#მხატვრობა

სინათლით მანიპულაციის ძალა ჯეიმს ტურელის შემოქმედებაში

გაზიარება:

როდესაც ხელოვანი ჯეიმს ტურელი ახალგაზრდა ბიჭი იყო, ბებიამ მას რამდენიმე რჩევა მისცა იმის შესახებ, თუ რა უნდა გაეკეთებინა შეხვედრებზე, რომლებსაც ქუაკერების ოჯახი დაესწრებოდნენ: „შედი შიგნით და მიესალმე სინათლეს“. როგორც ჩანს, მისმა სიტყვებმა ღრმად გაიდგა ჯეიმსის გონებაში ფესვები. დღეს ტურელი პრაქტიკულად, სინათლის ხელოვნების სინონიმად არის მიჩნეული; ამერიკელ ხელოვანს, რომელიც 1960-იანი წლებიდან მუშაობდა სინათლის, ფერისა და სივრცით ინსტალაციებზე, თანამედროვე მიქელანჯელოსაც კი უწოდებენ.

„ჩემი ნამუშევარი ეხება სივრცეს და სინათლეს, რომელიც მასში ბინადრობს. საუბარია იმაზე, თუ როგორ უპირისპირდებით ამ სივრცეს, ყველაფერი თქვენი აღქმის უნარზეა დამოკიდებული, უსიტყვო აზრში ძიების პროცესზე, როგორც ეს ცეცხლში ყურებიდ დროს ხდება“ - ჯეიმს ტურელი.

სინათლის ოსტატი, თანამედროვე მხატვარი, მოქანდაკე, ფსიქოლოგი და პილოტია - ჯეიმს ტურელის სახელს არა ერთი მნიშვნელოვანი რეგალია უკავშირდება, თუმცა ჯეიმსი სამყაროსთვის, პირველ ყოვლისა, ხელოვანის სახელით გახლავთ ცნობილი. ტურელის 80-ზე მეტი ინსტალაცია, 26 ქვეყანაშია მიმოფანტული.

„ვფიქრობ, ჩემი ნამუშევრები ბევრად უკეთესია, ვიდრე ჰალუცინოგენური ნარკოტიკები, რადგან თქვენ შეგიძლიათ ნახოთ და დაუკავშირდეთ იმას, რასაც რეალურად განიცდით“ - ჯეიმს ტურელი.

ჯეიმს ტურელის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია როდენის კრატერი - მსოფლიოში უდიდესი ხელოვნების ნიმუში არიზონას უდაბნოში ჩამქრალ ვულკანში. მან კრატერი - ოთხასი ათასი წლის და სამი კილომეტრის სიგანის - 1979 წელს შეიძინა და მას შემდეგ იგი მთელი ცხოვრების ხელოვნების პროექტად იქცა. ის აშენებს უზარმაზარ ობსერვატორიას, რომელიც ხელს უწყობს ცის სინათლის თვისებების შესწავლას ოცდაოთხი საათის განმავლობაში.

ტურელი ასევე ცნობილია თავისი ცის სივრცეებით, რომელთაგან პირველი შეიქმნა 1975 წელს. ტურელის ფერადი სივრცითი ინსტალაციები წააგავს სამგანზომილებიან სინათლის ნახატებს, სადაც ის, თანამედროვე მიქელანჯელოს მსგავსად, აკავშირებს მიწიერს ციურთან: სხეულს და გრძნობებს, გონებასა და აზრს.

„ამ მღელვარე დროში, კრეატიულობა და თანაგრძნობა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე, განხეთქილების გადასალახად და გადაწყვეტილებების მოსაძებნად. Artnet News-ის Art and Empathy Project არის მიმდინარე გამოძიება იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ხელოვნების სამყაროს ხელი შეუწყოს ემოციური ინტელექტის გაძლიერებას, კრეატიულების, აზროვნების ლიდერებისა და ხელოვნების შესანიშნავი ნაწარმოებების იდეებისა და შთაგონების მიღებას“ - ჯეიმს ტურელი.

ზევით