტორიული მატჩი კიოლნის სტადიონზე გაიმართება. 

ესპანეთის მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ, ალბანეთთან წინა მატჩში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა და გუნდის ძირითადი წევრების უმეტესობა დაასვენა. ძირითადი მოთამაშეები, როგორიცაა ნიკო უილიამსი, პედრი, ლამინ იამალი (რომელიც მხოლოდ 16 წლისაა) და ალვარო მორატა ბრძოლის ველზე დასაბრუნებლად მზად არიან.

საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა ანზორ მექვაბიშვილი, რომელიც სავარაუდოდ ნახევარდაცვაში ითამაშებს. პორტუგალიასთან შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ გიორგი გველესიანი დაცვაში თავის ადგილს შეინარჩუნებს. საქართველოს შეტევას კი კვლავ კვიჩა კვარაცხელია და ბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე უხელმძღვანელებენ.

ესპანეთი და საქართველო ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე უკვე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, სადაც ესპანეთმა ორივე მატჩი საერთო ანგარიშით 10-2 მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ევრო 2024-ზე თამაში შთამაგონებელი და ინსპირაციული იყო, ესპანეთის დამარცხება ახლა ასმაგ ძალისხმევას მოითხოვს.

მაგრამ თავიდან, არავის ეგონა, გიორგი მამარდაშვილი კრიშტიანუ რონალდუს უძლიერს დარტყმას ასე იდეალურად თუ მოიგერიებდა. არც იმას, კვარადონა პირველივე წუთებში გოლს რომ გაიტანდა. ასე რომ, არაფერია გამორიცხული, რადგან საქართველოს ნაკრები ჩვენს გაოცებას არ წყვეტს.

საქართველოს ნაკრებმა ამ ადგილის მოსაპოვებლად უამრავი იშრომა. ეს არის ეროვნული ბრძოლა, რომელსაც ქართველები გულით უდგებიან. გულიდან წამოსულ ჟინს კი ვერავინ და ვერაფერი შეაკავებს.

 

ზევით